ინტერვიუ მეგობრებთან. საუბარი ქვრივ ქალბატონთან. . . პირად ცხოვრებაზე

თქვენ მოითხოვეთ, რომ არ მიმენიშნებინა ნამდვილი სახელი. თქვენი ნებაა. ეს არ გახლავთ მთავარი. ჩვენ საკმაოდ მტკივნეულ თემას ვეხებით, დარწმუნებული ვარ, გულწრფელად ვისაუბრებთ

-კი, რა თქმა უნდა.

- ახლა გადავიდეთ საქმეზე. როგორც გავიგე და ვხედავ კიდეც, თქვენ საკმაოდ წარმატებული ქალბატონი ბრძანდებით. ერთ დროს სიყვარულით გათხოვდით, მაგრამ ბედნიერ ოჯახს არ ეწერა დიდხანს არსებობა, მეუღლე დაგეღუპათ. წლების განმავლობაში ფაქტიურად მარტო უძღვებით ოჯახს. გაქვთ სამსახური, განაგებთ პატარა ბიზნესს, გყავთ შვილები, სულ მუდამ ფორმაში ხართ, მაგრამ არ გაქვთ პირადი ცხოვრება ანუ, მოკლედ და კონკრეტულად თუ ვიტყვით, არ გყავთ გვერდით მამაკაცი. რამდენადაც ორიოდე სიტყვით უკვე გამიმხილეთ, ეს არა იმის გამო, რომ არ გაქვთ ამისი სურვილი, არამედ იმიტომ, რათა თქვენი შვილები, ბიჭები(!!) ამას ვერ აიტანენ და ვერ მიიღებენ ნორმალურ მოვლენად. რატომ?

- დარწმუნებული ვარ, საკმაოდ ბევრია ჩემნაირი ქალი, რომელიც პირად ცხოვრებას, პირადი ურთიერთობების გაბმას ვერ ბედავს გარშემომყოფების, კერძოდ ოჯახის წევრების გამო. უკვე დიდი ხანია, რაც დავქვრივდი, კიდევ კარგი, აღმომაჩნდა იმისი ძალა და ნებისყოფა, რომ არ გადავყოლოდი დეპრესიას და ცხოვრება გამეგრძლებინა; მე ხომ შვილები მყავდა გასაზრდელი. უმუშევარი არც მანამდე ვყოფილვარ, მაგრამ გადავწყვიტე, უფრო გავაქტიურებულიყავი და საქმიანობის არე გამეფართოვებინა. დედამთილი ხელს მიწყობდა, ბავშვებს უვლიდა, შვილზე დარდს მათზე ზრუნვაში კლავდა.

- ანუ, ერთი შეხედვით, ყველაფერი რიგზე იყო....

- ვერ ვიტყვი, ძალიან დიდხანს გამყვა მეუღლეზე დარდი და ეს ბუნებრივია, როგორი გადასატანია, სიყვარულით შექმნილ ოჯახს ასეთი უბედურება რომ ეწვევა. დიდი ხანია დამჭირდა შიკიდან გამოსასვლელად. ხშირად, ბავშვებს რომ არ გაეგოთ, ჩუმად ვტიროდი. დარდს და ვარამს მათზე ზრუნვასა და საქმეში ვიკლავდი.

- და ეს კარგა ხანს გრძელდებოდა, როგორც ვიცი. . .

- სანამ ბიჭები არ წამოიზარდნენ, უფროსმა სკოლა დაამთავრა, სტუდენტი გახდა, უმცროსი მეათეში გადავიდა. ცხოვრებამ თავისი ქნა, ბავშვების მომავალზე და მათთვის გამოდგომაზე ფიქრმა მაიძულა, თავისთვის მიმეხედა, ისევ ფორმაში ჩამვდგარიყავი, რადგან სხვანაირად არ შეიძლება.

- და ასევე თქვენს პირად ცხოვრებაზეც გეფიქრათ... ქვრივობა საშინელებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ქალმა თავის თავს მარტოობა მიუსაჯოს. . .

- და მე ასე გამომივიდა. ხუმრობის დონეზე თუ ყოფილა დასმული ეს საკითხი სტუმრებისა თუ ახლობლების მხრიდან, მაგრამ ეს ისე, თან თვალების ბრიალიც რომ მოჰყვებოდა, აბა, მართლა გაბედე, ნახე რა დღე დაგადგებაო. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ეს თემა განხილულ იქნას დედამთილთან, ვგულისხმობ ნათესავებს და ჩემი და ჩემი გარდაცვლილი მეუღლის საერთო მეგობრებს. მხოლოდ ძალიან ახლო დაქალმა იცოდა, რომ მეც უკვე აღარ მინდოდა მარტოობა და მსურდა ვინემ გამეცნო ამ სიცარიელის შესავსებად.

- და სევე თქვენ გაჩერებდათ შვილები. . .

- ამაზე ხომ ზედმეტია საუბარი. მათ ვერც კი წარმოუდგენიათ, ჩემს გვერდით ვინმე კაცი დაინახონ, უფროსმა ერთხელ ვითომ ხუმრობით მითხრა, შენს შვილობაზე უარს ვიტყვი, დედა აღარ იქნებიო, უმცროსმა დაუდასტურა. ეს მენტალიტეტი გახლავთ გამეფებული ოჯახში.

- და ამას უნდა გადააყოლოთ თქვენი დარჩენილი ცხოვრება?

- ვერ გეტყვით, რომ ასე მაქვს კატეგორიულად გადაწყვეტილი, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო, ვერ ვბედავ ვერავის გაცნობას. თუმცა ბევრ ნორმალურ, კარგ ადამიანს გამოუთქვია ამისი სურვილი. როგორ, რანაირად, რა გზით?? ვერ წარმომიდგენია.

- როგორ რა გზით, როგორც ხდება, გაეცნობით, ისაუბრებთ. . .

- მაგაშია საქმე, რომ მაგდენსაც ვერ ვახერხებ. ასე მგონია, ვიღაცა მითვალთვალებს, ჯაშუშივით აკონტროლებს ჩემს ყოველ ნაბიჯს. ვაითუ ქმრის ნათესავმა ან მეგობარმა მომკრას თვალი სადმე. მაშინვე ჩემი დედამთილიც გაიგებს, ასე მგონია, მერე ბიჭების ყურამდეც მივა და კარგად მეყოლე, ისევ გავუბედურდები, ქმარი ხომ დავკარგე ახალგაზრდამ, ახლა შვილებსაც დავკარგავ. . .

- ცოტა უცნაურია, მართლაც რომელი საუკუნეა.. ხომ უნდა ფიიქროთ თქვენს თავზე.

- საუკუნე ყოველთვის ვერ წყვიტავს და ვერ ამართლებს საზოგადოებრივ აზრს და მიდგომას. ეს ოფიციალურად, თორემ ცალკე აღებული შემთხვევებში უამრავი ჩემნაირია, რომ ოჯახის წევრების, ნათესავების, იმის და ამისი მეგობერბის გამო იკლავს თავის თავში ქალს და მათი კონტროლის შიშით მარტო რჩება.

- შვილებსაც თავისი პირადი ცხოვერბა ექნებათ, დაოჯახდებიან, ეყოლებათ საყვარელი მეუღლეები. მათ ხომ უნდა იფიქრონ, რომ დედას სჭირდება ასევე პირადი ბედნიერება. თქვენი მათი სიხარულით იხარებთ, მაგრამ ეს ხომ არაა საკმარისი სრული ბედნიერებისათვის.

- გეთანხმებით, რასაკვირველია. ეს მეც კარგად ვიცი. დაოჯახდებიან, არცაა ალბათ დიდი დრო მაქამდე დარჩენილი, მაგრამ ალბათ ჩემს მიმართ იგივე პრეტენზია ექნებათ....

- ბოდიში, მაგრამ ხდება ხოლმე, რომ დედა თუ გვიან, საყვედურის კილოთი იტყვის, თქვენ შემოგწირეთ ცხოვრებაო, შვილი მოუბრუნდება და მე რას მიყურებდი, მიგეხედა შენი საქმისთვისო - პასუხობს, არ გიფიქრიათ ამაზე?

- ეგეც ვიცი ჩემო კარგო, მასეთების მეტი რააა, მაგრამ მაინც ვერ ვაბიჯებ იმ მოჯადოებულ წრეს, რაშიც ვარ. ყველაფერი კარგია ბრწყინვალე, შვილები, ძალიან კარგი მეგობრები, მაგრამ გვერდით გინდა ადამიანი, შენი მეორე ნახევარი, ქმარი ერქმევა თუ რა, არ აქვს მნიშვნელობა, რომელიც შენთვის იქნება, რომელთანაც ისაუბრებ ყველაფერზე, მათ შორის შვილებზე, და თუ რამე პრობლემის წინაშე დადექი, ერთად მოძებნით და მიაგნებთ გამოსავალს, მაგრამ არ ესმის ეს ბევრს.

- ან ესმის და თვალს ხუჭავს.

- მართალი ბრძანდებით. ასეა და მორჩა. მოვიყვან მაგალითს. ჩემი ნათესავის მეზობელი, რომელმაც ასევე დიდი ხანი გაატარა გლოვაში და გარკვეული ხანის მერე სცადა პირადი ცხოვრებისათვის მიეხედა, საშინელი ლანძღვისა და განკითხვის საგანი გახდა დაღუპული ქმრის მეგობრების მხრიდან. მეგობრების და არა ნათესავების. "როგორ, ...-ს ქვრივი? თმა შეუღებია?კარგად გამოყურება? რაშია საქმე? მაგას ჭკუა ხომ არ ვასწავლოთ..."

- საშინელებაა. . .

- დიახ, საშინელება. წლისთავზე ხომ არ მომხდარა ეს ამბავი, წლების მერე და ვერ აიტანეს, მგლოვიარს და ძაძებში გახვეულს რომ არ ხედავდნენ. ეს ხომ ბოროტებაა და მეტი არაფერი.

- როგორი იყო მისი რეაქცია?

- არანაირი. ჩემზე გაცილებით ყოჩაღი გამოდგა. არავისი საქმე არაა, მე როგორ გამოვიყურები, ჩემი თავი მომწონს ასეთი და მორჩა, და თუ რამე მოხდა მართლაც ჩემს ცხოვრებაში, არც მაგაში ჩავაყოფინებ ვინმეს ცხვირსო, - ამ სიტყვებით გამოისტუმრა პიროვნება, რომელიც "კეთილმოსურნეთა" მხრიდან გახლდათ მისული.

- ანუ შეიძლება მიუთითო ყველას თავის ადგილზე, ასევე უნდა შეძლოთ თქვენც. . .

- არ ვიცი, არ ვიცი, ვერ გეტყვით, ძალიან ძნელია, ჯერ ვერ წარმომიდგენია, ალბათ არ ვარ მზად.


ქალბატონმა ნაღვლიანი მზერით დაასრულა საუბარი... და მართლაც ძალიან ბევრია მისი მსგავსი მარტოსული, ვინც საზოგადოებრივი აზრის, ნათესავებისა და შვილების შიშით ვერ ბედავს გადადგას ნაბიჯი ცხოვრებაში და თავს იმით იმართლებს, რომ ვერ შეძლებს, ვერ გაბედავს, სიტუაცია უკრძალავს, სჯობს მარტო იყოს, ან არაა მზად, მაგრამ საზოგადოება ხომ მუდამ მზადაა განკითხვისათვის. . .image


10-03-2019 20:52
წყარო: intermedia.ge