გლდანში "საქართველოს ბანკი" დააყაჩაღეს - „ისმოდა სროლის ხმა, დაცხრილულია პოლიციის მანქანა“

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, გლდანში მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალზე, რამდენიმე წუთის წინ ყაჩაღური თავდასხმა განხორციელდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, გლდანში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში რამდენიმე პირი შეიჭრა, რის შემდეგად ცეცხლი გახსნეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველმა მიაწოდა.

ადგილზე მყოფი პირის ინფორმაციით, ბანკში რამდენიმე პირი შეიჭრა, საპატრულო პოლიციის ადგილზე მისვლის შემდეგ კი მათ სამართალდამცავების მისამართით ცეცხლი გახსნეს.

„ისმოდა სროლის ხმა. დაცხრილულია საპატრულო პოლიციის მანქანა“, - აცხადებს თვითმხილველი.

შემთხვევა გლდანის მე-6 მიკრორაინში, რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გლდანში, „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებისას, თავდამსხმელების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად არავინ დაშავებულა. „იყო ყაჩაღობა. მოხდა გასროლა, არავინ დაშავებულა“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში, თუმცა უწყებაში სხვა კომენტარი ამ ეტაპზე არ კეთდება.

08-03-2019 11:15
წყარო: ambebi.ge