"სიმშვიდე ყველას სიამოვნებს... ამაზე საუბარი მე და ანუკის ხშირად გვქონია" - რას ფიქრობს თბილისის მერი სოფელში ცხოვრებაზე

ცოტა ხნის წინ დიზაინერმა, თბილისის მერის კახა კალაძის მეუღლემ ანუკი არეშიძემ გადაცემა "სთორიში" ოჯახზე, კარიერასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"როდესაც 50-60 წლის ვიქნები ალბათ მექნება ჩემი პირადი ვენახი, ბაღი და ბოსტანი, მეყოლება ცხენები. მეოთხე შვილის შემდეგ, უფრო მეტად მიზიდავს ბუნება და მინდა, ქალაქისგან შორს ვიყო. მაღალმთიან სოფელში ვიცხოვრებდი, სადაც ყოველ დილით ძროხების ხმა გამაღვიძებდა. დღესვე წავიდოდი საცხოვრებლად სოფელში, მაგრამ მეუღლე და შვილები ახლა ამის საშუალებას არ მაძლევენ", - განაცხადა ანუკი არეშიძემ. მის ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

სურს თუ არა სოფელში ცხოვრება კახი კალაძეს და უსაუბრია თუ არა ამაზე გლამურულ წყვილს სერიოზულად, ამის შესახებ კახი კალაძეს Ambebi.ge-სთან საუბრობს:

- დღევანდელი ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამაზე ფიქრი ცოტა რთული იქნება. მოგეხსენებათ, რამდენად საპასუხსმგებლო საქმე მაბარია - საქართველოს დედაქალს ვხელმძღვანელობ და ამ დროს მსგავს რამეს ვერ დავგეგმავ... თუმცა სოფელი, სიმშვიდე და სიწყნარე ყველას სიამოვნებს და ბუნებრივია, გამონაკლისი არც მე ვარ!

- თქვენ და ანუკის ამაზე სერიოზული საუბარი გქონიათ?

- დიახ, საუბარი ხშირად გვქონია... საერთოდ, თითქმის ვერ ვახერხებთ რამის დაგეგმვას. დღევანდელი ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე მეუღლისთვის და შვილებისთვის ძალიან ცოტა დრო მაქვს. დღევანდელი გარემოება ასეთია და ცხადია, ეს სასიამოვნო არ არის! თუმცა მაქსიმალურად ვცდილობ, დრო სწორად გადავანაწილო და შეძლებისდაგვარად დავუთმო დრო მეუღლესაც, შვილებსაც, ზოგადად ოჯახს... ეს ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია!

- თქვენი უმცროსი ვაჟის, ნიკოლას შესახებ რას გვეტყვით? რა სიტყვები ისწავლა, კბილები თუ ამოუვიდა, გცნობთ?

- კბილები ახლა ამოსდის, ჯერ პატარაა, სულ ექვსი თვის. სიტყვებიც ჯერ არ იცის, დედა და მამა არ უთქვამს. კარგი ბიჭია, საერთოდ არ არის მტირალა... კი მცნობს რასაკვირველია, მაგრამ სულ დედიკოს არის მიწეპებული.

08-03-2019 20:20
წყარო: ambebi.ge