ბავშვის თამაშის თეორიები

საინტერესოა, თუ რა აიძულებს ბავშვებს ერთი შეხედვით, „უსარგებლო“ და „უაზრო“ მოძრაობები ასე დაუღალავად იმეორონ და ამავდროულად, მათ თამაშს ყოველთვის ერთი შინაარსი და მიმართულება ჰქონდეს, რომელიც მთელ ამ პროცესს თანმიმდევრულ და არაქაოტურ მოქმედებათა ერთობლიობად აქცევს. მეცნიერები დაუღალავად ცდილობენ ამ კითხვებზე პასუხების გაცემას, რამაც თამაშის საკითხის ირგვლივ მრავალი თეორიის შექმნა განაპირობა.

image

თამაშის კონცეფტის ირგვლივ შემუშავებულ ერთ-ერთ თეორიას წარმოადგენს ე.წ „განტვირთვის თეორია“, რომელიც ჰერბერტ სპენსერმა შეიმუშავა. სპენსერი აღნიშნავს, რომ ბავშვის ორგანიზმში გროვდება იმაზე ბევრად მეტი ენერგია, ვიდრე მას აქტუალურ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად ესაჭიროება. ეს ზედმეტი ენერგია შეიძლება ითქვას რომ გამოთავისუფლდება იმ მოძრაობების სახით, რომლებიც თამაშის შინაარს ქმნიან და რომელთაც არაფერი აქვთ საერთო ბავშვის აქტუალურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებასთან. სპენსერის მიხედვით, თამაშის მიზანი არის ჭარბი ენერგიისგან განტვირთვა.

image

კიდევ ერთი თეორია ეკუთვნის კარლ გროსს. როგორც გროსი აღნიშნავდა, მართალია თამაშის მოძრაობები არანაირ მიზანს არ ემსახურება, მაგრამ მათ მაინც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებათ, გამომდინარე იქედან, რომ თამაშის საშუალებით ბავშვი მომავალი, სერიოზული ცხოვრებისათვის ემზადება - თამაშის პროცესში იგი სწორედ იმ ფუნქციებს ამოქმედებს, რომლებიც შემდეგ ცხოვრების ამოცანათა გადასაჭრელად გამოადგება. თამაშის შინაარსი იმ ობიექტური მიზნით არის ნაკარნახევი, რომელიც მას, როგორც ცხოვრებისათვის მოსამზადებელ სავარჯიშო კურსს, აქვს დასახული. (მაგ: როდესაც ბავშვი ტიტინებს, თითქოს ლაპარაკობდეს; ფეხებს ამოძრავებს რითმულად, თითქოს მიდიოდეს.) imageსაყურადღებოა ასევე ამ საკითხის ირგვლივ დევიდ ბიულერის მიერ შემუშავებული თეორია, რამდენადაც იგი ზემოაღნიშნული თეორეტიკოსებისგან განსხვავებით ყურადღებას ამახვილებს ყველა თამაშისთვის დამახასიათებელ ისეთ ასპექტზე, როგორიცაა - ხალისი. რა აიძულებს ბავშვებს თამაში ასეთი დაჟინებით გაიმეორონ? ბიულერი აღნიშნავდა, რომ გარდა იმ სიამოვნებისა, რომელსაც მოცემული მოთხოვნილების დაკმაყოფილების შედეგად ვღებულობთ, კიდევ უნდა არსებობდეს ერთი თავისებური სახე სიამოვნებისა, რომლისთვისაც დამახასიათებელი ისაა, რომ იგი ჩნდება ამა თუ იმ ფუნქციის ამოქმედებისას. ამ სიამოვნების გრძნობას იგი ფუქნციის სიამოვნებას უწოდებს. ბიულერის აზრით, რაიმე ფუნქციის ამოქმედება ბავშვში დაკავშირებულია სიამოვნების გრძნობასთან და სწორედ ამ სიამოვნების მიღების ტენდენციით აიხსნება ბავშვის თამაშის არსი. როდესაც თამაშის პროცესში ბავშვი ერთსა და იმავე სახის მოქმედებებს ახორციელებს, იგი სწორედ ამ ფუნქციების ამოქმედებას ახდენს.

imageარსებობს აგრეთვე რეკრეაციის თეორია თამაშის შესახებ, რომელიც მორის ლაზარუსმა შეიმუშავა. ეს თეორია "ჭარბი ენერგიის თეორიის" საპირისპიროდაც შეიძლება განვიხილოთ, რამდენადაც ამტკიცებს, რომ ბავშვები მუშაობაზე დახარჯული ენერგიის აღსადგენად თამაშობენ. ჭარბი ენერგიის თეორიის მსგავსად, რეკრეაციის თეორიასაც გარკვეული ლოგიკურობა ახასიათებს. თუ ადამიანი ერთი ტიპის აქტივობისაგან დაიღალა, ძალიან განსხვავებულ აქტივობაზე გადართვამ მას მართლაც შეიძლება უშველოს. ამდენად მუშაობის დროს ენერგიის მოხმარების გამო შექმნილი ენერგიის დეფიციტი შეიძლება კომპენსირდეს რადიკალურად განსხვავებული აქტივობის საშუალებით. თამაში სწორედ რომ მუშაობის საპირისპირო პოლუსად არის მიჩნეული და იგი მუშაობისას დახარჯული ენერგიის აღდგენის იდეალური საშუალებად განიხილება. image ერთ-ერთ თანამედროვე თეორიას თამაშის შესახებ წარმოადგენს სატონ სმითის თამაშის თეორია. საწყის ეტაპზე მის თეორიებში მთავარი აქცენტი კეთდებოდა შემეცნებით განვითარებაში თამაშის როლზე. მან განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია თამაშში ბავშვის ინტერაქციას ფიზიკურ და სოციალურ გარემოსთან. თამაში ხელს უწყობს ტვინის განვითარებას, მრავალფეროვანი ქცევების განხორციელებას. ასევე გავლენას ახდენს კრეატიულობასა და პრობლემების გადაწყვეტის უნარზე: როდესაც ბავშვი ამა თუ იმ საგნით თამაშობს და მათზე სხვადასხვანაირად რეაგირებს, ის ამ საგნების მიმართ თავისი ასოციაციების სპექტრს აფართოებს. ამასთან ერთად, ის ამ საგნების გამოყენების გაცილებით მეტ გზას აღმოაჩენს, რასაც წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ გააკეთებდა. ეს ნიშნავს, რომ ბავშვი თავისი რეაქციების რეპერტუარს ზრდის, რაც მისი გარემოსთან ადაპტაციის პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს.

image შედარებით გვიანდელ ეტაპზე სატონ-სმითმა თამაშის უფრო კომპლექსური თეორია შემოგვთავაზა, რომელშიც თამაში განხილული იყო, როგორც ადაპტაციურად ცვალებადი ბუნების მქონე ფენომენი. იგი ცენტრალურ როლს ასრულებს ადამიანის განვითარებაში, რამდენადაც ადაპტაციის პოტენციალს ავითარებს, თუმცა კავშირი თამაშსა და ადაპტაციას შორის შემთხვევით ხასიათს ატარებს.

11-03-2019 1:23
წყარო: intermedia.ge