რა წერილი წარადგინა ხაზარაძემ სასამართლოში - "რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ ჩანს"

მამუკა ხაზარაძემ წარმოადგინა ელექტრონული ვერსიით დაბეჭდილი წერილი, რომელსაც არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განუცხადა.

პროკურორის განცხადებით, მათ ჯერჯერობით სასამართლოსთვის გადაცემული წერილის ასლი არ გადასცემიათ, რის გამოც, წერილის შინაარსზე პროკურორი ვერ საუბრობს.

არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, მამუკა ხაზარაძემ წერილი შუამავლის მეშვეობით მიიღო და მას პირადად გიორგი გახარიასგან დოკუმენტი არ ჩაბარებია, რის გამოც, წერილის ავთენტურობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს.

კითხვაზე, თუ რა იქნება პროკურატურის შემდგომში სამოქმედო გეგმა, პროკურორი აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი წერილის ჩაბარების შემდგომ გაირკვევა.

„მამუკა ხაზარაძემ სასამართლოზე წარმოადგინა ჩვეულებრივი ნაბეჭდი ფურცელი, რომლის შედგენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ამ წერილში რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ ჩანს. როგორც ხაზარაძემ განაცხადა, წერილი მან მიიღო შუამავლის მეშვეობით. რაც შეეხება მის შინაარსს, წერილი ჯერჯერობით ჩვენ არ გადმოგვცემია და ამაზე ვერაფერს გეტყვით. სწორედ წერილის გაცნობის შემდგომ დაიგეგმება, თუ რას განახორციელებს პროკურატურა. ჩვენ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას განვახორციელებთ“, - განაცხადა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.

მისივე თქმით, დაიკითხება თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა პროკურატურას მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილი წერილის ასლი გადაეცემა და პროკურორები მის შინაარსს გაეცნობიან.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მამუკა ხაზარაძემოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. საქმე ეხება ხაზარაძის მიერ პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, მას შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ მუქარის წერილი გაუგზავნა. როგორც ხაზარაძე აცხადებს, მან აღნიშნულის შესახებ პროკურატურაში, დაკითხვაზე განაცხადა, თუმცა საგამოძიებო ორგანომ საკითხზე რეაგირება არ მოახდინა.

05-03-2019 16:31
წყარო: ambebi.ge