"თავის დროზე 3 მილიონად შეფასდა, ახლა მისი ღირებულება ორჯერ აღემატება აჭარის ბიუჯეტს" - უნიკალური ნივთი აჭარის მუზეუმიდან

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში შემონახულ, მილიონებად შეფასებულ ჭადრაკზე პრესაში რამდენჯერმე დაიწერა, თუმცა მოსახლეობის უმრავლესობამ მის შესახებ ბევრი რამ არ იცის. ზოგადად, იქ ჭადრაკის გარდა მრავალი ისტორიული ნივთია, რომელთა მნიშვნელობაზე მუზეუმის მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი თინათინ ფუტკარაძე გვესაუბრება:

- აჭარის ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმი ერთ-ერთი წარმატებული და მრავალფეროვანია საქართველოში. აქ არის სხვადასხვა განყოფილებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია... ხაზგასმით უნდა აღინიშნოს რომ ქალაქი ბათუმი 130 წლის არის და უკვე 110 წლის მუზეუმი აქვს, რაც ძალიან ბევრზე მეტყველებს... 1938 წლის თებერვლიდან 1989 წლის მაისამდე მუზეუმის დირექტორი გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ხარიტონ ახვლედიანი იყო. დღეისთვის მუზეუმში არის ისტორიის, ეთნოგრაფიისა და ბუნების განყოფილება, მდიდარია მუზეუმის სამეცნიერო ფონდი, 180 000 ექსპონატითა და 2000-ზე მეტი ხელნაწერით. წარმოდგენილია დასავლეთ საქართველოში, კერძოდ აჭარაში გავრცელებული ფლორასა და ფაუნას ნიმუშები.

ჩვენთან უნიკალური ჭურჭელი კრატერი ინახება. ეს გახლავთ ღვინისა და წყლის გასაზავებელი ჭურჭელი, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის ექსპონატია. კრატერი 1967 წელს, ფიჭვნარის არქეოლოგიური გათხრების დროს, ცნობილი არქეოლოგების დავით ხახუტაიშვილის და ამირან კახიძის მიერ არის ნაპოვნი. ჩვენს წელთაღრიცხამდე, მეხუთე-მეოთხე საუკუნეების ნივთია. მასში ბერძნები ღვინოსა და წყალს აზავებდნენ და ჭურჭელზე ბერძნული მითოლოგიური სცენებია გამოსახული. ეს ნივთი 1990-იან წლებში გერმანიაში საერთაშორისო გამოფენაზე იყო წარდგენილი და იქ აღიარეს, როგორც მსოფლიო შედევრი...

110 წლის განმავლობაში შეგროვებული უამრავი, უმდიდრეს ექპონატებით ძალიან ბევრი აქვს მუზეუმს საამაყო! მუზეუმი უშვებს ჟურნალს, რომელშიც წარმოდგენილია მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლების ნაშრომები. მაგალითად, ჟურნალში ვგქონდა სტატია ქვის კუბოზე, რომელიც ხულოს რაიონის, სოფელ ოქტომბერშია ნაპოვნი. ქვის კუბოზე ჯვარი და ჯიხვებია გამოსახული. ეს კუბო, სავარაუდოდ, წინაქრისტიანული პერიოდისაა. ქვის კუბოები სხვადასხვა კუთხეში ყოფილა... ამბობენ, რომ ახალციხეშიც ქვის სამარხები არის ნაპოვნი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ხაზს ვუსვამთ, თუ როგორ შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ საუკუნეეებს განმავლობაში მუსულმანები და ქრისტიანები. ჩვენს ოჯახშიც ასეა, მე მაგალითად მართლმადიდებელი ვარ და ბებია მუსულმანი მყავს. ჩვენ ერთმანეთი უკიდეგანოდ გვიყვარს. ამ ყველაფერზე ჩვენ მხოლოდ სიტყვებით კი არა, ექსპონატებით, ისტორიით ვსაუბრობთ! ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმი მთლიანი აჭარის ისტორიას ინახავს!

- ამ მუზეუმში არის ჭადრაკი, რომელზეც ამბობენ, რომ მისი ღირებულება აჭარის დღევანდელ ბიუჯეტს ორჯერ აღემატება...

- დიახ, მაგრამ ნივთი რომ ძვირადღირებულია, მხოლოდ ამის გამო არ უნდა იყოს გამორჩეული სხვა ძალიან უნიკალური წარსულის მქონე ნივთებისგან. ჭადრაკი უდაოდ ძალიან მდიდრულია. სამწუხაროდ, 1990-იან წლებში არ იყო სათანადო პირობები, რომ ეს ჭადრაკი გამოფენილი გვქონოდა... როდესაც მუზეუმის რესტავრაცია მოხერხდა, ჭადრაკი მუზეუმის დარბაზში განთავსდა. მოსახლეობას მის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია ჰქონდა. იგი გასული საუკუნის 70-იან წლებში ბათუმის საბაჟოს თანამშრომლებმა ჩამოართვეს პირს, რომელიც გაგრიდან ისრაელში მიემგზავრებოდა. ჭადრაკი დეკლარაციაში აღნიშნული არ იყო. იგი არის აღმოსავლური, უნიკალური ნაკეთობა (სავარაუდოდ, ჩინური). სპილოს ძვლის 32 ფიგურა ერთმანეთისგან განსხვავდება ფორმით, ფერითა და ზომით და არც ერთი ფიგურა არ მეორდება, განსხვავდებიან სახეებით, ჩაცმულობით, ზომებით. ჭადრაკის ფიგურებში კარგად ჩანს როგორც საბრძოლო, ასევე ყოფითი სტილი: არიან ცხენოსნები ფართოფარფლიანი ქუდებით, ხელში საბრძოლო ცულებითა და შუბებით, ფლეიტაზე დამკვრელები, ბუდისტი ბერები, ღვინის დამტარებლები, გლეხები კალათებით...

"კვირის პალიტრა" (18-24 დეკემბერი, 2000 წ.)

საბაჟოს მაშინდელი უფროსი ნოდარ დუმბაძე ასე იგონებს შემთხვევას: "ჭადრაკი გულდაგულ დავათვალიერეთ და დავასკვენით, რომ ფიგურები მრავალი საუკუნის წინ უნდა იყოს დამზადებული... ყოველი დეტალი საოცარი სინატიფითაა გამოკვეთილი. ეს მართლაც უმაღლესი დონის ხელოვანის ნამუშევარი უნდა იყოს".

ჭადრაკი აჭარის მუზეუმს გადაეცა, სადაც თითოეული ფიგურა 100.000 მანეთად შეაფასეს, რამაც ჯამში სამი მილიონ ორასი ათასი შეადგინა. სპეციალისტების აზრით, ეს ჭადრაკი XVI-XVII საუკუნეების საწყის პერიოდს განეკუთვნება. ჭადრაკის მეპატრონე აფხაზეთში მცხოვრები ებრაელი იყო, რომელიც 1970-იან წლებში ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად. ჭადრაკი შეძენილია ლენინგრადში, შემთხვევით, ბაზრობაზე. 2007 წელს მუზეუმს სტუმრობდა ჭადრაკის ყოფილი მეპატრონის ქალიშვილი, რათა დარწმუნებულიყო, ნამდვილად ინახებოდა თუ არა ის მუზეუმში.

05-03-2019 18:40
წყარო: ambebi.ge