"დედა განადგურებულია, გონებას კარგავს და ასულიერებენ" - რას ამბობენ ახლობლები ბაკურიანში მომხდარ მკვლელობაზე

6 მარტს, დაბა ბაკურიანში ტრაგედია დატრიალდა. 29 წლის გივი ბასილაშვილი საკუთარმა ძმამ, 20 წლის ივანე (ვანო) ბასილაშვილმა თავის დაბადების დღეზე დანით სასიკვდილოდ დაჭრა. მკვლელობის დეტალებზე საუბარი ახლობლებს უჭირთ, მომხდარით ყველა შეძრულია.

ამბობენ, რომ ძმებს შორის დაპირისპირება და კონფლიქტი ადრე არ ყოფილა. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ძმებს შორის ოჯახური კონფლიქტი მოხდა და მათი შელაპარაკება მკვლელობით დასრულდა. ივანე ბასილაშვილი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც შევიტყვეთ, იმ საბედისწერო დღეს ძმები სახლში მარტო იყვნენ. დანაშაული საღამოს, 7 საათზე მოხდა. სამსახურიდან სახლში დაბრუნებულ დედას კი უმძიმესი სურათი დახვდა.

"იმ დროს ძმები სახლში მარტო იყვნენ, დედამისი სამუშაოზე ყოფილა წასული, დამლაგებლად მუშაობს და სამსახურიდან გამოსულს მაღაზიაში შეუვლია, ვაშლი უყიდია. ამ დროს მეზობლებმა დაურეკეს და უთხრეს, სახლში სასწრაფოდ მოსულიყო. რომ მოვიდა, საშინელი ამბავი დახვდა, ქალი განადგურებულია, საუბარი უჭირს, გონებას კარგავს და ასულიერებენ. ამბობს, ეზოში რომ შევედი გივი ძირს ეგდო დაჭრილი, მეორე შვილი სახლში იყო, ტიროდა და ბღაოდა, ეს რა ჩავიდინეო. სასწრაფოც მოვიდა და დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ, იქ მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა. ამბობენ, დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. ძმა სახლიდან არ გაქცეულა, პოლიციას თავად ჩაბარდა და ბაკურიანის პოლიციაში ჩაიყვანეს. მერე მისი ტანსაცმლის წამოსაღებად პოლიციელი სახლში რომ ამოვიდა, იძახდა, ძალიან ნანობს ჩადენილ დანაშაულსო. ბიჭების დედა ამბობს, გივის დაბადების დღე არ აღუნიშნავსო, მარტო იყვნენ ძმები სახლში და რა მოხდა, არავინ იცის. მეზობლებიც გაოგნებულები ვართ. ორივე ძალიან კარგი ბიჭია, არ იყვნენ კონფლიქტურები. ვანო 20 წლის არის, კარგი ახალგაზრდა და ეს როგორ მოუვიდა, ვერ აგვიხსნია. დედას ძლივს აბრუნებენ ისეთ დღეშია. ჩემი თვალით ვნახე სისხლიანი დანა, იქვე ეგდო..." - ამბობს ბაკურიანის მცხოვრები. იხილეთ ვრცლად

07-03-2019 15:34
წყარო: ambebi.ge