ადამიანის ბაზისური ფსიქოლოგიური მოთხოვნილებები

მოტივაციის საკითხის ირგვლივ მრავალი თეორია შემუშავდა, რომლებიც ადამიანის ქცევის გაგებასა და ახსნას განსხვავებულ მოტივაციურ ფაქტორებზე დაყრდნობით ცდილობენ. ერთ-ერთ მოტივაციურ თეორიას წარმოადგენს სელფ-დეტერმინაციის თეორია, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრა სამი ბაზისური ფსიქოლოგიური მოთხოვნილება, რომელთა დაკმაყოფილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ინდივიდის ოპტიმალური ფუნქციონირებისა და კარგად ყოფნისთვის. სელფ-დეტერმინაციის თეორია ბაზისური ფსიქოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას განიხილავს იმ მოტივაციურ მექანიზმად, რომელიც ენერგიას ანიჭებს და მიმართულებას აძლევს ადამიანის ქცევას. ეს ბაზისური ფსიქოლოგიური მოთხოვნილებებია: ავტონომიის, კომპეტენციისა და აფილაციის მოთხოვნილება.image

ავტონომიის მოთხოვნილება გამოხატავს ადამიანების სურვილს იგრძნონ ნებისა და არჩევანის თავისუფლება და გამოსცადონ ეს ფსიქოლოგიური განცდები გარკვეული აქტივობის განხორციელების პროცესში. ადამიანებს სჭირდებათ იგრძნონ, რომ თავად აკონტროლებენ საკუთარ ცხოვრებას. განცდა იმისა, რომ არ ექვემდებარები ვინმეს ზეწოლას ან რაიმე სახის ჯილდოს და შეგიძლია საკუთარი ქცევის კონტროლი განსაკუთრებით ღირებულია ინდივიდისთვის.

კომპეტენციის მოთხოვნილება შეეხება ინდივიდის ცოდნას, მიღწევებსა და უნარებს. ადამიანები მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობენ დაიკმაყოფილონ ეს მოთხოვნილება და გახდნენ მეტად კომპეტენტურნი იმ განსხვავებულ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვანია. ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება უზრუნველყოფს ადამიანის გარემოსთან ეფექტურ ინტეგრაციას და ადაპტაციას.

აფილაციის მოთხოვნილებაში კი ასახულია ადამიანის სურვილი დაამყაროს მნიშვნელოვანი სოციალური ურთიერთობები გარშემომყოფებთან, იზრუნოს მათზე და დადებით სოციალურ ინტერაქციაში იმყოფებოდეს მათთან.

image

ადამიანები ყოველდღიურად განიცდიან ბაზისური ფსიქოლოგიური მოთხოვნილებების კმაყოფილებას თუ ფრუსტრაციას ფუნქციონირების სხვადასხვა სფეროში. სამუშაო გარემო განსაკუთრებით ბევრ პირობას ქმნის ბაზისური ფსიქოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. კვლევებით დადგენილია, რომ ბაზისური ფსიქოლოგიური მოთხოვნილებების კმაყოფილება დაკავშირებულია ადამიანთა ცხოვრებით კმაყოფილების ხარისხთან. ბაზისური ფსიქოლოგიური მოთხოვნილებების კმაყოფილების შედეგად ხშირ შემთხვევაში პოზიტიური აფექტი შეიძლება განვიხილოთ.

11-03-2019 20:58
წყარო: intermedia.ge