შელოცვების ტექსტების ენა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

image

საქართველოს სხვადასხვა კუთხის შელოცვების ენაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ არა მხოლოდ საკუთრივ ქართველურ ენებში (ქართული, მეგრული, სვანური), არამედ თვით კილოებშიც (მაგ: ბალსზემოური, ბალსქვემოური, ზუგდიდურ-სამურზაყანოული..) შელოცვების ტექსტებში იკვეთება ქართული სალიტერატურო ენისათვის დამახასიათებელი სიტყვაფორმები. შელოცვების დასაწყისი ძირითადად ქრისტიანულია, მიმართვაა სამებისადმი, ან გარითმული სიტყვებითაა წარმოდგენილი (მაგ: გათვალულის ლოცვის "ასალი, მასალი, გულისა სასალი.." მეგრულში, "ალისა, მალისა" მესხურში, "ალისასა, მალისასა" იმერულში, "ანისაო მანისაო" აჭარულში, "გაჩნდა, შეუჩნდა, გამოუჩნდა" სვანურში), ძირითადი ნაწილი ჩამოთვლაა, ხოლო დასასრულიც ქრისტიანულია - მიმართვაა ღმერთისადმი, წმინდანებისადმი. ამის თვალსაჩინო მაგალითია გათვალულის შელოცვის ტექსტის მეგრული, სვანური, მესხური, იმერული და აჭარული ვარიანტები.

გათვალულის შელოცვის ტექსტი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში:

1.მეგრული

"ასალი, მასალი, გულისა სასალი...სუმოში სუმი წმინდა გიორგიში ჭყორინა ქორაგვაფუდას უბადო თოლით, უბადო შურით ჩქიმ პეტრეს დინომჯინას თის.ფუჲ თაშ გააქარი უბადო თოლი და შური" (ასალი, მასალი, გულისა სასალი... სამას სამი წმინდა გიორგის წყევლა დატაკებოდეს - ავი თვალით, ავი სულით ჩემს პეტრეს ვინც შეხედოს, იმას. ფუჲ, ისე გააქრე ავი თვალი და ავი სული).

2.სვანური

"გაჩნდა, შეუჩნდა, გამოუჩნდა წიწკინა, ძალუმად გაიშიშხინა.ცალკუბის ხარ, თვალსახა ხარ, ჭერსა ქვისა ქარსიცხე. ბუსუსიანი თუ არ ჩნდები, ქალებური, კაცებური, შინაური, გერეგენი, ახლობელი, შორებელი.მგქემ თარგნგზელ, ხოჩა ჯუარ ი სტარუინ ესხუამინ ნინოს, მიჩა ხოლამ თემიშ ი გუიმი მგფხა, მიჩა ამახუს თეჲ გუი მაგ ოთტყაბ, ათას ხუტას მახათ ლოხოსუ ამახუს გუინესგაქა.ნინოს ხოჩა ჯუარ ი სტარუნ ესხარუინ" (...მიქაელ მთავარანგელოზო, კარგი ჯვარი და პირჯვარი უწყალობე ნინოს.მისი ავი თვალით და ავი გულით მზირალს, მის მტერს თვალი და გული დაუწვი, ათას ხუთასი მახათი გაუყარე მტერს შუაგულში. ნინოს კარგი ჯვარი და პირჯვარი იწყალობე".

3.მესხური

"ალისა, მალისა, შეგილოცაც თვალისასა, შინაურისასა, გარეულისასა, თვალჭრელისასა, თვალშავისასა. მოვიდა შავი წვიმა, დაწვიმა შავბალხაზე. გასკდა შავი კლდე. მოვიდა შავი ძროხა, მოვიდა შავი ქალი, მოწველა შავმა ქალმა. შედგა ქვაზე სიპზე ხურფულეზე შენი ავი თვალით დამნახავი!მე ვარ მლოცავი, მაღალი ღმერთი მარგებელი!".

4.იმერული

"ალისასა, მალისასა, მე ვულოცავ ამ ადამიანს თუალისასა, შინოურისასა, გარეულისასა, თუალჭრელისასა, თუალშავისასა.გასკტა შავი კტე, გამევიდა შავი კაცი, მას გამოყუა შავი ცხენი, შავი ლაგამი, შავი უნაგირი, შავი მათი მოწყობილობა.- რაა მათი წამალი? - ასკილი, ბაძგარა, შავი ჭირი სანსალა.შენი ავი თუალით, გულით შემხედავს, შემძახებელს სამი კოდი ღადარი, სამი მუჭი მახათი მათ გულს! შენ თავს ჯუარი დამიწეროს, დასწყევლოს წმინდა გიორგმა, ვინაც შენ ავი თუალით, გულით შემოქხედოს.ღმერთო.წმინდა გიორგო, არგე ლოცუა ამ ადამიანს!".

5.აჭარული

"ანისაო, მანისაო, მე გილოცავ თვალისაო, ჯერეთ ჩემი თავისაო, შვიდი ქვრივი ქალისაო, მერე მეფის ჯარისაო. მოვდოდა შავი წყალი, მას მოქონდა შავი გველი. ჩავყევი ჩემი ყავარჯენი, ამევღე შავი გველი. გავჭარი გველი, გამოუღე წელი, მივკიდე ღობესა, ყორესა. ხან ქრებოდა, ხან ჩნდებოდა, შენი ავი თვალით შემხედავს გულში ლახვარი, თვალთ ნაგუზალი! მე მლოცავი, ღმერთი მარგებელი!".

შელოცვები სვანეთსა და სამეგრელოში

სამეგრელოსა და სვანეთში გათვალულის შელოცვები გვხვდება ადგილობრივ ენაზეც, სალიტერატურო ქართულზეც ანუ მწიგნობრულ ენაზეც და შერეული სახითაც, მეგრულ-ქართულად, სვანურ-ქართულად. სამეგრელოსა და სვანეთში შელოცვები ზოგადად ან ქართულენოვანია, ან ადგოლობრივ ენაზე, ან შერეული სახით. სამეგრელოში მხოლოდ მეგრულადაა მეჭეჭის, მორიელის, შაკიკის, ცეცხლის შელოცვები (ამ შელოცვების ქართულენოვანია ვარიანტი იშვიათად, ან საერთოდ არ მოიპოვება მეგრულში), სალიტერატურო ქართულზეც და მეგრულზეცაა გათვალულის, გველის, უჟმურის შელოცვები, შერეულია უჟმურის შელოცვა (დასაწყისი ქართული, ძირითადი ტექსტი - მეგრული), მეგრულში მხოლოდ ქართულენოვანია შაკიკისა და საწერელის შელოცვები (ტექსტის მეგრული ვარიანტების არსებობა არ დასტურდება).მეგრული შელოცვების ტექსტების უმრავლესობას ძირითადად აქვს ქართული ვარიანტებიც, თუმცა თითქმის ყველა მათგანი (გარდა საწერელისა და შაკიკის შელოცვებისა) ადგილობრივ ენაზეცაა წარმოდგენილი.

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ქართულენოვანი შელოცვების ტექსტები უმეტესად სალიტერატურო ქართულითაა წარმოდგენილი, თუმცა მათი ნაწილი გვხვდება გურულ, ან იმერულ დიალექტებზეც.

მეგრულისაგან განსხვავებით, სვანურში შელოცვების ტექსტთა უმეტესობა ქართულენოვანია, პროცენტულად მეორე ადგილზეა შერეული ტექსტები (სვანურ-ქართული), ხოლო საკუთრივ სვანური ტექსტები იშვიათად გვხვდება.სვანეთში არსებული ქართულენოვანი შელოცვების უმრავლესობა სალიტერატურო ქართულითაა წარმოდგენილი, მათ შორის გათვალულის შელოცვაც:

"მოუიდა შავი კაცი, იჯდა შავსა ცხენსა.შე შაუო კაცო, საიდან მოდიხარ, სად დაბადებულხარ? - მე ვარ ორ კლდეს შუა დაბადებული, დიდ მინდორში გაზრდილი, უეძებ მელოგინე სუსტ, დაჭრილს, დაღალულს და სნეულს. ნურცა სისხლს სუამ, ნურცა ძუალს გაუტეხ, ნურცა დაეძებ მელოგინე, სუსტ, დაჭრილ, დაღალულს და სნეულს, თორემ ამევიღებ ამ გაგნია ლეკურს, მოდხარშაუ ხუთმეტ წელიწადს.ზოგს ზერე მირჩევნია, ზოგს ქვერე წყალს.ასე გაქრეს ავი და მონადები დათო ფირცხელანის".

სვანეთში არსებული შელოცვების ტესტებში ზოგან იმერული თუ ლეჩხუმური დიალექტიც გვხვდება.ასეთია უჟმურის შელოცვა:

"გადაკიდებულიანო, შვილიანო, ძირიანო, ნათესავიანო, ნაბალაკიანო, სადა შენი ძირი, სადა შენი შვილი, იქ არი ნათვლა-ქორწილი, ხინი და გამოჩვენება.შავგულეი დოუკლავს, თავფეხი შენთვის ჩოუნახავს.ადრე მიხვალ, შეგიჭამენ.თვარა ამევირებ ჩემს ხმალსა ბრასისა, დაგჩეხ, დაგლუკმავ იმითა, შავტარიანი დანითა პირფოლადიანითა, ჩაგაგდებ წისქვილი ღარში, არ აგიშობ დიდ ჟამში, დაგცემ ჯვარ ჯვარითა, სოლომანი სამებითა, წმიდა გიორგი ჯვარითა, დეიცევი, დეივედრე უხილავისაგან ჩვენი ავათმყოფი".

სვანურში სამეგრელოდან შესულა მეჭეჭის მეგრული ტექსტი:"ბჟა დო თუთა პატენ, თეა კვანჭიანის მეჭეჭი გირაგადუთ: გიმონქიაუნ, გიცხოდა, იმონე და გიცხონდე, იმონეო, ვარა იშო დაამონეო".

სვანეთში ადგილობრივ, სვანურ ენაზე დასტურდება მზის შელოცვა:

"ერე-მერე ძუღუა მერე, გურმაჩგლა ჯიჯლგდინე, თეთუნე ჴანთე ლაჲსენთე. ჩერშდოლ ჩუაპგლტყგნე გეგანშა ქორა მერდე მარე, მიჟ ქამოდ ახსგიდედ" (ღრუბელო, ღრუბელო, ზღვის ღრუბელო, გურმაჩელა გიჩქარის თეთრ ხართან დასაკლავად. კვირისტაო, კვირისტაო, გალუმპულა გეგანშა ოჯახის ყველა წევრი. მზეო, თუ არ გამოიხედო).

13-03-2019 20:48
წყარო: intermedia.ge