პირთა ნაწილი, რომლებსაც ტექდათვალიერება გავლილი არ აქვთ, 2025 წლამდე აღარ დაჯარიმდება?

ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის შემთხვევაში ავტომობილით გზებზე მოძრაობისას პირებს სამართლებრივი პასუხისმგებლობა შესაძლოა, არ დაეკისროთ. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ფრაქცია „ევროპული საქართველო-რეგიონებს“ ეკუთვნის, პარლამენტში უკვე წარდგენილია.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ინსპექტირების პროცედურის სავალდებულო წესით გავლა ეკონომიკურ ტვირთს წარმოადგენს იმ პირებისთვის, რომლებიც ავტოსატრანსპორტო საშუალებებით დასახლებულ პუნქტებს შორის დამაკავშირებელი გზებით მუნიციპალიტეტებში გადაადგილდებიან.

„ამასთან, ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ გზებზე გადაადგილდებიან ძირითადად კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფი, რომელთა შემოსავლის წყაროს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა. ტექდათვალიერების წარუმატებლად გავლის შემთხვევაში მათ შეექმნათ პრობლემები თავიანთი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ იწვევს მათი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შეფერხებასაც. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ზემოთ აღნიშნულ გზებზე მოძრაობისას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა და სხვა პირების უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის რისკი შედარებით დაბალია. შესაბამისად, ტექდათვალიერების სავალდებულო გავლის დაკანონების მიზანი, რომელიც ემსახურება ტექნიკურად გაუმართავი ავტომანქანების შედეგად გამოწვეული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შემცირებას, ტექნიკური ინსპექტირების პროცედურის გავლის გარეშეც მიღწეულია იმ ტიპის გზებზე, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დროს გამოიყენება და ამავე დროს მუნიციპალიტეტებს და დასახლებულ პუნქტებს აკავშირებს ერთმანეთთან,“-აღნიშნულია განმარტებით ბარათში. წაიკითხეთ სრულად

06-03-2019 12:24
წყარო: ambebi.ge