სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები, როგორც სტიგმატიზაციის სამიზნე

image

როგორც ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია განმარტავს, “სექსუალური ძალადობა არის არასასურველი სექსუალური აქტივობა მოძალადის მხრიდან, რომელიც იყენებს ფიზიკურ ძალას, მუქარას ან უპირატესობას მსხვერპლზე, რომელსაც არ ძალუძს ნებართვის გაცემა”. 2018 წლის ეროვნული კვლევის მიხედვით, რომელიც „გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ერთობლივად გამოსცეს, თუ ძალადობის ყველა ფორმას გავაერთიანებთ, ოთხიდან ერთ ქალს საქართველოში ცხოვრების განმავლობაში გენდერული ნიშნით ძალადობა განუცდია“, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია წინა წლებში ჩატარებულ კვლევებთან შედარებით. გაზრდილი სექსუალური ძალადობის რაოდენობისა და სიმძიმის გამო, ეს საკითხი აქტუალური გახდა და შეიქმნა ქალთა მხარდასაჭერი მრავალი ისეთი სოციალური წყარო, მაგალითად როგორიცაა „ქალები საქართველოდან Women of Georgia”. ყოველთვის იქცევდა ყურადრებას საზოგადოება, როგორც დიდი ჯგუფი, რომელსაც შეუძლია ამ ჯგუფის ცალკეული წევრების ცხოვრება ან ტანჯვად აქციოს ეგოს ინტეგრირებულობის სრული დარღვევით და არაჯანსაღი თვით-ხატის წარმოქმნით(Allport, Crocker & Major, 1989), ან პირიქით, სიამოვნებად. როგორც გოფმანი განმარტავს, „სტიგმატიზირებული პიროვნება არის ადამიანი ვისი სოციალური იდენტობა ან რაიმე სოციალურ კატეგორიაში მიკუთვნებულობა ეჭვქვეშ აყენებს მის ადამიანურობას - ეს პიროვნება არის გაუფასურებული, „დაზიანებული“ ან ნაკლული სხვების თვალში.“ იმის საფუძველზე, რომ სტიგმატიზატორი სამიზნეს სხვადასხვაგვარად ექცევა იქნება ეს თავის არიდება, დეჰუმანიზაცია, დაცინვა, გარიყვა თუ სხვა, შეგვიძლია ვიმსჯელოთ სტიგმის რაობასა და მნიშვნელოვნებაზე პერსონალურ, ინტერპერსონალურ და სოციალურ დონეზე. ქვემოთ განხილული შემთხვევები მნიშვნელოვანია მათი უნიკალურობისა და სოციუმზე იმ ზემოქმედების გამო, რომელიც მათ გამოიწვიეს. გოფმანი (1963) განასხვავებდა სტიგმის სამ სახეს: 1. „სხეულის სიმახინჯეები“, 2. გვაროვნული/ტომობრივი იდენტობები და 3. ინდივიდუალური ხასიათის ნაკლოვანებები, საიდაც ჩემი ნაშრომისთვის შერჩეული სტიგმა მესამე კატეგორიას მიეკუთვნება. საინტერესოა ჯონსისა და მისი კოლეგების (1984) მიხედვით გამოყოფილი სტიგმატიზირების 6 განზომილებაც, რომლის მიხედვით, აღნიშნული სტიგმა დამალული, ანუ ნაკლებად ხილულია უცხო ადამიანისთვის, რაც ნაკლებ ალბათურს ხდის მისი მატარებელი ადამიანის სტიგმატიზირებას. მაგალითად ფიზიკური დეფორმაციები, კანის ფერი ან რასა მეტ-ნაკლებად ერთი შეხედვითაც ჩანს, რაზე დაყრდნობითაც შესაძლოა ადამიანმა რაიმე ნაადრევი დასკვნა გამოიტანოს, ხოლო პირი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია თუ არა ფიზიკური კვალის არარსებობის შემთხვევაში მანამ ვერ გავიგებთ, სანამ თავად არ გვეტყვის. ეს განზომილება იმაზეც მოქმედებს, რა სახის გამკლავების სტრატეგიებს იყენებს სამიზნე და საერთო ჯამში რა ინტენსივობის ძალისხმევას დებს მასში. მიუხედავად იმისა, რომ ორივე რესპოდენტს, რომელთაც თავიანთი ამბების დამალვა შეეძლოთ, ისინი ამაზე ხმამაღლა საუბარს ამჯობინებდნენ და მზად იყვნენ ე.წ „მეორადი თავდასხმისთვის“, რომელიც საზოგადოებისგან შეფასების სახით წამოვიდოდა. ამ შემთხვევაში უკვე მნიშვნელოვანი ხდება „წარმომავლობისა“ და საფრთხის განზომილება, რომელთა თანახმად, ადამიანები ყოველთვის ინტერესდებიან რამ გამოიწვია ეს ნიშანი, მიუძღვის თუ არა რაიმე პასუხისმგებლობა ინდივიდს მის ტარებაში, ანუ რამდენად კონტროლირებადია და მასთან ურთიერთობის შემთხვევაში ემუქრებათ თუ არა სხვებს საფრთხე, კერძოდ გადამდებია თუ არა, ან იდეოლოგიური წინააღმდეგობისას იმას შიშობენ, რომ საკუთარი ჯგუფის წევრები სტიგმატიზირებულის გავლენის ქვეშ მოექცევა და მიბაძავს. გარდა ამისა, ერთი ჯგუფის მიერ მეორის სტიგმატიზირება ხშირად იმის გამოც ხდება, რომ სხვისი გაუფასურების ხარჯზე საკუთარი პირადი ან ჯგუფის უპირატესობების წარმოჩენა ამაღლებს როგორც თვითშეფასებას, ისე სოციალურ სტატუსს ან გავლენას. ასევე, ინტერვიუს მსვლელობისას ორივე გოგონას შემთხვევაში გამოიკვეთა ისეთი მომენტები, რომლებშიც ნათლად იკითხება საზოგადოების დამოკიდებულებები, მაგალითად შემდეგ ფრაზებში: „არ ხარ შენ სახლის გოგო“. „ალბათ საბაბი მისცა“, „რომ არ ნდომოდა თვითონ, ისე ვინ მოიტაცებდა“. ეს და სხვა მრავალი მსგავსი დამოკიდებულება თუ შემთხვევა ადასტურებს სახელმძღვანელოში წარმოდგენილ ლერნერის (1980) მიერ განხილულ მოსაზრებას „სამართლიანი სამყაროს“ შესახებ, რომლის მიხედვითაც ადამიანებს ხშირად სჯერათ, რომ ყველაფერი მომხდარი სამართლიანია და რომ „ადამიანები იღებენ იმას, რასაც იმსახურებენ და იმსახურებენ იმას, რასაც იღებენ“. ამ და სხვა მაგალითების საფუძველზე, ჩემი აზრით, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის საკითხიც, რომ ადამიანების უმრავლესობას კოგნიტური სიძუნწე ახასიათებს და სიტუაციისა თუ მეორე ადამიანის შეფასების დროს ნაკლებად ვალიდურ და ზედაპირულ ინფორმაციას ჯერდება სადაო აღარ არის და გასაგებია ის მიზეზები, რატომაც ასტიგმატიზირებენ სხვებს. ვფიქრობ, რომ ეს სიტუაციები სრულად მიესადაგება „ძლიერი შიშის მენეჯმენტის თეორიას“(terror management theory)(Solomon, Greenberg, & Pyszczynski, 1991), ვინაიდან ეს ისტორიები ხალხს ახსენებს მათი დაუცველობისა და იმ ალბათობის არსებობის შესახებ, რომლის მიხედვით მათაც შეიძლება იგივე დაემართოთ. იმისათვის, რომ შემცირდეს ამ ფიქრისგან გამოწვეული შფოთვა, საჭიროა „შენსა“ და „მას“ შორის სხვაობის პოვნა, რაც იქნება მიზეზი იმისა, თუ რატომ ხარ შენ დაზღვეული მსგავსი პრობლემისგან. ამ გოგონების შემთხვევბში კი ზუსტად ანალოგიურ სტრატეგიასთან გვაქვს საქმე, კერძოდ ერთ-ერთი რესპოდენტი ყვება როგორ იღებდა ისეთი შინაარსის კომენტარებს, როგორებიცაა „მანდ რომ გადადიოდი აბა რა გეგონა“, „ხომ გეუბნებოდი ღამით ფეხით ნუ დადიხარმეთქი“ და სხვა.

საინტერესოა ის ხერხებიც, რომლებიც სტიგმასთან საბრძოლველად გამოიყენება ხოლმე. კროკერის(1998), გოფმანის(1963), მილერისა და მეიჟორის მიხედვით, სტიგმატიზირებული ადამიანები ფსიქოლოგიურ სტრესთან გასამკლავებლად ისეთივე სტრატეგიებს იყენებენ, როგორებსაც არასტიგმატიზირებულნი. ამასვე ადასტურებს ჩემი ორივე რესპოდენტის მონათხრობი და ფსიქოლოგი, რომელსაც ვესაუბრე. საბოლოო ჯამში, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის მხარდაჭერა აღმოჩნდა, რომელსაც ყველაზე ახლო ადამიანებისგან ელოდებიან ხოლმე. როგორც ფსიქოლოგი ამბობს, ძირითად შემთხვევებში ყველაზე მტკივნეული მსხვერპლისთვის ის იმედგაცრუება და საზოგადოების ზეწოლაა, რაც ფაქტს მოჰყვება ხოლმე. ერთ-ერთი რესპოდენტიც მსგავს შეხედულებას იზიარებს და ამბობს:“თავად გაუპატიურება უფრო ადვილი გადასატანია, ვიდრე საზოგადოებრივი წნეხი. ჩემ შემთხვევაში იმან უფრო იმოქმედა, ჩემმა ახლობლებმა რა ქნეს და თქვეს“. შესაბამისად განსხვავდება კიდეც მსხვერპლთა ქცევა და ფსიქოლოგიური მდგომარეობაც. კროკერისა და ქუინის (Crocker and Quinn, 1998) მიხედვით, სტიგმატიზირებულნი თვითშეფასების დაცვისა და გაძლიერებისთვის სხვადასხვა ფსიქოსოციალურ გზებს მიმართავენ. „self-categorization” თეორიის მიხედვით(Hogg, Oakes, Reicher, & Wetherell, 1987), კონტინიუმის რომელი მხარის, პიროვნული იდენტობის თუ სოციალური იდენტობის მიხედვით იმსჯელებ განსაზღვრავს პიროვნების შემდგომ ქმედებას. მაგალითად, ერთ-ერთი გოგონას შემთხვევაში იქიდან გამომდინარე, რომ მისი თვითაღქმა ეფუძნებოდა მკაფიო პიროვნულ იდენტობას, მისი ინდივიდუალური საჭიროებები, სტანდარტები, რწმენები და მოტივები უპირატესი იყო საზოგადოების კოლექტიურ მიზნებთან, მოთხოვნებთან და საჭიროებებთან შედარებით, რამაც განაპირობა მის მიერ ადაპტური გამკლავების სტრატეგიების არჩევა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნება. იმის გამო, რომ ბევრი ისეთი ადამიანი არ დაუდგა რთულ სიტუაციაში გვერდით, რომლებისგანაც ამას ელოდებოდა, როგორც თავად ამბობს მარტო დარჩა, თუმცა „თურმე მარტოობა არც ისეთი ცუდია, როგორც ამას ხატავენ“. ყვება, რომ პირველად წავიდა კინოში, დაიწყო მარტომ სეირნობა, რამაც საშუალება მისცა „ჰარმონია ეპოვნა საკუთარ თავთან“.

აღმქმელის მხრიდან აფექტური პასუხები და ქმედებები, ვფიქრობ ზოგადად უფრო დიდ მასაში გავრცელებულ ტენდენციებზე და მენტალიტეტზე მიუთითებს. მაგალითად, ერთ-ერთი რესპოდენტის შემთხვევაში საინტერესო იყო ის, რომ მის გარშემო ძირითადად ამ გოგონასგან ტირილს, ცუდად ყოფნას და მის გაუბედურებას ელოდნენ. როგორც თავად ამბობს, „თითქოს ცოტა ცუდად, უცნაურად მიყურებდნენ რომ არ ვტიროდი. დაღლილმა ერთხელ პოლიციაში მაგიდაზე თავი რომ ჩამოვდე ისე მკითხეს უი ტირიო, თითქოს გაუხარდათ. იცი რა არის? თუ მეორე დღეს მუსიკას უსმენ, ესე იგი არ გაწუხებს. ეს ხო სისულელეა“. ალბერტ კამიუ თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში „უცხო“ შესანიშნავად გადმოსცემს საზოგადოების მსგავს ქცევით ნორმატივებსა და მათგან დევიანტურ ქმედებების შეფასებებს. როცა წიგნის მთავარ პერსონაჟს გარდაეცვლება დედა და პანაშვიდისა და დაკრძალვის დროს არ ტირის, მის გარშემო მყოფნი მას უხეშ ადამიანად თვლიან და მიიჩნევენ, რომ დედა სულაც არ უყვარდა, არც დიდად აწუხებს მომხდარი და ალბათ ამიტომაც იყო, რომ მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობდა. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეუძლებელია რომელიმე მხარის მეორისგან დამოუკიდებლად განსჯა, ვინაიდან ერთი იწვევს მეორის ემოციურ და ბიჰევიორალურ პასუხს. სტიგმატიზატორისა და სტიგმატიზირებულის ურთიერთობა უფრო მეტად კომპლექსური და ჯაჭვურია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების უმრავლესობა მსხვერპლს თავისებურად უთანაგრძნობს და კარგი უნდა მისთვის, ვერც კი აცნობიერებს იმ ნეგატიურ გავლენას და შედეგებს, რაც მათ ნათქვამს ან ქმედებას მოჰყვება. სტიგმატიზაციის ნეგატიური გავლენა აისახება ინდივიდის არა მხოლოდ ფიზიკურ მხარეზე, არამედ ფსიქოსოციალურ მდგომარეობაზეც. ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მთავარ საიტზეც ნახსენებია თუ რას მოიცავს გრძელვადიანი სიმპტომები, კერძოდ შფოთვას, შიშს და პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას, რასაც გვიდასტურებს ამ გოგონას პასუხი კითხვაზე - „რა შედეგები მოიტანა თავად ამ ფაქტმა და შემდგომმა პერიოდმა?“ „თავიდან იქ არ გადმოვდიოდი(სადაც დაესხნენ თავს) და არც ღამე გავდიოდი ხოლმე სახლიდან. ვფიქრობ, მეორეჯერ რო დამემართოს იგივე, აღარ ვიქნები ასეთი დადაჯერებული, რადგაც ვერ გადავიტან საზოგადოების მხრიდან დარტყმის მეორე ტალღას. ალბათ ესეც მაჩერებდა, მაგრამ ერთ დღეს ვიფიქრე, რომ ეს ფსიქოლოგიური მომენტი იყო და აუცილებლად უნდა დამეძლია, თორემ არასდროს გაქრებოდა. ხოდა ერთ ღამეს სპეციალურად 12 საათზე გავედი მანდ გადასასველად, რა თქმა უნდა ვღელავდი, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ახლა თავისუფლად ვსეირნობ ხოლმე", „ამ ამბამდე მეგონა, რომ მაგით ცხოვრება მთავრდება და სახლიდან ვერ გავიდოდი, თუმცა მასე არ აღმოჩნდა. მთლიანად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. თავად ფაქტი კი ცუდია, მაგრამ ახლა როცა აღარ მესიზმრება სიზმრები, სადაც ჩემზე ძალადობენ. ახლა უკეთ ვარ, ერთადერთი, რაც ცუდი დამიტოვა ისაა, რომ თითქოს ფიზიკურად სულ სუსტად ვარ, მეტად აპათიური ვარ ვიდრე მანამდე".

გარდა ზემოთ განხილული თემებისა, ვფიქრობ, აცუილებლად უნდა ვახსენოთ „პოზიტიური დისკრიმინაციაც“. ამ ტერმინს ვიყენებთ იმ მოვლენების გამოსახატად, რომლებშიც ადამიანის სტიგმატიზირება ხდება დადებითი ნიშნის მიხედვით(მაგალითად ძალიან მდიდარი ადამიანი), ან რომლებშიც სტიგმატიზირებული ადამიანის მიმართ აღმქმელი განიცდის ემპატიას, სინანულს და სხვა(მაგალითად უნარშეზღუდული პირების შემთხვევაში ასეთი განცდები ხშირია. უფრო მეტად კი ამბილანეტურია, ანუ თავის არიდების სურვილი და ემპათია ერთ დროულად აღმოცენდება). ამ სტიგმის შემთხვევაში კი, ვვარაუდობდი, რომ საზოგადოების ნაწილისგან წამოვიდოდა ისეთი დამოკიდებულებები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გამოკვეთდა ჩემი რესპოდენტების უნიკალურ ისტორიებს, უფრო მეტად მოაქცევდა ყურადღების ცენტრში და საბოლოო ჯამში მაინც სტრესულ სიტუაციაში აღმოჩნდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მოლოდინი გამრთლდა და ორივე რესპოდენტი აღნიშნავს, რომ სანაცნობოსგან მუდმივად მოდიოდა კომპლიმენტები და სოციალურ ქსელშიც დიდი მხარდაჭერა გამოხატეს მათ მიმართ, ორივე მათგანმა მოახერხა აერიდებინა ის სიტუაცია, რომელსაც მე სტრესულად აღვიქვამდი - ზედმეტ ყურადღებას და გადაჭარბებულ მზრუნველობას.

10-03-2019 23:43
წყარო: intermedia.ge