კალაძეს "ფეისბუქ ლაივის" დროს მეგობრის დახმარება სთხოვეს - მერია ლეიკემიით დაავადებულ ფოტოგრაფს 20 000 ლარით დაეხმარება

თბილისის მერია 21 წლის ფოტოგრაფს გიორგი კალიაევს, რომელსაც ლეიკემია დაუდგინდა, 20 000 ლარით დაეხმარება. გადაწყვეტილება დედაქალაქის მერმა იმ დროს მიიღო, როდესაც მისი მორიგი ვიდეოდიალოგის დროს, გიორგის მეგობრებმა კომენტარებში დახმარება ითხოვეს.

გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია "ფეისბუქზე" მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მანანა თოქმაჯიშვილმა გაავრცელა:

"თბილისის მერის ვიდეოდიალოგის დროს მსგავსი შინაარსის ბევრი მესიჯი დაიწერა. ფეისბუქ ლაივის დასრულების შემდეგ კახა კალაძე სოციალური სამსახურის უფროსს დაუკავშირდა და გაირკვა, რომ მერია გიორგის 20 000 ლარით დაეხმარება" - დაწერა თოქმაჯიშვილმა.

როგორც ცნობილია, 21 წლის ფოტოგრაფს, გიორგი კალიაევს ლეიკემია დაუდგინდა და სასწრაფოდ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ესაჭიროება, რომელიც თურქეთში კეთდება. უკვე რამდენიმე კვირაა, გიორგის მეგობრები "ფეისბუქით" აქტიურად ავრცელებდნენ ინფორმაციას და დახმარებას ითხოვდნენ.

08-03-2019 00:28
წყარო: ambebi.ge