ბაკურიანში 20 წლის ბიჭმა საკუთარი ძმა ცივი იარაღით მოკლა

ბაკურიანში, 20 წლის ბიჭმა საკუთარი ძმა ცივი იარაღით მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახური კონფლიქტის და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. უწყების ცნობით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დაბა ბაკურიანში მომხდარი, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა გახსნეს - დაკავებულია 1999 წელს დაბადებული ი.ბ.

დანაშაული 13-იდან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ დაბა ბაკურიანში ოჯახური კონფლიქტის და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა ძმას 1989 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. 30 წლამდე მამაკაცი მიღებული ჭრილობებით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, დაბა ბაკურიანში დააკავეს. სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს"- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

06-03-2019 22:45
წყარო: ambebi.ge