"იმედი მაქვს, რომ მუხტი და "დრაივი" არ დააკლდება, რომ წინ იაროს" - ნათია თოდუა "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალის შესახებ

"საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებული ოთო ნემსაძე საქართველოს "ევროვიზია 2019"-ზე მაისში წარადგენს. "საქართველოს ვარსკვლავის" გრანდიოზული ფინალური შოუ 3 მარტს ფილარმონიაში გაიმართა და შოუში მაყურებლის არნახული აქტივობა დაფიქსირდა - კონკურსანტების მხარდასაჭერად ფინალში 235 000-მდე ხმა შევიდა და მათი უმრავლესობა ოთო ნემსაძემ მიიღო.

AMBEBI.GE-მ, როგორც "საქართველოს ვარსკვლავის" მედია-პარტნიორმა, კონკურსში საკუთარი რჩეული დაასახელა - ეს კონკურსანტი ლიზა კალანდაძეა. ერთი კვირის განმავლობაში AMBEBI.GE-ზე მიმდინარეობდა გამოკითხვა, რომლითაც საიტის მკითხველს საკუთარი ფავორიტი უნდა აერჩია. გამოკითხვაში მონაწილეობა 20 000-მა უნიკალურმა მკითხველმა მიიღო (ერთი კომპიუტერიდან მხოლოდ ერთხელ იყო ხმის მიცემა შესაძლებელი) და მათმა 39%-მა ლიზა კალანდაძეს მისცა ხმა.

AMBEBI.GE-ს მკითხველის რჩეულს საჩუქრად გადაეცა ორდღიანი საგზური ორ პერსონაზე სასტუმრო "კაჭრეთის ამბასადორში", ამასთან ვებ-გვერდზე მთელი წლის განმავლობაში გაშუქდება ლიზა კალანდაძის კარიერასთან დაკავშირებული სიახლეები.

ფინალურ შოუში „საქართველოს ვარსკვლავის“ შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაგვიზიარა ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა ნათია თოდუამ:

- ოთო ნემსაძეს სულით და გულით ვულოცავ წარმატებას. ძალიან იბრძოლა და იშრომა იმისთვის, რომ პირველი ადგილი დაეკავებინა. მე ყოველთვის ვაცხადებდი საჯაროდ, რომ ჩემი ფავორიტი არის ლიზა კალანდაძე. ის არის და იქნება ჩემი ფავორიტი სულ და დარწმუნებული ვარ, მას არაერთხელ შევხვდები სცენაზე და ერთადაც ვიმუშავებთ მომავალში.

გიორგი ფრუიძის პრიზით აღფრთოვანებული ვარ! (შოუს ყველაზე პატარა მონაწილე საფრანგეთში, საერთაშორისო მუსიკალურ აკადემიაში სპეციალურად შერჩეულ კურსს გაივლის, ავტ.) მადლობა „პირველ არხს“, თიკო ბერძენიშვილს, რომ კონკრეტულად მისი მხარდაჭერა ასე გადაწყვიტეს, მაგარი შანსი მისცეს, რომ კვალიფიკაცია აიმაღლოს უცხოეთში და თავისი შესაძლებლობები კიდევ უკეთ გამოამჟღავნოს, როგორც მუსიკის ავტორმა და მომღერალმა.

რაც შეეხება გიორგი ნაკაშიძეს, იმედი მაქვს, რომ მუხტი და „დრაივი“ მას არ დააკლდება არასდროს, რომ წინ იაროს. კონკურსი დასრულდა და გული მწყდება, რომ შემდეგ შაბათს აღარ გაგრძელდება.

მადლობელი ვარ „საქართველოს ვარსკვლავის“, ასეთი შანსი რომ მომცა, ამხელა გამოცდილება მიმეღო, არაჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად ვყოფილიყავი სცენაზე, დიდი გამოცდილება მიმეღო. ვისურვებდი, ამ კონკურსანტებმა მუსიკალური კარიერა გააგრძელონ, ჩაწერონ სიმღერები, ჩაატარონ კონცერტები, არ გაჩერდნენ და თავიანთი საქმიანობა გააგრძელონ. უბრალოდ, უნდა მოინდომონ, იბრძოლონ, საკუთარი თავი იპოვონ იმ ჟანრში, რაშიც ყველაზე ძლიერები არიან. მჯერა იმის, რომ შეუძლებელი არაფერია. უბრალოდ, ოცნებებს უნდა მივცეთ არსებობის შესაძლებლობა", - გვითხრა ნათია თოდუამ.

05-03-2019 16:51
წყარო: ambebi.ge