"ცხოვრებაში პირველად გამოვცადე ეს გრძნობა და ძალიან მაგარია!" - ემოციები "საქართველოს ვარსკვლავის" მესამე ლაივიდან

"საქართველოს ვარსკვლავის" მესამე ლაივ-კონცერტი წარმატებით შედგა. კონკურსანტებმა ქართული ჰიტები შეასრულეს - ჟიურის და მაყურებლის შეფასებებს თუ გავითვალისწინებთ, მონაწილეებმა დავალებას თავი ადვილად გაართვეს.

ლაივის ლიდერი ლიზა კალანდაძე გახდა. აუტსაიდერებში მოხვდნენ ნინი ცნობილაძე და იკაკო ალექსიძე. საბოლოოდ, პროექტის დატოვება იკაკოს მოუხდა.

იკაკო ალექსიძეს AMBEBI.GE შოუს დასრულების შემდეგ გაესაუბრა:

- კონკურსის წესებია ასეთი, ველოდი ამას, რაც მოხდა, მაგრამ მიხარია, რომ ჩემი მეგობრები მაინც აგრძელებენ მონაწილეობას. ყველა ძალიან მიყვარს, ზოგს მანამდეც ვიცნობდი, ზოგთან აქ მეტად დავახლოვდი - თითოეული მათგანი შემიყვარდა და წარმატებას ვუსურვებ. ყოველთვის გავაგრძელებ მათთან ურთიერთობას და რაც მთავარია, დავესწრები ყოველ ლაივს.

- არადა, ჟიურიმ კარგად შეგაფასა, კარგი შესრულება გქონდა...

- ასე თუ ბევრი ფიქრობს, ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა...

ნათია თოდუა, ჟიურის წევრი:

- მინდა, გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო, ვინც ერთხელ მაინც ლიზასთან დარეკა. მისმა გამოსვლამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსანტია, რომ შეუძლია ღირსეულად წარადგინოს საქართველო „ევროვიზიაზე“. რაც შეხება იკაკოს, გულდასაწყვეტია, რომ სპეციფიკური, ინდივიდუალური და გამორჩეული კონკურსანტი პროექტს გამოეთიშა, მაგრამ ჯერ მხოლოდ 17 წლის არის და ყველაფერი წინ აქვს.

ნინის ცნობილაძის გამოსვლაც ძალიან დასამახსოვრებელი იყო. არ იყო მარტივი სიმღერა, მაგრამ ვფიქრობ, კარგად გაართვა თავი. რაც შეეხება იმას, რომ ის ერთ-ერთი აუტსაიდერი აღმოჩნდა, არ ვიცი, რამ გამოიწვია, მაგრამ, იმედი მაქვს, გულშემატკივრები, ვინც საქართველოში „ევროვიზიის“ ფანკლუბს წარმოადგენს, გააქტიურდებიან, მხარს დაუჭერენ. იმედი მაქვს, რომ შემდეგ ლაივ-კონცერტზე ნინის აუტსაიდერებში აღარ ვიხილავთ.

ზოგადად კი, რაც შეეხება ხარისხს, ყოველ ლაივზე იმატებს და იმატებს. მადლობა მუსიკოსებს, რომლებიც კონკურსანტებს ამ ხარისხის შენარჩუნებაში ეხმარებიან.

ლიზა კალანდაძე, მესამე ლაივის ლიდერი:

- პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ დაბნეული ვარ და ამ წუთას თავს ცუდად ვგრძნობ იმიტომ, რომ ამ პროექტში იკაკო ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი იყო, ის მარტო კარგი მუსიკოსი არ არის, ძალიან კარგი მეგობარია, როგორც ადამიანი - ძალიან მიყვარს...

რაც შეეხება ჩემს გამოსვლას და იმას, რომ ლაივის ლიდერი ვარ, ვერ ვიჯერებ. ცხოვრებაში პირველად გამოვცადე ეს გრძნობა და ძალიან მაგარია! მაყურებელს მინდა მადლობა გადავუხადო, ადამიანებს, რომლებსაც ჩემი სჯერათ და მგულშემატკივრობენ. შევასრულე სერგი გვარჯალაძის ძველი სიმღერა, რომელიც ძალიან მიყვარს, ბავშვობიდან ვუსმენდი. მგონია, რომ კარგი გამოვიდა, რადგან პროცესით ვისიამოვნე, ალბათ მაყურებელმაც. ძლიერი კონკურენციაა, არ ვიცი, ვინ უნდა გავარდეს მომავალ ლაივზე. ამიტომ მოლოდინებთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი.

11-02-2019 13:20