"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელებს სავარაუდოდ, მძევალი ჰყავთ აყვანილი - თვითმხილველები ყაჩაღობის დეტალებზე

დაუდასტურებელი ინფორმაციით, გლდანში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელებს მძევალი ჰყავთ აყვანილი. აღნიშნულის შესახებ ადგილზე მყოფი პირები საუბრობენ და როგორც განმარტავენ, ნიღბიანმა პირებმა ტერიტორიის დატოვება სწორედ მძევლის გამო მოახერხეს.

„ინტერპრესნიუსი“ ინფორმაციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყების განმარტებით, „ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ“.

თავის მხრივ, გლდანში, „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებისას, თავმდამსხმელებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი სროლისას, თვითმხილველებმა 10-მდე გასროლის ხმა გაიგეს.

„მეზობელი ვარ, კორპუსში ვცხოვრობ, სროლის ხმა გავიგონე. ოჯახში თქვეს, „ხლაპუშკები“ არისო, მერე მოვიდა პოლიცია. თითქმის, 7-10-ჯერ გაისროლეს“, - განაცხადა თვითმხილველმა.

თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ დაყაჩაღების და გასროლის შემდეგ, ისინი მიიმალნენ. მათივე ცნობით, ბანკს თავს 3 პირი დაესხა. ამასთან, საუბარია ვერცხლისფერ „სუბარუზე“, რომლითაც, არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ტერიტორია დატოვეს.

ამ დროისთვის გლდანში, მე-6 მიკრორაიონში პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების ორი ჯგუფი.

გადაკეტილია მიმდებარე ქუჩები. ბანკის ტერიტორიაზე 10-მდე ტყვიის მასრა ყრია.

შემოსაზღვრულია როგორც დაცვის პოლიციის მანქანა, რომლის მიმართულებითაც თავდამსხმელებმა ცეცხლი გახსნეს, ისე ადგილობრივების რამდენიმე მანქანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად არავინ დაშავებულა.

08-03-2019 12:10
წყარო: ambebi.ge