სალომე ზურაბიშვილის პირველი საპარლამენტო ანგარიში პრეზიდენტის რანგში და ოპოზიციის ბოიკოტი - რა ხდება პარლამენტში

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას ბოიკოტის ნიშნად არ დაესწრება. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„იმის გამო, რომ „ევროპული საქართველოს“ აზრით, ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების დროს ივანიშვილის ხელისუფლებამ მიმართა ამომრჩევლების მასობრივ, ცინიკურ მოსყიდვას, ძალადობას და კრიმინალური სამყაროს დახმარებას, პირდაპირ ბიულეტენების ჩაყრას. იმის გამო, რომ ამისთვის დღეს არავინ დასჯილა, იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც მტკიცებულებები სახეზეა და ვიდეობზეა აღბეჭდილი. ივანიშვილის ხელისუფლებამ მეორე ტურში წინ წამოწია პროპუტინული ძალები და დაიწყო დაშინების კამპანია, ამ ყველაფერმა შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს ამომრჩეველს და დააზიანა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტი. იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილი თავის პოსტზე სწორედ ამ პროცესის შედეგად არის მოხვედრილი, თავად იქცა ამ ყველაფრის სიმბოლოდ, მისი პირველივე ნაბიჯები კი იყო საზოგადოების შეურაცხყოფის გაგრძელება, „ევროპული საქართველო“ იყენებს თავისი ბოიკოტის უფლებას და არ დაესწრება ამ სხდომას“, - განაცხადა ბოკერიამ.

პარლამენტში სახელმწიფოს მეთაური ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე თავისი პირველი ყოველწლიური ანგარიშით გამოდის.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილი საკუთარ მოხსენებაში ყველა აქტუალურ საშინაო და საგარეო საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებთან ერთად იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრები, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დედაქალაქის მერი, სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. პრეზიდენტის მოსასმენად პარლამენტში მივიდნენ უმაღლესი სასულიერო პირებიც.

პოლიტიკური ბოიკოტის გამო პლენარულ სხდომას არ ესწრება „ნაციონალური მოძრაობაც“.

06-03-2019 12:40
წყარო: ambebi.ge