რა ხდება თბილისის სადგურებში, საიდანაც ყოველდღიურად საქალაქთაშორისო ტრანსპორტი დადის

თბილისში მდებარე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის სადგურებს ყოველდღიურად ათასობით ადამიანი აკითხავს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადაადგილების სურვილით. თუ იქ ერთხელ მაინც ყოფილხართ, არსებული ანტისანიტარია და მოუწესრიგებელი სიტუაცია ნამდვილად არ დაგავიწყდებოდათ.

ერთ-ერთმა მკითხველმა თბილისის რამდენიმე ავტოსადგურზე გადაღებული ფოტოები მოგვაწოდა, რომელზეც კარგად არის ასახული, ყოველდღიურად რა სიტუაციაში უწევთ მძღოლებსა თუ მგზავრებს დედაქალაქიდან გამგზავრება. ანტისანიტარია საპირფარეშოებში, რომელთა გვერდით კვების პროდუქტებიც იყიდება; "მარშუტკების" ქაოტური გადაადგილების გამო შეფერხებული მოძრაობა, ხმაური, მოუწესრიგებელი სალაროები, სადაც მგზავრები ხშირად ბილეთს არც ყიდულობენ და თანხას პირდაპირ მძღოლებს უხდიან და ა.შ.

წესით და რიგით, იმ კომპანიებმა, რომლებიც მგზავრთა გადაყვანას უზრუნველყოფენ, მალე გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ. აუცილებელი გახდება ავტოსადგურების სერტიფიცირებაც.

აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრომ სპეციალური კანონპროექტიც შეიმუშავა, რომელიც მთავრობამ 2018 წლის საშემოდგომო სესიაზე წარადგინა.

კანონპროექტში ვკითხულობთ: "უწესრიგობას ვაწყდებით სადგურების გვერდის ავლით მგზავრთა კომერციული გადაყვანების განხორციელებისას. სისტემატური ხასიათი მიიღო მგზავრთა გადაყვანამ მასობრივი თავშეყრის ადგილებიდან, ნაცვლად ავტოსადგურებისა, რის გამოც მკვეთრად გაიზარდა ავტობუსების ქაოსური მოძრაობის ინტენსივობა, იქმნება საცობები, საგრძნობლად გაუარესდა ეკოლოგიური მდგომარეობა.

ხშირ შემთხვევებში გადაზიდვების პროცესი ხორციელდება არალეგალიზებული (სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გარეშე მომუშავე) გადამზიდველების მიერ მოძრაობის განრიგების გარეშე, მოძრაობის, გარემოს დაცვისა და მძღოლთა შრომისა და დასვენების ნორმების უგულებელყოფით. მნიშვნელოვნად გაიზარდა დაბალი კვალიფიკაციის მქონე არაპროფესიონალთა რიცხვი, რომლებიც იძენენ იაფფასიან ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა უმრავლესობა არც ტექნიკური პარამეტრებით და არც ეკონომიკური თვალსაზრისით არ შეესაბამება მგზავრთა გადაყვანის მოთხოვნებს და იწყებენ მგზავრთა გადაყვანას" - აღნიშნულია კანონპროექტში.

06-03-2019 17:54
წყარო: ambebi.ge