"ჭერზე სიარული, თავდაყირა დასვენება და სწორი გზა, რომელიც თავბრუს გახვევს" - მუზეუმი, რომელიც საოცრებათა სამყაროში გამოგზაურებთ

ასეთ მუზეუმში არასდროს ვყოფილვარ, სადაც ექსპონატები საკუთარ თავზე ამბავს მხოლოდ კი არ ყვებიან, გაოცებენ და სხვა სამყაროში გადაყავხარ. ეს ილუზიების მუზეუმიაა, რომელიც ჩვენს ქალაქში გაიხსნა. მსგავსი სივრცე მსოფლიოს 15 ქვეყანაში უკვე არსებობს და მათ რიცხვს ჩვენი მუზეუმიც შეემატა. დამთვალიერებლებს უცანარი და საინტერესო აღმოჩენების გაკეთების საშუალება აქვთ. ვისაც სურს, რეალურ სამყაროს მოსწყდეს და ილუზიების სამყაროში გადაინაცვლოს, მუზეუმი უკმაყოფილოს ნამდვილად არ დატოვებს.

უკმაყოფილო როგორ უნდა იყო, როცა იქ შესულს, ჭერზე სიარული შეგიძლია, ჭერზე ჯდომა და თავდაყირა დასვენება, სარკეები კი უპრობლემოდ იმდენჯერ გაგამრავლებს, რაზეც ალბათ ხუმრობით ერთხელ მაინც გიოცნებია. არის ოთახი, სადაც კედელი ტრიალებს და ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს შენც მასთან ერთად მოძრაობ. ეს არის გვირაბი, რომელშიც უნდა გაიარო და მიუხედავად სწორი გზისა, გარემო თავბრუს გახვევს, გაგიჟებს და გამართულად ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი რთულდება.

ამ უცნაური სამყაროდან გამოსვლის შემდეგ, ისევ გამიჩნდა იქ დაბრუნების სურვილი - ჭერზე სიარული ვერ გამოვცადე… მოკლედ, მთავარი ის არის, რომ "ილუზიებში" მისული თავად ირჩევ, გაერთო, ირბინო, იცინო, ფოტოები გადაიღო თუ ითამაშო... როგორც მუზეუმის თანამშრომლები გვეუბნებიან, იქ ყველა ექსპონატი შემეცნებითია, რადგანაც რეალობა სხვანაირია, უბრალოდ, მას ჩვენი თვალები განსხვავებულად აღიქვამს.

როგორც ვთქვით, სივრცე გასართობი ტიპისაა, რაც ძალიან სახალისოა. რატომაც არა, როცა ესა თუ ის ნივთი სხვანაირად გეჩვენება და სინამდვილეში კი სხვანაირია. აღნიშნულ სივრცეში სულ 80 ექსპონატია განთავსებული. როგორც უკვე ვთქვით, ილუზიების მუზეუმი მსოფლიოს 15 ქვეყანაში უკვე არსებობს და ყველგან პოპულარობით სარგებლობს.

რა არის ილუზია? სინამდვილის დამახინჯებულად, მცდარად აღქმა... დიახ, თუ ერთ კუთხეში გიგანტი ხარ, მეორეში - ჯუჯა. ეს ვიზუალური ილუზიაა, რომლის დროსაც ადამიანი ერთი კუთხიდან მეორეში გადასვლისას იზრდება ან პატარავდება.

აი, ლანგარზე დადებული თავი კი, მნახველის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

ადამიანი, რომელიც თითქოს სკამზე ზის უფრო პატარა ჩანს, მაგრამ ყველაფერი, რა თქმა უნდა, პერსპექტივის დამსახურებაა.

მუზეუმის ექსპონატები დაფუძნებულია მეცნიერებაზე, მათემატიკაზე, ბიოლოგიასა და ფსიქოლოგიაზე. ილუზიების პირველი მუზეუმი ზაგრებში (ხორვატია) 2015 წელს გაიხსნა, რასაც წინ უძღვოდა ორწლიანი მომზადების პროცესი, ბაზრის კვლევა, ექსპონატების შექმნა.

როგორც ილუზიების მუზეუმში გვეუბნებიან, დღეს ის მსოფლიოს მუზეუმების ყველაზე სწრაფად მზარდი ქსელია. შექმნილია იმისათვის, რომ გაგვართონ, გაგვაოცონ და ჩვენი შეგრძნებების სტიმულირება მოახდინონ. მუზეუმი თბილისში კი ვიზიტორებს დილის 9 საათიდან საღამოს 11 საათამდე მიიღებს.

06-03-2019 17:09
წყარო: ambebi.ge