ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის განცდა

ოქსფორდის განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, კარგად ყოფნა გულისხმობს ინდივიდის ისეთ მდგომარეობას, როდესაც იგი თავს კომფორტულად, ბედნიერად და ჯანმრთელად გრძნობს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა განისაზღვრება, როგორც კარგად ყოფნის მდგომარეობა, როდესაც ინდივიდი აანალიზებს საკუთარ შესაძლებლობებს, აქვს ნორმალურ სტრესულ ცხოვრებისეულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი, შეუძლია პროდუქტულად ფუნქციონირება და გარკვეული წვლილის შეტანა იმ საზოგადოების ცხოვრებაში, რომლის წევრსაც წარმოადგენს.

image

მრავალმა კვლევამ ცხადყო კარგად ყოფნის კავშირი ადამიანთა ცხოვრების ისეთ უმნიშვნელოვანეს ასპექტებთან, როგორიცაა კმაყოფილების განცდა, ოპტიმიზმი, თვითშეფასება, საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის აღება, მიზნების ქონა, მიკუთვნებულობის განცდა და მხარდაჭერა.
კარგად ყოფნა გულისხმობს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ კარგად ყოფნას, რომელთაგან თითოეულს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის ეფექტური ფუნქციონირებისთვის. ფიზიკურ აქტივობებს, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებას უზრუნველყოფენ, შეუძლიათ ინდივიდის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ადამიანები, რომლებიც ფიზიკურ კარგად ყოფნას განიცდიან ნაკლებად ახორციელებნ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ აქტივობებს.
image

ფიზიკურ კარგად ყოფნასთან ერთად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის განცდას. ამ საკითხის ირგვლივ მრავალი თეორია იქნა შემუშავებული. ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მოდელი ეკუთვნის რიფსა და მის კოლეგებს (1995), რომლებიც შენიშნავენ, რომ ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის მდგომარეობა უფრო მეტია, ვიდრე დისტრესისგან ან სხვადასხვა ფსიქიკური პრობლემებისგან თავისუფლად ყოფნა. მათ შემოგვთავაზეს ექვს განზომილებიანიმოდელი, რომელიც განსხვავებულ კომპონენტებს აერთიანებს. მაღალი მაჩვენებლები ამ განზომილებებზე დაკავშირებულია ფსიქოლოგიურ კარგად ყოფნასთან. აღნიშნული განზომილებებია:
ავტონომია - უნარი წინააღმდეგობა გაუწიო სოციალურ ზეწოლას და დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილებები.
ცხოვრებისეული მიზანი - ინდივიდისეული რწმენა იმისა, რომ მისი ცხოვრება მიზანმიმართული და აზრიანია.
პოზიტიური სოციალური ურთიერთობები - შესაძლებლობა დაამყარო თბილი, გულახდილი და დამაკმაყოფილებელი ურთიერთობები გარშემომყოფებთან.
პიროვნული ზრდა - მიემართება ინდივიდის განცდებს იმასთან დაკავშირებით, რომ იგი პიროვნულად ვითარდება, იზრდება და ავლენს გამოცდილებისადმი ღიაობას.
გარემოს კონტროლი - დაკავშირებული ინდივიდის შესაძლებლობებთან ეფექტურად მართოს როგორც საკუთარი ცხოვრება, ისე გარემოში მიმდინარე მოვლენები.
საკუთარი თავის მიმღებლობა - გულისხმობს ინდივიდის მიერ საკუთარი თავისა და განვლილი ცხოვრების დადებითად შეფასების ტენდენციას.

10-03-2019 21:43
წყარო: intermedia.ge