პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორის "ჩიკაც" მოხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 61 თანამშრომელი უკვე გათავისუფლდა. ამჟამად მესამე ეტაპი მიმდინარეობს, რის შემდეგაც ადმინისტრაციაში სულ 60 თანამშრომელი უნდა დარჩეს.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორის სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი ანი ჩირაძეც (ჩიკა) მოხვდა. იგი პრეზიდენტ მარგველაშვილთან არსებულ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოში მუშაობდა, რომელიც ახალი კონსტიტუციით გაუქმებას დაექვემდებარა და სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში ძველ თანამშრომლებთან ერთად ვერც ანი ჩირაძე დასაქმდა.

საბჭო 16 ნოემბერს გაუქმდა, რის შემდეგაც ანი ჩირაძემ "ფეისბუქზე" სამსახურში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით, "#გაუქმებულინაშრომი", რაშიც, სავარაუდოდ, სწორედ მისი სამსახურის გაუქმებას გულისხმობდა. როგორც ცნობილია, ჩირაძე უშიშროების საბჭოში იმ დროიდან მუშაობდა, რაც საბჭოს მდივნად ირინა იმერლიშვილი დაინიშნა. ასევე ცნობილია, რომ ჩირაძე და იმერლიშვილი მეგობრობენ.

იმერლიშვილი საბჭოს მდივნის თანამდებობაზე 2013 წლიდან მუშაობდა, მას შემდეგ კი რაც ის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა, უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა დავით რაქვიაშვილმა დაიკავა.

06-03-2019 18:40
წყარო: ambebi.ge