შესაძლოა, ეროვნული გამოცდების ნაცვლად ერთი კომბინირებული გამოცდა ჩატარდეს - როგორ მიიღებენ უნივერსიტეტები  სტუდენტებს 2023-2024 წლიდან

2023-2024 წლიდან შესაძლოა, ეროვნული გამოცდების ნაცვლად ერთი კომბინირებული გამოცდა ჩატარდეს. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც აბულაძემ აღნიშნა, კომბინირებული გამოცდის გარდა უნივერსიტეტები აბიტურიენტებს სამოტივაციო წერილითა და პროექტებში მონაწილეობით შეაფასებენ.

„გრძელვადიან პერსპექტივაში ისევე, როგორც ბევრ დასავლურ ქვეყანაში, მას შემდეგ, რაც სკოლების სისტემა გვექნება იმგვარად უზრუნველყოფილი, რომ ვენდობით სკოლებს და მასში მიმდინარე პროცესებს, შემდეგ წავიდეთ იქეთკენ, რომ სკოლების აკადემიური მიღწევები გრძელვადიან პერსპექტივაში, რას აკეთებდა ეს მოსწავლე 12 წლის განმავლობაში როგორც საგანში, ასევე კლასგარეშე საქმიანობებში, რამდენად ლიდერული იყო, რამდენად აქტიური იყო, შესაძლებელია იყოს ერთი დიდი ცენტრალიზებული გამოცდა, რომელიც იქნება საგნის და უნარის კომბინაცია და ამის გარდა არსებობდეს სამოტივაციო წერილი, პროექტები, სხვადასხვა წყაროები, რის მიხედვითაც უნივერსიტეტი მას შეარჩევს. ეს არის შორეული პერსპექტივა. ჯერ არ ვიცით, იქნება თუ არა ეს ქართული ენისა და ლიტერატურის და უნარების კომბინირებული გამოცდა. თუ ჩვენ ამ ყველაფერზე შევთანხმდით, დავგეგმავთ და წინ წავალთ ისე, როგორც დაგეგმილია, 2023-2024 წელს შეიძლება ამის დანერგვა", - განაცხადა აბულაძემ.

გარდა ამისა, მოსწავლის ცოდნა შესაძლოა, მე-6 და მე-10 კლასებში გამოცდით შეფასდეს. ამის შესახებ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განათლების ექსპერტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამოცდების ახალ მოდელთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც გორგოძემ აღნიშნა, უნდა არსებობდეს არა მაღალი რისკის გამოცდა, არამედ, დაბალი რისკის გამოცდა, რომელიც ბავშვის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.

მაგალითად, გორგოძემ მე-10 კლასში გამოცდის საჭიროებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოცდა არ უნდა იყოს ორიენტირებული მოსწავლის კლასში ჩატოვებაზე, არამედ მან ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლის განვითარებას. რაც შეეხება მე-6 კლასში გამოცდების ჩატარების საჭიროებას, გორგოძის თქმით, მაგალითად, მე-6 კლასში უნდა შემოწმდეს, იცის თუ არა მოსწავლემ წერა-კითხვა.

გორგოძის თქმით, გამოცდები ცენტრალიზებულად ჩატარდება და სკოლას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება.

"დაბალ საფეხურებზე უნდა ჩამოვიტანოთ გამოცდა და მე-10 კლასში გაცილებით მეტად უნდა გამოვცადოთ მოსწავლე, ვიდრე უნარების ტესტში მათემატიკა გამოიცდებოდა. მე-10 კლასში აუცილებლად იქნება გამოცდა", - განაცხადა გორგოძემ.

ცნობისთვის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ განათლების ექსპერტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამოცდების ახალ მოდელთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს.

11-02-2019 16:19