როგორ გამოიყურებოდა სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ვიზიტის დროს - პრეზიდენტის "შუბა" ქილიკის თემად იქცა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. სალომე ზურაბიშვილი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს მართავს ლიეტუვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან, პრემიერ-მინისტრ საულიუს სკვერნელისთან და ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარე ვიქტორას პრანცკიეტისთან.

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა კიბერუსაფრთხოების სფეროში განზრახულობათა დეკლარაციას.

საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ვილნიუსში, საპატიო ყარაულის თანხლებით, ლიეტუვას პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა და დალია გრიბაუსკაიტემ ოფიციალური ფოტო გადაიღეს და საქართველოს პრეზიდენტმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა. საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტებმა, პატივისცემის ნიშნად, საჩუქრები გაცვალეს.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ მხარეებმა დელეგაციებთან ერთად, გაფართოებული შეხვედრაც გამართეს და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს პარტნიორთა მხარდაჭერის მობილიზაციის საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა, ქართველი ხალხის სახელით, მადლობა გადაუხადა დალია გრიბაუსკაიტეს იმ უდიდესი პირადი წვლილისათვის, რომელიც მას მიუძღვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო არენაზე საქართველოს ევოპული ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერის საკითხებში.

მხარეებმა რუსეთის პროვოკაციული ნაბიჯებისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ ისაუბრეს და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. აღინიშნა, რომ აზოვის ზღვაში რუსეთის უკანონო ქმედებების გათვალისწინებით, ნატოს გადაწყვეტილება გაზარდოს თავისი წამომადგენლობა შავ ზღვაში, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

პრეზიდენტებმა, ვილნიუსში პირისპირი და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ, ქართული და უცხოური მედიისათვის პრესკონფერენცია გამართეს.

ვიზიტის დროს პრეზიდენტის ჩაცმულობა სოციალურ ქსელებში ქილიკისა და კრიტიკის თემად იქცა.

08-03-2019 11:06
წყარო: ambebi.ge