"მირჩევნია მაჯები გადავიჭრა, ვიდრე ბავშვებს რამეს ვავნო" - მაიკლ ჯექსონის აქამდე უცნობი ინტერვიუ გავრცელდა

გადაცემამ Good Morning Britain გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელიც ამ დრომდე არავის მოუსმენია - „დეილი მეილი“ წერს, რომ საუბარია პირს მორგანის ინტერვიუზე მაიკლ ჯექსონთან, რომელიც 1999 წელს ჩაიწერა. ჯექსონი ინტერვიუში ამბობს, რომ ურჩევნია „მაჯები გადაიჭრას, ვიდრე ბავშვებს რამე ავნოს“.

მუსიკოსი, ასევე, აღნიშნავს, რომ პრესა მას ძალიან უსამართლოდ ექცევა.

„ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, ყველა სიმღერას რომელსაც ვწერ, ცდილობენ ჩემს წინააღმდეგ გამოიყენონ. ეს ძალიან საწყენია, ძალიან ვბრაზობ,“ - ამბობს ჯექსონი ინტერვიუში.

პირს მორგანის თქმით, მან ჯექსონს ინტერვიუ სთხოვა, თუმცა მუსიკოსის თანხმობა მოულოდნელი აღმოჩნდა.

პირს მორგანი

ჯექსონი ინტერვიუში ამბობს, რომ სურს, "შეეხოს მთელ მსოფლიოს, ყველას გულსა და ემოციებს".

„ბავშვები რომ არ არსებობდნენ, ცხოვრებას აზრი არ ექნებოდა... ისინი ჩემი შთაგონების წყაროები არიან“ - ამბობს პოპმუსიკის ვარსკვლავი.

ამის შემდეგ კი მორგანმა ჯექსონს ჰკითხა, ოდესმე ბავშვებისთვის ზიანი თუ ჰქონდა მიყენებული.

„ვიდრე ბავშვებს რამეს ვავნებ, ვენებს გადავიჭრი. ამას არასოდეს ვიზამდი,“ - ამბობს მომღერალი.

ამის შემდეგ კი ჟურნალისტი და რესპონდენტი ლონდონზე საუბრობენ - ჯექსონი აღნიშნავს, რომ ბრიტანეთის დედაქალაქი ძალიან უყვარს და სიამოვნებით იცხოვრებდა, თუმცა ლონდონში პრესისგან დიდ ზეწოლას გრძნობს.

„მსურს, თავი გამანებონ და მომცენ საშუალება ვაკეთო ის, რისი კეთებაც მინდა - ადამიანებისთვის სიკეთის გაზიარება, მათთვის ბედნიერების ჩუქება...“ - აღნიშნავს აუდიოჩანაწერში მაიკლ ჯექსონი.

პოპმომღერალი სკანდალურ დოკუმენტურ ფილმში ორმა მამაკაცმა ძალადობაში დაადანაშაულა. უეიდ რობსონი და ჯეიმს სეიფჩაკი ამბობენ, რომ მცირე ასაკში ჯექსონმა მათთან სექსუალური კავშირი დაამყარა.

05-03-2019 16:43
წყარო: ambebi.ge