მუქარის წერილში, რომელიც მამუკა ხაზარაძის თქმით, გიორგი გახარიამ გაუგზავნა, სამი ტელევიზიაა მოხსენიებული

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურისთვის გადაცემულ წერილში, რომელსაც საგამოძიებო უწყება ასაჯაროებს, „ყველანაირი წინაპირობის გარეშე“ შესასრულებელ 3 სახის ულტიმატუმზეა საუბარი.

ამასთან, წერილში აღნიშნულია, რომ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, „გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და ობიექტურ საშუალებას და გააკეთებენ ამას საჯაროდ შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის“.

წერილში მოხსენიებულია სამი ტელეკომპანია - "ტვ პირველი", რომელიც ვახტანგ წერეთლის მფლობელობაშია. ვახტანგ წერეთლის მამა, ავთანდილ წერეთელი თავის მხრივ "თიბისი ბანკის" საქმეში მოხსენიებული „სამგორი M”-ისა და „სამგორი თრეიდის“ მფლობელია.

წერილში ასევე ნახსენებია "ტელე იმედი" და ტელეკომპანია "არტარეა", რომელიც "თიბისი ბანკის" მიერ დაფუძნდა.

AMBEBI.GE პროკურატურის მიერ გავრცელებული წერილის შინაარს უცვლელად გთავაზობთ:

„დადასტურებულად ვიცით, რომ გვებრძვით და აქ საქმე არ ეხება მხოლოდ ფინანსებს; ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, თუმცა თქვენი მხრიდან გრძელდება დესტრუქციული ქმედებები.

ყველანაირი წინაპირობის გარეშე:

1. უახლოეს 5 დღეში "TV 1" უნდა დაჯდეს "TV იმედის" ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაციო პოლიტიკიდან).

2. მ.ხ-მ (მამუკა ხაზარაძე წერილში ინიციალებითაა მოხსენიებული) უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში და რომ ამის განმეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი).

3. "არტარეას" უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი

ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, ვაწარმოოთ ჯანსაღი მოლაპარაკებები ყველანირი წინაპირობების გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და ობიექტურ საშუალებას და გავაკეთებთ ამას საჯაროდ შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის" - ნათქვამია წერილში, რომელსაც პროკურატურა აქვეყნებს.

06-03-2019 14:44
წყარო: ambebi.ge