"სასწრაფო მეზობელმა გამოიძახა... გარდაცვლილი, ექიმის ძმა აღმოჩნდა" - ვინ იყო გლდანში CO-ს გაჟონვის შედეგად დაღუპული მამაკაცი

გლდანში, III ა მოკრორაიონში, CO-თი მოწამვლის შედეგად 33 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, დაღუპული 1986 წელს დაბადებული ლევან ბუთხუზია, რომელიც მეგობართან იმყოფებოდა სტუმრად. ბუთხუზს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

როგორც ადგილობრივმა მცხოვრებმა AMBEBI.GE-სთან საუბარში განაცხადა, გარდაცვლილი შემთხვევის ადგილას მისული სასწრაფოს ექიმის ძმა აღმოჩნდა. სამედიცინო დახმარების პერსონალს ახალგაზრდა მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

AMBEBI.GE-ს ადგილობრივმა უამბო, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ერთ-ერთმა მეზობელმა გამოიძახა, რადგან სახლში გაზის სუნი იგრძნო. როგორც გაირკვა, გაზი მათ სახლში მეზობლიდან ჟონავდა. ექიმები ზედა სართულზე ავიდნენ, საიდანაც ივარაუდეს, რომ სუნი მოდიოდა, ბინის კარი შეამტვრიეს და ასე შეაღწიეს ბინაში.

"საშინელი ამბავია... სასწრაფო მეზობელმა გამოიძახა, მათ ემსახურებოდნენ ექიმები და მალევე გაირკვა რომ გაზი მათი სახლიდან არ ჟონავდა. ზედა სართულის კარი შეამტვირიეს და ეს საშინელი ამბავი დახვდათ. გარდაცვლილი სასწრაფოს ექიმის ძმა აღმოჩნდა... მეორე ახლგაზრდა ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია” - განუცხადა AMBEBI.GE-ს ადგილობრივმა.

"ყაზტრანსგაზის" ინფორმაციით, უბედური შემთხვევა აკრძალული ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებლის მოხმარებამ გამოიწვია. ნაქირავებ ბინაში მყოფი ერთი ადამიანი CO-თი გარდაიცვალა, მეორე კი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. კომპანიის ინფორმაციით, ბინაში დამონტაჟებული კუსტარული წყალგამაცხელებლის საკვამლე მილი, ბინის მეპატრონეს კორპუსის სავენტილაციო არხზე ჰქონდა მიერთებული, რამაც CO-თი ამავე კორპუსის პირველ სართულზე მყოფი ორი მეზობლის მოწამვლა გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 140-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტორი: თიკო გურაშვილი

06-03-2019 13:03
წყარო: ambebi.ge