ირაკლი ღარიბაშვილის პირველი კომენტარი პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ - "მოვედი, რათა პარტიის გაძლიერებაში წვლილი შევიტანო"

პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივნის, საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კენჭისყრას არ აპირებს.

როგორც ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა, ის ახლა პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

"არ შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს. მე არ ვაპირებ ახლა პარლამენტში შესვლას. არ ვაპირებ მთაწმინდაზე კენჭის ყრას. მე პარტიაში მოვედი, რათა ამ პარტიის გაძლიერებაში წვლილი შევიტანო", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური მდივნის თანამდებობაზე დაინიშნა.

ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს 2013-2015 წლებში იკავებდა. ბოლო ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ გასულ წელს გავრცელდა - ღარიბაშვილი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატი CEFC Energy Company Limited-ის რეგიონული პროექტების მართვის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად დაინიშნა.

05-03-2019 21:00
წყარო: ambebi.ge