ინტერვიუ მეგობრებთან. მედიუმი

image

- მინდა, ვისაუბროთ.

- კი, ბატონო, მეც ვარ საუბრის ხასიათზე, რა გაინტერესებს?

- ოღონდ არა როგორც მეგობრებმა, ცოტა განსხვავებულად, მინდა ჩავიწერო.

- რატომ? მე ხომ არ ვახმაურებ ვინაობას.

- არც მე ვახსენებ შენს სახელს. მეტსახელითაც არ მოგიხსენიებ, უბრალოდ გავისაუბროთ.

- კარგი, არ დაგზარდები.

- გიყვარს შენი საქმე? სწორად დავსვი შეკითხვა? არც ვიცი რა ვუწოდო, ნიჭი, უნარი... ალბათ არც ისე იოლია...

- ძალიან რთულია. ერთი შეხედვით იოლი ჰგონიათ ადამიანებს. ვერ ერკვევიან, რა ხდება. აი, შენც გაგიჭირდა პირველი შეკითხვის დასმა. სეანსის დაწყებამდე მომზადებაა საჭირო. უნდა ვიყო ჯანსაღად, არაფერი არ უნდა მაწუხებდეს და მტკიოდეს. წნევა, გულის ცემა, სასუნთქი ორგანოები - ყველაფერი იდეალურ ნორმებში უნდა მქონდეს. შეუძლებელია ცუდად მყოფმა ადამიანმა მედიუმობა შეძლოს. ამას უზარმაზარი ფიზიკური დატვირთვა მოაქვს. სეანსის შემდეგ დიდი ხნით დასვენებაა საჭირო. ენერგია მეცლება, ვითრგუნები. თითქოს გვერდებში ვიღაც მეჭიდება, ცდილობს სადღაც წამათრიოს, თან არსად მივყავარ... არც სეანსის წინა დღეს უნდა გადავიღალო, არც ემოციურად დავიტვირთო. ზომიერად უნდა ვიკვებო და კარგად გამოვიძინო.

- ვერ ვიგებ, მედიუმს რაში სჭირდება ფიზიკურ მდგომარეობაზე ასე ყურადღების გამახვილება...

- ფიზიკური და სულიერი სხეული მომედებენ ერთმანეთზე. ადამიანები ამას არ უფიქრდებიან.

- კარგი, გააგრძელე.

- სეანსისთვის ცალკე ოთახი მაქვს, უბრალო, სადა. არაა საჭირო ბროლის ბურთი და კრისტალები. მთავარია, ფანჯრები ჰქონდეს და სუფთა ჰაერი შემოდიოდეს

- ანუ ღია ფანჯარაა აუცილებელი...

- ჩემთვის. სულს რად უნდა ფანჯარა ან კარი. თუ გული გამიხდა ცუდად, ფანჯრები ფართოდ უნდა გამოვაღო, შუა ზამთარიც რომ იყოს.

სეანსის წინ ჩუმად ვზივარ, ვდუნდები, თვალებს ვხუჭავ, ვეთიშები ყველაფერს. ამ დროს თავში რაღაც გაუცნობიერებლად იწყებს მუშაობას. ხან ზრიალი მესმის, ხან შუილი. მერე თითქოს ინტერიერიც იცვლება გარშემო. სინამდვილეში ჩემი მხედველობა იცვლება. თვალები მიჭრელდება. ცოტა ხნის შემდეგ მესმის რაღაც ღრმა სუნთქვასავით ან ქროლვისმაგვარი ხმა. ეს ვიბრაციაა. ზღვარი ირღვევა რეალურს და არალეარულს შორის, ამისი გამოძახილია. მე ვამგვანებ სუნთქვას და ქროლვას ამ ხმებს, ჩემი ფანტაზიაა.

- ვთქვათ მომსვლელს თავისი ახლობლის სულის გამოძახება სურს, ეს როგორ ხდება?

- თითქმის ყველა, ვინც მოდის, მონდომებულია, თავისი ახლობლის სულს დაუკავშირდეს. არის შემთხვევები, რომ ასეც ხდება, მაგრამ არავინ დაიჯეროს, რომ ყველა სული შეკვეთით მოდის. შეიძლება სრულიად უცხო ადამიანის სული დამიკავშირდეს, მაგრამ ჩემთან მყოფს მიაწოდოს მისთვის სასურველი ინფორმაცია. ეს ხომ მიღმა ველია, სხვა სამყარო. მე გამტარი ვარ. შეიძლება ნებისმიერი სულისთვის აღმოვჩნდე მოცემულ მომენტში გამტარი. არ აქვს მნიშვნელობა, ვის რომლის გამოძახება უნდა.

- ხმას როგორ გაწვდენენ?

- ხმა ჩამესმის თითქოს სადღაც ზევიდან. თუმცა ამ შემთხვევაში, როგორც კოსმოსის წიაღში, "ზევით - ქვევით" არ არსებობს, მაგრამ მე ასე აღვიქვამ. ვერც იმას ვიტყვი, კაცის ხმაა თუ ქალის. უბრალოდ ხმაა, ინფორმაცია, ჩემთვის განკუთვნილი.

- რა აინტერესებთ შენთან მომსვლელებს?

- რთული შეკითხვაა. ბევრი რამ. სულელური შეკითხვებითაც მოდიან. იყო შემთხევევა, როცა ახალგაზრდა გოგონა სვამს შეკითხვას, როდის გავთხოვდებიო. ეგ მკითხავს ჰკითხე მეთქი, გავეხუმრე, მაგრამ მერე მაინც შევეცადე პასუხის მიღება, მომესმა: როდის გავთხოვდები? ანუ შეკითხვა ექოსავით დამიბრუნდა. პასუხს იძლევიან სიკვდილ - სიცოცხლის საკითხებზე, ვინ რამდენი წელი იცოცხლებს, გადარჩება თუ არა მძიმე ავადმყოფი. ამაზე აუცილებლად გაგცემენ პასუხს, რადგან "აქ" თუ ვინმეს მალე გარდაცვალება უწერია, "იქ" ინფორმაცია უკვე არსებობს. მომსვლელს მაშინვე ვეუბნები: არ დასვა ბევრი შეკითხვა, არ დაიწყო ფულს როდის ვიშოვნი? ან ამდაგვარები. ეს ცნობათა ბიურო არაა, მცირე ინფორმაციაც თუ მოგაწოდეს, მადლობელი იყავით. ჰკითხეთ ჯანმრთელობის შესახებ, ან ვინმე თუ გყავთ ავად, მასზე შეიძლება მიიღოთ პასუხი როგორ უმკურნალოთ, ან რას მოესწრებით ცხოვრებაში. ასევე შეგიძლიათ ჰკითხოთ დაკარგული ნივთების შესახებ. ამაზე აუცილებლად გაგცემენ პასუხს. მიღმა სამყარო სიტყვაძუნწია, ადამიანების უმრავლესობას ეს არ ესმის. ასევე გეტყვით, რომ კრძალავენ დიდხანს გლოვას; (ამას ისედაც ყველა რელიგია კრძალავს) თუმცა მათგან ვერ გაიგებთ: "სანთელი დაუნთე" ან "მოიხსენიე". ეს უნდა მოხდეს იმის მიხედვით, ვის როგორ მიაჩნია სწორად თავისი რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე, ვინ რა აღმსარებლობისაა. ამაში მიღმა სამყარო მიკერძოებული არ გახლავთ, უბრალოდ გარდაცვლილის ხსოვნას მოითხოვენ.

- შეკითხვის დასმის უფლება გაქვს? შენც და მითუმეტეს აქ მომსვლელებს ექნებათ დიდი სურვილი, ჰკითხონ "მათ", როგორია მიღმა სამყარო, სულების "ადგილი."

- რა თქმა უნდა. იმდენად უცნაური და თავზარდამცემია ეს მომენტი, ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ ყოფითი და მაგ შეკითხვით იწყებენ. მათი ცნობისმოყვარეობა სხვა მიმართულებას იძენს. მაგრამ: დაუშვებელია, კონკრეტული პასუხი მიიღოთ. ასე არავინ გაგვანებივრებს. ეს გადაულახავი ბარიერია, დედამიწაზე მყოფ მოკვდავთათვის მიუწვდომელი. "ისინი" საუბრობენ როგორც სამყაროს მოქალაქეები, რჩევასაც იძლევიან. როცა ისმება შეკითხვა: როგორია სულების სამყარო? - ეს სულების სამყაროა, ჩვენი, - მოდის პასუხი. მეტი არაფერი.

- რჩევას როგორ იძლევიან?

- მაგალითად, პიროვნებამ დაუსვა კითხვა: რამდენიმე თვეა ვიტანჯები გულის არეში ტკივილით, რა მჭირს? აღარ გამივლის? პასუხი არ გაინტერესებთ? ნაკლები იფიქრეო სხვებზე.

- სხვებზე რა, მე ახლობლებზე ვნერვიულობ - პასუხობს ქალი. - სხვებზე ფიქრობ - მეორდება პასუხი, - შენთან ერთად რომ მუშაობენ, იმათზე. ფიქრობ, არ გაჯობონ, არ გაგასწრონ, რაიმე შენზე უკეთესი არ გააკეთონ. ეს ჯიბრი გტკენს გულს, გიმძიმებს. შენი საქმე აკეთე და ხარბი თვალით ნუ უყურებ სხვების წარმატებას. როგორ გაითვალისწინა მომსვლელმა ეს რჩევა, ვერ გეტყვით, აქ კი ფერი დაკარგა, ხმა აღარ ამოუღია, ისე წავიდა.

ასევე ახალგაზრად ქალს ეუბნებიან: გამოგისწორდება ძილი, თუ ერთ რამეს გაითვალისწინებ: პატარა გოგონა გყავს, რომელიც უხეშად მოიშორე, როცა შენთან ერთად დაძინება უნდოდა. ცუდი სიზმარი ნახა, მაგრამ ვერ გადმოსცა, უბრალოდ დედასთან დაძინების სურვილით გამოხატა. შენ კი სამუშაოთი გადაღლილმა გადააწვინე. ამის მერე უფრო ცუდად გძინავს; გაგეცა ის ენერგია, რასაც პატარა ითხოვდა, ათმაგად დაგიბრუნდებოდა უკან. არც უძილობით დაიტანჯებოდი.

- საინტერესო რჩევებია, ადამიანის გამოსწორებაზე ორიენტირებული. როგორც აღნიშნე, დაკარგულ ნივთებზეც საუბრობენ...

- დიახ. მითუმეტეს, როცა მიაჩნიათ, რომ ეს ნივთი აუცილებლად უნდა გამოჩნდეს და პატრონს დაუბრუნდეს. იყო შემთხვევა, როცა მომსვლელს ხმა ატყობინებს, სად არის მისი დაკარგული საათი. "არ დაკვირვებიხარ, რამდენი ხანია იქ გდია"... თან ადგილიც მიუთითეს. კაცს თვალები გაუფართოვდა, - "უნდა ნახო" - აგრძელებს ხმა, -"წარმატება მოაქვს შენთვის". ამითი დამთავრდა ინფორმაცია, სხვა განმარტება არ მოუციათ. ისეც მომხდარა, რომ უთქვამთ: "უნდა დაკარგულიყო" და მორჩა. ანუ, აღარაა იმ ნივთის ადგილი შენს ცხოვრებაში. ეს ადამიანებზეც ვრცელდება. "რატომ გამირთულდა... თან ურთიერთობა? გამოსწორდება?" პასუხი უარყოფითია: "მისი წასვლის დროა შენი ცხოვრებიდან. თქვენი გზები უნდა გაიყაროს!" ეს მომსვლელს არ ამშვიდებს, მაგრამ რეალობას უჩვენებს და სხვა სამომავლო გეგმებზე და ურთიერთობებზე დააფიქრებს.

- ალბათ კარიერულ წინსვლაზეცაა შეკითხვები...

- დიახ, მაგრამ არ პასუხობენ. მოვიდა ერთი, ასე ვთქვათ, კარიერისტი, დაინტერესებული შემდგომი სამსახურებრივი წარმატებით, მე კი ინფორმაცია მისი შვილის შესახებ მომეწოდა. "ბავშვს ავადმყოფობა უგრძელდება, არასწორად მკურნალობთ"... მითითებაც კი მიიღო, რაზე გაემახვილებინათ ყურადღება და როგორ ემკურნალათ. სხვა თემაზე ხმა აღარ ამომაღებინეს, კაცი გაოგნებული დარჩა, ცივი ოფლი ასხამდა, ათასი მადლობა გადამიხადა.

- ანუ, რაზეც თვლიან საჭიროდ, იმაზე პასუხობენ...

- დიახ. რაც უფრო სწორად და მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. მეგობრების შესახებაც მოუწოდებიათ ინფორმაცია, ვისთან სჯობს გააგრძელოს პიროვნებამ მეგობრობა ან ვისთან - პირიქით. ერთი სიტყვით, ვის როგორი ინფორმაციის ღირსად ჩათვლიან, ისეთს აწოდებენ.

- შეიძლება კონტაქტი მათი სურვილით გაწყდეს?

- ძირითადად მასე ხდება. სეანსი წყდება, ხმა იკარგება, თითქოს "შემეშვითო" - მაგრძნობინებს.

- ბევრმა იცის შენს შესახებ?

- არა. გარკვეულმა წრეებმა. ბევრსაც არ სჯერა და ამიტომ არ მოდის. არცაა აუცილებელი. უფლება არ მაქვს რეკლამა გავიკეთო და ხმამაღლა ვილაპარაკო ამის შესახებ. ვერც ვერაფრით დავაიმედებ მომსვლელს, შეიძლება არც მიიჩნიონ ვინმე პასუხის გაცემის ღირსად.

- როგორც აღნიშნე, სეანსის შემდეგ თავს ცუდად გრძნობ...

- საერთოდ სეანსი იშვიათად უნდა შედგეს. ვერ აგიწერთ, იმდენად დიდი ენერგია მიაქვს. ალბათ ასე კატორღაში ნამუშევარი ადამიანი გრძნობს თავს, როგორც მე კონტაქტის შემდეგ. რამდენიმე დღე სიმშვიდე მჭირდება.

- საზღაურიც ხომ აუცილებელია. თანხას იღებ?

- დიახ. ვის როგორ უნდა, ვის რაზე მიეწოდა ინფორმაცია, როგორ უღირს. საჩუქრებიც გაუკეთებიათ.

- ეკლესიაში დადიხარ?

- როგორ ფიქრობ, არ ვივლი? მოძღვარმა იცის ჩემი უნარის შესახებ. ჩემი მესაიდუმლეა.

- ანუ ამაში "სატანურს" არაფერს ხედავს...

- რა შუაშია სატანური. ისე, ერთ რამე გეტყვით: მთავარია, მედიუმი გაერკვეს რომელ მხარეთან "აქვს საქმე". სამყარო მართლაც შედგება "კარგი" და "ცუდი’ ძალებისაგან, ენერგიებისგან. უერთმანეთოდ ვერ იარსებებენ. მედიუმმა შეუცდომლად უნდა დააფიქსიროს, რომელი ენერგია მოდის მიღმა სამყაროდან. მე უკვე ვიცი, რომ "დადებით" მხარესთან მაქვს საქმე, რადგან ჩემთან დაკავშირებულები ადამიანისთვის და მისი სულისთვის სასარგებლო რჩევებზე არიან ორიენტირებულნი. მედიუმს უნდა ეყოს რწმენა და შეგნება, რატომ უკავშირდებიან, რატომ იძლევიან ინფორმაციას, (ტყუილად არც "სააქაო" მოქმედებს და არც "საიქიო") აქედან უნდა გააკეთოს დასკვნა, განაგრძოს თუ არა კავშირი ძალებთან. თუ არასასურველი ძალები ჩაერევიან, აღარ უნდა შეეცადოს კავშირის დამყარებას. დამიჯერეთ, არავინ გამოგვეკიდება. ეს ჩემი და ჩემნაირების ნიჭია, როგორც მაგალითად, კარგი მომღერალი - უნდა იმღერებს, უნდა - არა; არავინ დააძალებს.

- ანუ მდიუმზეა დამოკიდებული, როგორ გაერკვევა რა ძალები მოდიან...

- დიახ. უამრავი ძალა, ენერგია და მთი განშტოებებია როგორც აქ, ისე მიღმა სამყაროში. გინდათ "სამოთხე" და "ჯოჯოხეთი" უწოდეთ. არიან სულები, რომლებიც ვერ შემოვლენ კონტაქტში, რადგან უფლება არ აქვთ. ბევრ რამეს ვერ ჩავწვდები. რაც მეწოდება, საკმარისია. ბავშვობაში გაურკვეველი წარმომავლობის ხმები მესმოდა, მაგრამ არ იყო საშიში, მეც გულადად დავხვდი ჩემს ამ თვისებას. 15 წლისა ვიყავი, საყვარელი ძაღლი გამიხდა ავად, მეგონა უკვე კვდებოდა. "ხმა" ჩამესმა, რა უნდა გამეკეთებინა, რა უნდა დამელევინებინა. მართლაც მოვარჩინე. ასე გავაცნობიერე დროთა განმავლობაში რომ დადებით მხარესთან მაქვს საქმე. თუ ეს ნიჭი აღმოაჩინა ადამიანმა თავის თავში, არის ვარჯიშები ამ უნარის გასაღრმავებლად, ყველაფერს ვერ მოგიყვებით. ვიმეორებ: არც ისე ძნელია იმის გაგება, რომელ მხარესთან გაქვთ საქმე; ბევრი რამეა ჩვენზე დამოკიდებული.

11-03-2019 20:51
წყარო: intermedia.ge