არა ინტელექტის ოკუპაციას - საავტორო უფლებების სფეროში რუსული საფრთხე ძლიერდება

რუსეთის ოკუპაცია, რომელიც გასულ საუკუნეში საბჭოთა ოკუპაციით დაიწყო, სხვადასხვა ფორმით კვლავაც გრძელდება. ყველაზე მწვავე და მტკივნეული მცოცავი ოკუპაციაა, თუმცა არანაკლებ საყურადღებოა ინტელექტის ოკუპაცია, რომელმაც უკანასკნელ პერიოდში მეტად აქტიური სახე მიიღო. საავტორო უფლებების დაცვა საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საკმაოდ მაღალ დონეზე ხდება, თუმცა რუსეთი ცდილობს ეს ინფორმაცია არასწორად და სათავისოდ მიაწოდოს საზოგადოებას და თავად დაიწყოს საქართველოში საავტორო უფლებების დაცვა და ჰონორარების მიღება-განაწილება. საფრთხე რეალურია, რადგან რუსეთი ციხის შიგნიდან გატეხვის გზით მოქმედებს.

საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაცია 1999 წელს შეიქმნა და მისი უფლებამოსილებები და საქმიანობა საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონითაა გაწერილი. თუმცა ბევრი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზის გამო ასოციაციამ აქტიური საქმიანობა 2012 წლიდან დაწყო. აღნიშნულ პერიოდში ჰონორარის შეგროვების მხრივ რეგიონის ლიდერები უკრაინა და რუსეთი იყვნენ. საქართველო 2012 წლამდე წლიურად 250 000 ლარს აგროვებდა. 2015 წელს უკვე რეგიონის ლიდერად იქცა. 2018 წელს ჰონორარმა 5 100 000 ლარს მიაღწია. ამ შედეგით საქართველოს ამბიცია აქვს, რომ გაუთანაბრდეს აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს. ასოციაციის ანალოგიური ორგანიზაციები მსოფლიო მასშტაბით 239-ია და მათ გაერთიანებას CISAC ჰქვია. სწორედ CISAC-ის რეიტინგით გახდა საქართველოს 2015 წელს რეგიონის ლიდერი, რაც რუსეთისთვის სასიხარულო ამბავი ნამდვილად არ ყოფილა.

რუსეთის საპასუხო ნაბიჯი იყო 2017 წელს ევრაზიის უფლების მფლობელთა საზოგადოებების კონფედერაციის (EACOP) დაარსება. რუსეთმა კონფედერაციაში შეიყვანა ხუთი ქვეყანა: აზერბაიჯანი, სომხეთი, ხაზახეთი, ყირგიზეთი და ბელორუსი. პარალელურ რეჟიმში, შეიქმნა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებული ტრანზაქციების საკოორდინაციო ცენტრი, რომელმაც დაიწყო კონფედერაციის წევრ ქვეყნებში შეგროვებული ჰონორარისა და ამ ჰონორარის მფლობელთა შესახებ ინფორმაციის გაკონტროლება.

როგორც საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში (GCA) განმარტავენ, EACOP-ის დაარსებისთანავე რუსეთმა საქართველოსთან დაიწყო მოლაპარაკებები, რომელსაც რეალურად ზეწოლის სახე ჰქონდა. საქართველოსგან ევრაზიის კონფედერაციაში გაერთიანებას მოითხოვდნენ.

„ჩვენ, ბუნებრივია, მათთან გაერთიანებაზე უარი ვთქვით, რასაც არაერთი მიზეზი ჰქონდა. ჩვენ ვართ ლიდერი რეგიონში და აღნიშნული გაერთიანება ამ პოზიციას აუცილებლად დაგვაკარგინებდა. მეორე მხრივ, ეს კავშირი ურთიერთობას გაგვიფუჭებდა CISAC-თან. ასევე, ეს ხელს შეუშლიდა საქართველოს სახელმწიფოს მიერ ხელმოწერილ ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან, სადაც ერთი მთლიანი თავი ეთმობა ინტელექტუალურ საკუთრებას და მისი დაცვის ვალდებულებას, რომელიც ნაკისრი აქვს ჩვენს სახელმწიფოს. ანუ ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ასოცირების ხელშეკრულებას.

უარით რუსეთი ძალიან გაღიზიანდა და ზეწოლის ახალი ხერხს მიმართეს. მათ შექმნეს ახალი ორგანიზაცია დათო ხუჯაძისა და აჩი ფურცელაძის ჩართულობით, რომელიც რუსეთის გეგმით GCA-ის ალტერნატივად მოიაზრება.

ოკუპანტი სწორედ ამ ორგანიზაციის ჩართულობით ცრუ ინფორმაციას ავრცელებს ჩვენზე. ამბობენ, რომ თითქოს რუსეთის მიერ მართული ორგანიზაცია უკეთ იმუშავებს, მეტ ჰონორარს შეაგროვებს და მისცემს ავტორებს. სამწუხაროდ, ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს შეხვედრები ავტორებთან და გადაბირების მიზნით მათთან მოლაპარაკება“ - განმარტავს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე.

როგორც საკითხის მოკვლევისას გაირკვა, აღნიშნული ორგანიზაცია GCA-ს ალტერნატივა და შემცვლელი ვერ გახდება, რადგან ამის იურიდიული შესაძლებლობა უბრალოდ არ აქვს. კანონით მკაცრად არის განსაზღვრული, რა შემთხვევაში შეიძლება ორგანიზაციას ჰქონდეს უფლებამოსილება გასცეს ნებართვა და შეაგროვოს ჰონორარი, ანუ იყოს კოლექტიური მართვის სტატუსის მქონე, ამისთვის მას მსოფლიოში არსებული ანალოგიური ორგანიზაციების უმრავლესობასთან ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულება უნდა ჰქონდეს გაფორმებული. თუ მხოლოდ მუსიკის სფეროზე ვისაუბრებთ, მათ უნდა ჰქონდეთ მინიმუმ 120 ასეთი ხელშეკრულება, რადგან სულ 239 ორგანიზაციაა მსოფლიო მასშტაბით.

GCA-ს 202 ასეთი ხელშეკრულება აქვს. თეორიული შანსიც კი უმცირესია იმისა, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციამ საჭირო რაოდენობის ხელშეკრულებები მოაგროვოს, რადგან უცხოეთის ორგანიზაციებს ხელშეკრულების გაფორმება შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი GCA-სთან გაწყვეტენ თანამშრომლობას. ამას კი კონკრეტული მიზეზები სჭირდება, რაც არ არსებობს.

მეორე იურუდუილი წინააღმდეგობა არის ასევე კანონით დადგენილი კრიტერიუმი, რომ შესაძლებელია, ერთ სფეროში შეიქმნას მხოლოდ ერთი ორგანიზაცია, რომელიც საავტორო უფლებებს დაარეგულირებს. ის კი GCA-ის სახით უკვე არსებობს.

რუსეთის მიერ მართული გაერთიანებები ავტორებზე ფულით მანიპულირებასაც ცდილობენ და ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თითქოს რუსეთს ამ წლების განმავლობაში რამდენიმე მილიონი ლარი აქვს გადმორიცხული, ვიდრე ავტორებმა მიიღეს. ჩვენ დავინტერესდით ოფიციალური მაჩვენებლებით და გავარკვიეთ, რომ უკანასკნელი 5 წლის მანძილზე რუსეთს გადმორიცხული აქვს ჯამში 125 000 ლარი, საქართველოს კი რუსეთისთვის გარადიცხული აქვს 420 000 ლარი. ამ ციფრებიდანაც ცალსახაა, რომ საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაცია რუსეთისაზე უკეთ მუშაობს.

„ისინი იმასაც კი ამბობენ, რომ ქართველი ავტორების სახელზე რუსეთში უკვე შეგროვებულია დიდი რაოდენობით ჰონორარი, რომელიც მათ ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ ჩაერიცხებათ. მთავარი საფრთხე კი არის RAO-ს მიერ შექმნილი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებული ტრანზაქციების საკოორდინაციო ცენტრი IP CHAIN, რომელიც კონფედერაციის წევრ წვეყნებში შეგროვებული ჰონორარის და ამ ჰონორარის მფლობელთა შესახებ ინფორმაციის აკონტროლებს. საქართველოს გაწევრიანების შემთხვევაში ქართველ ავტორთა შესახებ სრული ინფორმაციაც რუსეთის ხელში აღმოჩნდება,“ - დაამატა გიგა კობალაძემ.

ინტელექტის ოკუპაციის საფრთხე რომ რეალურია, ამაზე ნათლად მეტყველების უკრაინის მაგალითიც. გეგმა, რომლის განხორციელებაც რუსეთს საქართველოში სურს, მან უკრაინაში 2013 წელს უკვე განახორციელა. უკრაინის საავტორო უფლებების ორგანიზაცია (UACRR) 2013 წლამდე რეგიონში ლიდერის პოზიციაზე იყო. რუსეთმა, ზუსტად იგივე მეთოდების გამოყენებით, უკვე არსებული ორგანიზაციის დასუსტების მიზნით, შეძლო შეექმნა თავდაპირველად 2, ხოლო საბოლოო ჯამში 19 დამატებითი ორგანიზაცია, რამაც სიტუაციის უკიდურესად გაუარესება და შეგროვებული ჰონორარის ათჯერ შემცირება გამოიწვია. შედეგად, უკრაინამ არათუ დაკარგა ლიდერის პოზიცია, არამედ აღმოჩნდა ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყანათა შორის.

„ახლა რუსეთი ცდილობს იგივე სცენარი განახორციელოს საქართველოშიც. უკრაინის მაგალითი ცხადს ხდის იმ ფაქტს, რომ თუ ოკუპანტმა გეგმა განახორციელა, საქართველოში ჰონორარი დარამატულად შემცირდება. ეს რომ არ მოხდეს, აუცილებელია, რომ თვითონ ავტორები არ წამოეგონ პრვოვოკაციაზე და არ დაიჯერონ დაპირებები, რომელსაც ჩვენ მიერ დასახელებული პირები აწვდიან მათ. ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერაც. მე უკვე შევატყობინე საფრთხის შესახებ მათ და ვთხოვე დახმარება, რომ უკრაინის სცენარი საქართველოშიც არ მოხდეს. აუცილებელია საქპატენტის ჩართულობაც, რომელიც არის სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი საავტორო უფლებებში. მოხარული ვარ, რომ საქპატენტის პოზიცია დღემდე ადეკვატურია და ისინი ცალსახად აღნიშნავენ, რომ რუსეთის მიერ დაგეგმილი გეგმის განხორციელება პირდაპირ შეუშლის ხელს საქართველოს ევროპაკვშირის მიმართულებით სვლასა და ასოცირების ხელშეკრულებას,“ - აღნიშნავს GCA-ის თავმჯდომარე.

საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაცია, ამ სფეროს მთავარ მოთამაშეებთან, ბრავო რექორდსთან და GMI Rights Management-თან ერთად გრძნობს პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და სწორედ ამიტომ, იწყებს საინფორმაციო კამპანიას: არა ინტელექტის ოკუპაციას!

08-03-2019 11:03
წყარო: ambebi.ge