"ეს დაავადება წითელაზე აუცრელ ბავშვებს ემართებათ, 16 წლამდე ასაკში იღვიძებს და ტვინს ჭამს!" - სამი შვილის დედა დახმარებას ითხოვს

არსებობს ტკივილი, რომლის სიტყვებით გადმოცემა უძნელესია. სამი შვილის დედის, ირინა ქობულაძის ტკივილიც ეს არის - ენით აღუწერელი: როდესაც სამი წლის წინ მითხრა, ჩემს 12 წლის გიორგის პანენცეფალიტი დაემართა, ეს დაავადება ტვინს თიშავს, დამეხმარეთ, ასე არ მოხდესო, ამის შემდეგ კარგა ხანს იჯდა გაფითრებული და უმეტყველო. ბოლოს ისევ მე ვკითხე, ეს რა დაავადებაა-მეთქი და მიპასუხა, წითელაზე აუცრელ ბავშვებს ემართებათ, გიორგის აცრა ცოტა დავუგვიანე, შვიდი თვისა ავცერი, წითელა კი ექვსი თვისას შეხვდა და ბაქტერია დაუტოვა, რომელიც 16 წლამდე ასაკში იღვიძებს და ტვინს ჭამსო! თავიდან მეც ვერ მივხვდი, ეს რა იყო, გიორგიმ თავად მითხრა, დედა, მე ვიცი პანენცეფალიტი რაც არის, სიკვდილიაო!

დამეთანხმებით, ამის მოსმენა ადვილი არ იყო, მით უფრო, დაწერა. მაგრამ უნდა დამეწერა - ადამიანებს ამან სიკეთის გაკეთების საშუალება მისცა, განადგურებულ დედას კი გულის მოოხების, რომ შვილის გადასარჩენად ყველაფერი გაეკეთებინა, რაც დედამ უნდა გააკეთოს. თუმცა კი ამაოდ. გიორგი სამი წელიწადია კომაშია, დედამისი კი ისევ იმაზე ფიქრობს, რომ მისი გიორგის სუნთქვა არ შეწყდეს.

- ის დღეები რომ მახსენდება, როცა გიორგი ნელ-ნელა ეცემოდა, ამ ქვეყნიდან გაქრობა მინდა, მაგრამ ასე როდი ყოფილა. როცა ამბობენ, უფალი ადამიანს იმაზე მეტ განსაცდელს არ მისცემს, რისი გაძლებაც არ შეუძლიაო, მართალი ყოფილა, ახლა ყველაფერს გაქვავებული ვაკეთებ. ყველაზე ძნელი წუთები ის იყო, როცა ვხედავდი, როგორ უძლურდებოდა ჩემი ჭკვიანი და ლამაზი ბიჭი, როგორ უსუსტდებოდა მუხლები, როგორ მიათრევდა ფეხებს, როგორ დაეჭიმა და გაუშეშდა ხელები, ფეხები და ყველა ნაკვთი, ახლა კი მხოლოდ უნდა ვაცოცხლო და კიდეც ვაცოცხლებ.

- გიორგი ხვდებოდა მის თავს რა იყო?

- უკვე ვეღარ. ნელ-ნელა ყველა და ყველაფერი დაავიწყდა, ოჯახის წევრების და ჩემი სახელიც კი. მხოლოდ სიტყვა "დედა" ახსოვდა და გამუდმებით მეძახდა. სულ ჩემ გვერდით ყოფნა უნდოდა, რომ გულში ჩამეკრა იმ პატარა ჩვილი გიორგივით, რომელიც ოდესღაც მყავდა. ერთ საშინელ დღეს ყბებიც შეეკრა, რომ ვეღარ გავუხსენით, იაშვილის საავადმყოფოში წავიყვანეთ და ამით დამთავრდა ყველაფერი. საავადმყოფოში მხოლოდ ის შეძლეს, რომ გიორგისთვის ზონდით საჭმლის მიცემა მასწავლეს. წაიკითხეთ სრულად

11-02-2019 12:05