რას ყვებიან ბანკის დაყაჩაღებამდე გატაცებულებზე ახლობლები: "მთელი ღამე ტყეში ჰყოლიათ, ხელ-ფეხშეკრული საბარგულში იყო გამოკეტილი"

გლდანში, „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებამდე გატაცებული მამაკაცის ახლობლების ინფორმაციით, თავდამსხმელებს გატაცებულები მთელი ღამე ტყეში ჰყავდათ.

როგორც პოლიციის განყოფილებასთან შეკრებილი, გატაცებულების ახლობლები აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცი მანქანის საბარგულში იყო მოთავსებული.

„მთელი ღამე ტყეში ყოფილან. ბიჭსაც და გოგოსაც ხელ-ფეხი შეკრული ჰქონიათ. ბიჭი მთელი ღამე მანქანაში, საბარგულში ჰყოლიათ გამოკეტილი, გოგო - სალონში. გოგოს უკითხავს, რისთვის გჭირდებითო და გამტაცებლებს უთქვამთ „ხვალ ნახავთო“, - განაცხადეს ახლობლებმა.

გლდანში, პოლიციის მე-2 განყოფილებაში, წუხელ გატაცებული ახალგაზრდა ქალი უკვე დაკითხეს, მამაკაცის დაკითხვა კი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ არაოფიციალურად გახდა ცნობილი, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელებმა „სუბარუს“ მარკის ავტომობილი, ორ ადამიანთან ერთად, ბანკზე თავდასხმამდე, ჯერ კიდევ გუშინ ღამით გაიტაცეს.

„ახალგაზრდა გოგო მანქანით იყო, როცა მათზე თავდასხმა განხორციელდა და ის მანქანიანად გაიტაცეს. მასთან ერთად გატაცებული იყო კიდევ ერთი ბიჭი. რამდენიმე საათის განმავლობაში ხელ-ფეხშეკრული ჰყავდათ, ბანკზე თავდასხმის შემდეგ კი, ბანკის ტერიტორიაზე მანქანიდან ჩამოაგდეს, თავად ჩასხდნენ იმავე მანქანაში და გაიქცნენ“, - უყვება „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებული წყარო.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ შსს-ს მიერ გლდანში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სამი მუხლითაა დაწყებული, საიდანაც ერთ-ერთი - 143-ე სწორედ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, თუმცა „ინტერპრესნიუსის“ მიერ მოპოვებულ აღნიშნულ ინფორმაციას შსს-ში ამ ეტაპზე არ ადასტურებენ.

08-03-2019 15:41
წყარო: ambebi.ge