პენისის გადიდების ოპერაციის დროს 65 წლის მილიარდერი გარდაიცვალა

ბრილიანტებით მოვაჭრე, ბელგიელ-ისრაელელი მილიარდერი პენისის გადიდების ოპერაციის დროს ინფარქტით გარდაიცვალა, ინფორმაციას „დეილი მეილი“ ავრცელებს.

65 წლის ეჰუდ არიე ლანიადოს ოპერაცია პარიზში, ერთ-ერთ კერძო კლინიკაში უტარდებოდა. როდესაც სუბსტანცია პენისში შეიყვანეს, მამაკაცმა ინფარქტი მიიღო.

ლანიადოს კომპანია „ომეგა დაიამონდსი“ ბელგიაში, ანტვერპენში მდებარეობს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გარდაცვალების მიზეზზე საუბარი არ არის.

„დიდი მწუხარებით ვადასტურებთ, რომ მფლობელი ეჰუდ არიე ლანიადო გარდაიცვალა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ბიზნესმენის მეგობარი, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა, ამბობს, რომ ლანიადო ძალიან ბევრს ზრუნავდა გარეგნობაზე და სხვების აზრი მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო.

„კომპანიაში მას არგენტინელს ვეძახდით, რადგან ის ტანგოს მოცეკვავესავით გამოიყურებოდა,“ - ამბობს ბიზნესმენის მეგობარი.

ლანიადო ფლობდა ძალიან ძვირადღირებულ პენტჰაუსს მონაკოში, რომლის ფასი 40 მილიონ დოლარზე მეტია. ასევე, მის საკუთრებაში იყო სახლი ლოს-ანჯელესში, სადაც ცნობილ ადამიანებთან ერთად ხშირად მართავდა წვეულებებს.

ბრილიანტის ექსპერტმა კარიერა აფრიკაში დაახლოებით 20 წლის ასაკიდან დაიწყო. მას არ ჰქონდა უმაღლესი განათლება და თელ-ავივში, სასტუმრო „ჰილტონში“ მასაჟისტად მუშაობდა.

„ანტვერპენში აღმოაჩინეს, რომ მას არაჩვეულებრივი უნარები ჰქონდა. ბრილიანტის ექსპერტებს შორის ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო,“ - ამბობს ლანიადოს მეგობარი.

ბელგიელ-ისრაელელი მილიარდერის ქონების ზუსტი ოდენობა ცნობილი არ არის.

07-03-2019 12:25
წყარო: ambebi.ge