სამი ქართველი მოსწავლე, რომლებიც მსოფლიოს პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით ჩაირიცხნენ

ლუკა გურგენიძე, ლექსო ბორაშვილი და ლუკა მდივანი იმ ქართველ მოსწავლეთა შორის არიან, ვინც სექტემბრიდან ამერიკულ განათლებას მიიღებს და რაც მთავარია, სრულიად უფასოდ!

ბიჭები სკოლა-პანსიონ კომაროვის იმ ხუთ მოსწავლეს შორის არიან, რომლებმაც შეძლეს მოეპოვებინათ ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სწავლის უფლება სრული დაფინანსებით. მოსწავლეებმა AMBEBI.GE-ს მკითხველს თავიანთი წარმატების შესახებ ემოციები გაუზიარეს და უამბეს, როგორ შეძლეს რამდენიმე ათასი აშშ დოლარის დაფინანსების მოპოვება მსოფლიოს ყველაზე ცნობილ უნივერსიტეტებში.

ლუკა გურგენიძე და ლექსო ბორაშვილი სწავლას აშშ-ში გააგრძელებენ, ლუკა მდივანი კი სექტემბრიდან მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩინეთში იცხოვრებს და ამერიკულ უნივერსიტეტში ისწავლის.

ლუკა გურგენიძე, Vanderbilt University

ლუკა გურგენიძე აშშ-ში, ნეშვილში მდებარე "ვანდერბილტის უნივერსიტეტში" (Vanderbilt University) ჩაირიცხა. სასწავლებელი ტენესის შტატში მდებარეობს და საუკუნოვანი ისტორია აქვს. დღეისთვის, "ვანდერბილტის" ოთხ საბაკალავრო და ექვს სამაგისტრო პროგრამაზე 11 000 სტუდენტი სწავლობს, რომლებმაც უნივერსიტეტში მოსახვედრად საკმაოდ რთული გზა გაიარეს.

"ვანდერბილტმა" ლუკას წელიწადში 80 000 დოლარის ღირებულების პროგრამა დაუფინანსა. ქართველი სტუდენტი კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით მიიღებს ცოდნას.

"დიდი ხანია, გადაწყვეტილი მაქვს, რომ კომპიუტერული მეცნიერებები ვისწავლო და ვეძებდი უნივერსიტეტს, სადაც თავს მაქსიმალურად კომფორტულად ვიგრძნობდი და ამავდროულად, შესაძლებლობა მექნებოდა, სრული დაფინანსება მომეპოვებინა. დაფინანსების გარეშე იმდენად დიდია გადასახადი, რომ იქ წასვლა თითქმის ყველა ქართველისთვის შეუძლებელია.

კომპიუტერული მეცნიერებები ალბათ იმიტომ ავირჩიე, რომ ბავშვობაშივე მქონდა ამ სფეროსთან შეხება. მე-6 კლასიდან დავდიოდი საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ "მზიურში" და ეს სფერო ძალიან მომწონდა. შემდეგ აღარ მქონდა შესაძლებლობა, სწავლა გამეგრძელებინა "მზიურში" და მოვწყდი ამ სფეროს.

გადავედი მათემატიკაში, თუმცა საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ინტერესი დამრჩა. კომპიუტერი, პროგრამირება, კიბერუსაფრთხოება - მსგავსი საკითხები ძალიან მაინტერესებს და ამიტომ ჩავაბარე კომპიუტერულ მეცნიერებებზე. "მზიურის" პროგრამა საკმაოდ რთულია და გაძლევს შანსს, რომ პროგრამირების საწყისები შეისწავლო" - გვეუბნება ლუკა.

იმისთვის, რომ სწავლა "ვანდერბილტში" გაეგრძელებინა, ლუკა საკუთარ თავზე წლების განმავლობაში მუშაობდა. ეს პროცესი როგორც სხვადასხვა ოლიმპიადას, ისე მოხალისეობრივ და სხვა ტიპის საქმიანობას მოიცავდა.

"იმისთვის, რომ ამ უნივერსიტეტში მოხვდე, უნდა დაწერო პერსონალური ესე, რომელსაც შერჩევის პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ქულებისა და სხვადასხვა აქტივობის გარდა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. წლების განმავლობაში, მე-12 კლასამდე უნდა მოასწრო ამ ყველაფრის გაკეთება, გამოცდების ჩაბარებაც, კარგი აკადემიური მოსწრებაც" - ამბობს ლუკა და შეკითხვაზე - როგორ ფიქრობს, რატომ მოხვდა იმ იღბლიან სტუდენტებს შორის, ვინც "ვანდერბილტში" ისწავლის, გვპასუხობს, რომ ერთ-ერთია, ვისაც მომავალში "საქმის კეთება" მართლა სურს და მისი წარმატებაც ამან განაპირობა.

ამერიკული უნივერსიტეტის სტიპენდიანტმა ჯერჯერობით არ იცის, სწავლის დასრულების შემდეგ საქართველოში ჩამოვა და მიღებულ ცოდნას აქ გამოიყენებს თუ მუშაობას აშშ-ში გააგრძელებს. ჯერჯერობით, იცის ის, რომ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები წარმატებულად და უმაღლესი შეფასებებით უნდა დაასრულოს.

ლექსო ბორაშვილი, Lafayette College

2019 წლის სექტემბერი ლექსო ბორაშვილისთვისაც გარდამტეხი იქნება. 17 წლის ახალგაზრდა სწავლას პენსილვანიაში, "ლაფაიეტის კოლეჯში" (Lafayette College) სავარაუდოდ, კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით გააგრძელებს.

ლექსოს 4-წლიანი საბაკალავრო პროგრამის სრული ღირებულება 280 000 დოლარია და მან სრული დაფინანსების მოპოვება შეძლო. უნივერსიტეტში მოსახვედრად ლექსომაც აპლიკაცია შეავსო, მიუთითა თავისი აქტივობები, ნიშნები, რეკომენდაციები, ერთი თვის შემდეგ კი მისთვის ყველაზე სასურველი და სასიხარულო პასუხი მიიღო.

კოლეჯში სწავლის გასაგრძელებლად სხვადასხვა საგანში ტესტის დაწერაც მოუხდა, საიდანაც ფიზიკა-მათემატიკაში უმაღლესი - 800 ქულა მიიღო.

"ამხელა ქულას იშვიათად იღებენ ხოლმე და სკოლის განათლება ამაში კარგად დამეხმარა. მილიონობით ადამიანი აბარებს ამ გამოცდას, თუმცა, სავარაუდოდ, ამხელა ქულას 5%-იც ვერ იღებს. ამერიკაში ფიზიკის მიმართულებით განათლებას სხვანაირად იღებენ და სკოლებში ამ საგნის სწავლებაც სხვაგვარად ხდება. ამ მხრივ კომაროვის სკოლაში ხელშეწყობა არის, რომ ის მასალა, რისი სწავლაც უცხოეთშიც მოუწევთ, ბავშვებმა მარტივად აითვისონ" - გვითხრა ლექსომ.

ლუკა მდივანი, Duke Kunshan University

ლუკა გურგენიძისა და ლექსო ბორაშვილისგან განსხვავებით, ლუკა მდივანი არა აშშ-ში, არამედ ჩინეთში, დუკ კუნშანის ამერიკულ უნივერსიტეტში (Duke Kunshan University) ისწავლის. ჯერჯერობით ჩინურად ვერ საუბრობს, თუმცა იმედოვნებს, რომ ახლო მომავალში ისწავლის. საბაკალავრო პროგრამის ღირებულება, რომელზეც ლუკა ისწავლის, წელიწადში 55 000 დოლარია.

"კარიერის გაგრძელებას ვაპირებ კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით. ამ მხრივ ჩინეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა. როცა უნივერსიტეტს ვარჩევდი, ვიფიქრე იმაზე, რომ სწავლასთან ერთად, ჩინურ კულტურას გავეცნობოდი და თან ამერიკულ უნივერსიტეტში ვისწავლიდი" - აღნიშნა ლუკა მდივანმა.

რატომ ირჩევენ ქართველი სტუდენტები უცხოურ განათლებას? - ამ შეკითხვაზე ლუკას ცალსახა პასუხი აქვს: "სწავლების დონე იქ უფრო მაღალია და უცხოური გამოცდილების საქართველოში ჩამოტანა და სხვებისთვის გაზიარება შეგიძლია".

სკოლა-პანსიონ კომაროვის მოსწავლეების სამომავლო გეგმები ჯერჯერობით, სრულად აკადემიურ საქმიანობას უკავშირდება, სამომავლოდ, როგორ გამოიყენებენ თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას, ამის პროგნოზირება ჯერჯერობით უჭირთ.

07-03-2019 10:10
წყარო: ambebi.ge