"ვაჟკაცური ვიყავი და ვერ მიბედავდნენ ხელის თხოვნას" - ტაქსისტი ბებოს რეალური ისტორია

ხმაური, მანქანებით მუდამ გადატვირთული ქუჩები, არასასიამოვნო მგზავრები - ეს 65 წლის ელენე მენთეშაშვილის ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. პატრიარქალური საზოგადოების მიერ დაყოფილ ქალებისა და მამაკაცების პროფესიებიდან "ელიკო ბებომ" ტაქსისტობა აირჩია, უფრო სწორედ პროფესიამ აირჩია ის. როგორც თავად გვიყვება, მას ბავშვობიდან ერთი მიზანი ჰქონდა, რომელსაც მიაღწია - "ჟიგულის" ყიდვა თავისი სახსრებით. თუმცა, გასული წლების კვალდაკვალ არა მხოლოდ ელიკოს პროფესია, არამედ მისი ოცნებებიც შეიცვალა. ახლა ის მშვიდ ცხოვრებასა და ვალების გასტუმრებაზე ოცნებობს.

- რატომ გადაწყვიტეთ გამხდარიყავით ტაქსის მძღოლი?

- "ტაქსაობა" დავიწყე 12 წლის წინ, როდესაც უმუშევარი დავრჩი. აბაშიძეზე მდებარე მაღაზიაში ვმუშაობდი 30 წლის განმავლობაში, მერე კი მაღაზიის გამგე გავხდი. პრივატიზაციის შემდეგ კი დავრჩი უმუშევარი. ხელი მოგვაწერინეს რაღაც საბუთზე, მოგვატყუეს და აღარ მოგვცეს წილი. სწორედ ამის შემდეგ დავიწყე "ტაქსაობა".

VIDEO: ვინ არის თბილისის ერთადერთი "ტაქსისტი" ბებო და როგორია მისი განვლილი ცხოვრება

- რა რეაქცია აქვთ მგზავრებს, როდესაც საჭესთან გხედავენ?

- ძალიან ადრე ჟიგული რომ მყავდა, პატარა ბიჭებს უხაროდათ რომ მისხდებოდნენ ხოლმე. უკვრდათ მაშინ. თუმცა, ახლა უკვე ტაქსისტ გოგოებს კომპანიებიდანაც იძახებენ და აღარ არის იმდენად გასაკვირი. ხშირად "გადავუგდივარ".

- დღის რომელ მონაკვეთში გირჩევნიათ "ტაქსაობა"?

- გამოვდივარ შუადღისით 2 საათიდან ღამის 3-4 საათამდე ვმუშაობ. უფრო ღამე მიყვარს მგზავრობა, იმიტომ რომ საცობებს ვერიდები, ქუჩებიც ნაკლებად არის გადატვირთული და მეტი თავისუფლებაა. მაგრამ, ტაქსზე დილით უფრო მეტი მოთხოვნაა, მე დილაობით ვერ ვმუშაობ ღამენათევს გამოძინება ხომ მჭირდება? დღეში 50-60 ლარი გამომდის. თუმცა, გააჩნია დღესაც. ყოფილა შემთხვევები, როცა 40 გამიკეთებია ან სულაც 80.

- რა არის თქვენი პროფესიის დადებითი და უარყოფითი მხარეები?

- დადებითი მხოლოდ ის არის, რომ შემოსავალი მაქვს, მაგრამ ძალიან რთული და ნერვებისმომშლელია. ხანდახან, როცა დამინახავენ, რომ ქალი ვარ 5 ლარის ნაცვლად 20 ლარიც კი მოუციათ. თუმცა, მაინც რთულია. რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, არასასიამოვნო მგზავრები ხშირად მხვდებიან. ერთხელ, ვიღაც ახალგაზრდა ბიჭმა მთხოვა, რომ გავეყოლებინე კოლმეურნეობის მოედანზე. მე სხვაგან, სულ სხვა მხარეს მივდიოდი. იქით რომ წავსულიყავი, ფულსაც არ გამოვართმევდი, ისე გავიყოლებდი, მაგრამ მეჩქარებოდა. მაგინა, კარი მომიჯახუნა და გაიქცა.

- კმაყოფილი ხართ თქვენი ცხოვრების განვლილი წლებით?

- თავიდანვე ყოჩაღი ვიყავი, ცხოვრების მარიფათი მქონდა. ზოგჯერ კმაყოფილი ვარ ჩემი განვლილი ცხოვრებით, ზოგჯერ უკმაყოფილო. მაგრამ მაინც კამყოფილი, კარგი წლები მქონდა, კარგი ახალგაზრდობა. ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ჯანმრთელობა და შემოსავალია. დაოჯახების სურვილი არ მქონია, ვერ წარმომედგინა ოჯახი რომ მქონოდა, თან ვაჟკაცური ვიყავი და ვერ მიბედავდნენ ხელის თხოვნას. რაც მთავარია, ჩემი ბავშობის ოცნება ამიხდა. ჩემი ფულთ მინდოდა "ჟიგული" მეყიდა. ოღონდ მანქანა მყოლოდა, ჩემი შრომით გამომუშავებული ფულით, მეტი არაფერი მინდოდა. ახლა ჩემი ოცნებაა ვალების მოშორება.

07-03-2019 11:34
წყარო: ambebi.ge