თურმე როგორია კლინიკა, სადაც ბავშვები ბედნიერები არიან - ერთი დედის ბლოგი

ბავშვის ავადმყოფობაზე საშინელი დედისთვის ალბათ არაფერია. განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ბავშვისთვის სანდო პედიატრი არ გყავთ შერჩეული. მე, პირადად, 2 წელი ასეთ გასაჭირში ვიყავი, ვერ მივაგენი პედიატრს, რომელიც ბავშვს სწორ დიაგნოზს დაუსვამდა და თან ზედმეტ წამლებსაც არ დაუნიშნავდა. 2 წლიანი ძიებისა და ასე ვთქვათ, ექსპერიმენტების შემდეგ ასეთი ექიმიც აღმოვაჩინე და მას შემდეგ ბავშვის ავად გახდომისაც დიდად აღარ მეშინია.

ამ ამბიდან დიდი დრო არ იყო გასული, რომ გავიგე თურმე სწორედ იმ კლინიკაში, სადაც ჩვენი პედიატრი გადადიოდა, მშობლებისთვის ტური ეწყობოდა. ასეთ ტურებზე სიარული დიდად არ მიყვარს, მაგრამ როგორც თავშიც ვთქვი, ბავშვის ჯანმრთელობა დედისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ წასვლა გადავწყვიტე.

"ნიუ ჰოსპიტალსის" ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში მისული პირველივე წუთიდან სასიამოვნოდ გავოცდი. მშობლებს ტურს კლინიკის პიარ მენეჯერი კი არა, თავად ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ციბაძე გვიტარებდა. ცენტრი აერთიანებს როგორც ამბულატორიას, ისე ჰოსპიტალურ განყოფილებას.

ტური, რაღა თქმა უნდა, მიმღებიდან დაიწყო. ე.წ. ტრიაჟი, სადაც მისული პაციენტების პირველადი შეფასება ხდება. ამ განყოფილებაში იმუშავებენ თანამშრომლები, რომელთა სტილიც გასართობი ცენტრის ანიმატორების მსგავსი იქნება. თუმცა ისინი არ არიან მხოლოდ ანიმატორები, არამედ გადამზადებულები არიან და ბავშვის სიმძიმის მდგომარეობის პირველად შეფასებას შეძლებენ.

კონსულტაციის შემდეგ ბავშვი ხვდება ობსერვაციის ანუ დაკვირვების ზონაში. 12 საწოლიანი განყოფილება ისეა მოწყობილი, რომ პატარები ზედმეტ სტრესში არ იყვნენ. აპარატურა და სამედიცინო აღჭურვილობა სრულად კარადებშია მოთავსებული და დაფარული, რომ პატარა პაციენტები ზედმეტად აი დაიძაბონ და მათთვის უსიამოვნო ნივთებს არ უყურონ. ობსერვაციის განყოფილებაში ხდება პაციენტებზე დაკვირვება, საჭიროების შემთხვევაში გადასხმის ან სხვა სახის დახმარება. აღებული ანალიზების პასუხებისა და პაციენტის საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით ექიმი იღებს გადაწყვეტილებას ბინაზე გაუშვას თუ შესაბამის განყოფილებაში მოათავსოს პაციენტი.

ობსერვაციის ოთახშია ინტეგრირებული ექთნებისა და ექიმების კუთხეც, რაც პაციენტებისა და მათი მშობლებისთვის ძალიან კომფორტულია. რადგან მათ სამედიცინო პერსონალის ძებნა სხვა ოთახში აღარ უწევთ.

აქვეა შოკის ოთახი, სადაც სასწრაფო დახმარების მიერ შემოყვანილი გადაუდებელი პაციენტები თავსდებიან და მათზე დაკვირვება ხდება. შოკის ოთახი ისევეა აღჭურვილი, როგორც რეანიმაცია. შესაბამისად ამ განყოფილებაში რეანიმაციული პაციენტების მომსახურებაც შესაძლებელია. მოტეხილობებით შესული პაციენტებისთვის კი სპეციალური ოთახი ე.წ. სათაბაშირეა.

ობსერვაციის ოთახში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ პაციენტები ან ბავშვთა განყოფილებაში თავსდებიან ან ბინაზე იწერებიან ექიმის მიერ გაცემული დანიშნულებითა და რეკომენდაციებით.

ბავშვთა გადაუდებელი დახმარების განყოფილების სრული დათვალიერების შემდეგ ბავშვთა სტაციონარული განყოფილების სანახავად წაგვიყვანეს, სადაც საკმაოდ დიდი და რეანიმაციის პალატასავით მოწყობილი ლიფტით აგვიყვანეს. პირველი ყურადღება დერეფანში შესვლისთანავე მიიქცია ველოსიპედებმა, რომლებზეც გადასხმის შტატივი მაგრდება და პატარა პაციენტებს გადასხმის გაკეთება დერეფნებში სეირნობის დროსაც შეეძლებათ.

თავად განყოფილება საკმაოდ დიდი აღმოჩნდა და რაც ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო, გავიგე, რომ ვირუსული დაავადების მქონე პაციენტებისგან დაავადების გადადების შანსი, ფაქტობრივად, ნულია. თითოეულ პალატაში არის უარყოფითი წნევა, რაც ნიშნავს, რომ ოთახიდან ჰაერი დერეფნებში კი არ გადის, არამედ სპეციალური სისტემის საშუალებით გარეთ იტუმბება. ეს ყველაფერი კი ვირუსული დაავადების გავრცელების საფრთხეს გამორიცხავს. მინდა გითხრათ, რომ რაღაცნაირად, შინაგანად დავმშვიდდი.

ძალიან მომეწონა პალატებიც, რომლებიც ტრანსფორმირებადი, კომფორტული საწოლებითაა აღჭურვილი, რომ ყველა ასაკის პაციენტმა თავი კარგად იგრძნოს. მშობლებისთვის კი ისეთი გასაშლელი სავარძელი იყო, მის სახლში ქონაზეც რომ არ ვიტყოდი უარს. ამის გაფიქრება იყო და ბატონმა დავითმა აღნიშნა კიდეც, რომ მათი მიზანია, კლინიკა მაქსიმალურად სახლის მსგავსი იყოს. ასე ბავშვებისთვის მკურნალობის პროცესი ნაკლებად სტრესულია.

პაციენტებზე ზრუნვის კიდევ ერთი განსაკუთრებული ნიშანი იყო ის, რომ თურმე პალატებში ტელევიზორი დღის განმავლობაში მხოლოდ 2 საათით შეაქვთ, რომ საკმაოდ სერიოზული პრობლემისგან, ეკრანზე დამოკიდებულებისგან დაიცვან თავი. მომეწონა დედებისთვის გამოყოფილი პატარა სამზარეულოც, სადაც ცოტა განტვირთვასა და ყავის მშვიდად დალევას შეძლებენ. ვნახეთ უახლესი ლაბორატორიაც, რომლის ანალოგიც თურმე საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება.

მთავარი სიურპრიზი კი თურმე ამბულატორიულ განყოფილებაში მელოდა. მოსაცდელი სივრცე სრულად სათამაშოებითაა სავსე. ექიმების კაბინეტებში კი საოცარი გასასინჯი საწოლები დაგვხვდა. ალბათ, შეუძლებელია მაგიდა პანდაზე ან მარტორქაზე გასინჯვაზე ბავშვმა უარი თქვას ან იწუწუნოს. განყოფილებაში სულ 7 პროფილის ექიმები იქნებიან. თუმცა დამატებით გარკვეული მიმართულების სპეციალისტები მხოლოდ ჩაწერილ პაციენტებს მოემსახურებიან.

ტურის ბოლოს კი საჩუქრები, ფასდაკლების ვაუჩერებიც მივიღეთ და სახლში დამშვიდებულები წამოვედით. ამის მერე მეცოდინება, ავადმყოფობის შემთხვევაში სად უნდა წავიყვანო ჩემი შვილი, რომ მისი მკურნალობაც ეფექტური იყოს და დამატებით სხვა პაციენტებისგან ვირუსული დაავადებებიც არ გადაედოს.

06-03-2019 10:54
წყარო: ambebi.ge