თემურ ლენგის ბრძანებით ყველას ბოლო მოუღეს, მათი ცოლები კი სარდლებმა დაირიგეს

image''1402 წლის ზაფხულში თემურლენგი მოადგა უზარმაზარი არმიით აუღებელ ბირთვისის ციხეს.
მაშინ ბირთვისის ციხის დამცველი ციხიონი 200-მდე ქართველსაც ვერ მოითვლიდა. მას სათავეში ედგა თორელი 30 დიდაზნაურითა და 150 მეომრით. თან ყველანი ოჯახებით, ცოლშვილიანად.
თათრები ალყად შემოადგნენ ბირთვისის ციხეს. ალყა გაჭიანურდა. ქარტველებს ციხეში უხვად ჰქონდათ წყალი, პური და ხორცი. ქვევრებიც ღვინით ჰქონდათ სავსე. ისინი გარს მომდგარ მტერს ჯერ ისრისა და ქვის მერეხს აყრიდნენ, მერე მაღალ ქონგურებზე გადმოდგებოდნენ და პურობით, ღვინის სმითა და სიმღერით ახელებდნენ ღრმა ხევხუვებში უსაზმნოდ ჩაჭედილ მოალყე თათარ-თემურიანებს.
დღე დღეს მისდევდა ღამე- ღამეს და ბირთვისის ციხე კვლავ მიუსადაგებელი რჩებოდა მტრისათვის.
ბოლოს, მოვიდა თვით თემურ ლენგი, თან ისარმფრქვეველი და ლოდსარტყორცნი მანქანების გაწყობაც ბრძანა. საიერიშო კოშკები და კიბეებიც გაამართვინა და იერიში ბრძანა. მაგრამ თემურლენგის ''ღვთაებრიობაც'' ამაო აღმოჩნდა. ბირთვისის ზემოდან შეუკავებლად მოედინებოდა ისარი, ფინთიხი და... ქართული სიმღერა!..
მაშინ მოიხმო გაოგნებულმა თემურმა მექრითები, უთვალავი საბოძრით ავავსებ ყველას, ვინც ბირთვისის კლდეებსა და კედლებზე ავაო. მექრითთა შორის ვინმე ბეგიჯაგი ღამით მართლაც ასულა კლდეზე და ციხის უმაღლეს გოდოლამდეც მიუღწევია. მერე მისი მეთაურობით 400 საფეხურიანი თოკის კიბე აგრიხეს მექრითებმა და შუაღამისას ყველაზე მიუვალ სამხრეთ კედელზე დაჰკიდეს. მაშინვე იმ კიბეზე ასვლაც იწყეს თემურისგან საგანგებოდ არჩეულმა მეომრებმა, მამაცი სარდლის, შაჰმალექის მეთაურობით. ლაშქრის ერთი ნაწილი ალაყაფის კარის გასაღებად გაქანდა, მეორემ კი ქართველთა ერიშის შეკავებისაკენ იწყო მზადება.
ქართველებმა საფრთხე მხოლოდ გარიჟრაჟზე იგრძნეს და სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეებნენ შემოსულებს. ქართველები სახეში უმიზნებდნენ და ხახაში აძგერებდნენ შუბს, ისარსა თუ ხმალს. ყიჟინა, იარაღის ზრიალი და მომაკვდავთა გმინვა არყევდა ზეცას. თემური კი ყველაზე მაღლა დამდგარიყო და შეუწყვეტელი ბღავლით და ყარყაშით ამხნევებდა ციხეში აჭრილ თავისიანებს.
შუადღემ მოატანა. თითოეულ ქართველ 5-6 თათარი მოესრა, მაგრამ თვითონაც ეცემოდნენ დაჭრილ-დაკოდილნი. დიდი გახელებით შეებნენ მტერს უკანასკნელი ქართველნი... და სწორედ მაშინ უკვე გაღებული კარიბჭიდან ნიაღვარად შემოვარდა თემურის ურდო... 60-ოდე სისხლისგან დაცლილი ქართველი, მძიმედ დაჭრილი თორელის მეთაურობით უკანასკნელად შეება მტრის უძღვავ ურდოს... თემურის ბრძანებით ყველას ბოლო მოუღეს, მათი ცოლები კი სარდლებმა დაირიგეს...
ეს ამბავი 1403 წლის 12 აგვისტოს მომხადარა, თითქმის ერთთვიანი სასტიკი ჭიდილის შემდეგ...''
ლევან სანიკიძეimage

13-03-2019 13:53
წყარო: intermedia.ge