"დავინახე, როგორ მოიცელა ჩემს წინ რამდენიმე ბიჭი..." - 63 წელი თბილისის "სისხლიანი მარტის" მოვლენებიდან

1956 წლის 9 მარტი ისტორიას “სისხლიანი მარტის” სახელით შემორჩა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ტრაგიკულ მოვლენებს 150-ზე მეტი ადამიანი, ძირითადად სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები შეეწირნენ... უმკაცრესი საბჭოთა რეჟიმის პირობებში, კითხვის დასმას, თუ კონკრეტულად რა დანაშაული მიუძღოდათ ამ ადამიანებს - ცხადია, ვერავინ გაბედავდა. მეტიც - დახოცილი ახალგაზრდები ოჯახებმა ჩუმად დაიტირეს...

სტალინის გარდაცვალებიდან ყოველ წელს, 3-დან 9 მარტის ჩათვლით თბილისში, სანაპიროზე, სტალინის ძეგლთან იკრიბებოდნენ ადამიანები, ყვავილებით ამკობდნენ ძეგლს და იგონებდნენ „ხალხის მამას”. 1955 წელს კი იქ იმდენი ხალხი შეიკრიბა, შეკრება არასანქცირებულ მიტინგს დაემსგავსა. 1956 წელს ხრუშჩოვის მიერ პარტიის მე-20 ყრილობაზე სტალინის კულტის დაგმობამ, ბელადის უფრო მეტი თაყვანისმცემელი გაააქტიურა.

3 მარტიდან თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, 7 მარტს კი ლენინის (ახლანდელ თავისუფლების) მოედანზე გამართულ მიტინგებზე, 70-80 ათასამდე ადამიანმა მოიყარა თავი... 9 მარტს, საბჭოთა ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია მიტინგი, ჯარისკაცებმა ტყვიებით დახოცეს ათობით უდანაშაულო ადამიანი.

მას შემდეგ 63 წელი გავიდა, თუმცა, საზოგადოებას დღესაც აწუხებს კითხვა, რა მოხდა რეალურად იმ ღამეს თბილისში, ვის უქმნიდნენ საფრთხეს უიარაღო და მშვიდობიანი ახალგაზრდები და ვისი ბრძანებით გაუხსნეს ცეცხლი, რატომ არ დაინდო საბჭოთა ჯარმა მშვიდობიანი მომიტინგეები.

მაშინდელი ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში დუმდა, შემდეგ კი, მომზადდა ჩვეული საბჭოთა პათოსით გაჯერებული პუბლიკაციები, “თუ რა საფრთხეს უქმნიდა გავეშებული ბრბო კავშირგაბმულობის შენობაში მყოფ მაღალჩინოსნებს..."

9 მარტის ღამეს დაღუპულები

იმდროინდელი მიტინგების მონაწილე როლანდ სინატაშვილი, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, AMBEBI.GE-თან ინტერვიუში 63 წლის წინ მომხდარ მოვლენებს იხსენებს:

"1953 წელს სტალინის გარდაცვალების შემდეგ, საბჭოთა კავშირის გენერალური მდივანი ნიკიტა ხრუშჩოვი გახდა, ხრუშჩოვი და მისი თანამოაზრეები იმდენად მწვავედ და ღიად ცდილობდნენ სტალინისა და ბერიას პერსონის დაკნინებას, რომ ეს ყველაფერი ერის მიმართ დისკრედიტაციულ დამოკიდებულებაში გადაიზარდა. ჩვენ იმ თაობაში, იმ წლებში დავიბადეთ და გავიზარდეთ და ვამაყობდით სტალინის პიროვნებით...

53-ე საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. სტალინის გარდაცვალების შემდეგ, გლოვის ნიშნად, მაშინდელ პიონერებს წითელ ყელსახვევში შავი ნაჭერი ჰქონდათ ჩატანებული... ამიტომაც, ნიკიტა ხრუშჩოვის აგრესიული და ცინიკური ქმედებები სტალინის წინააღმდეგ, სახალხო მღელვარების საბაბი გახდა. შესაძლოა, შემდეგ ისტორიამ ბევრი რამე გადააფასა, მაგრამ სტალინი ხრუშჩოვის გასაკრიტიკებელი და მით უფრო, გასაქილიკებელი, ნამდვილად არ იყო.

მახსოვს, 1956 წელს საბჭოთა კავშირის ყრილობაზე კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა ნიკიტა ხრუშჩოვმა თავის მოხსენებაში სტალინის პიროვნების კულტის შესახებ ისაუბრა. გამომსვლელებმა, რომლებიც ადრე სტალინის ყველა სიტყვასა და ნამოქმედარს გენიალურს უწოდებდნენ, ბელადი გააკრიტიკეს.

1956 წლის 9 მარტს საპატიო ყარაულში დგომის დროს

- ამან გამოიწვია მაშინდელი საზოგადოების აგრესია?

- ეს იყო კიდევ ერთი, შეიძლება ითქვას, საბოლოო ბიძგი და ხრუშჩოვის წინააღმდეგ ტალღა აგორდა... 1956 წლის 3 მარტიდან საპროტესტო აქციები დაიწყო თბილისში. სტუდენტებმა თბილისის ქუჩებში სტალინის პორტრეტებით მოაწყვეს მსვლელობა, მის ძეგლთან ვიკრიბებოდით და ღამეს ვათენებდით. ძალიან ციოდა და მახსოვს, რამდენიმე ადამიანი, თითო საათი ვიდექით მის ძეგლთან, შემდეგ მომიტინგეებს ვუერთდებოდით, მთელი საქართველოდან ჩამოვიდა ხალხი... ახლაც მიკვირს როგორ მოახერხეს.

სკოლის შემდეგ სახლში არ მივდიოდით, მშობლები ნერვიულობდნენ, მაგრამ ვერ გვიმორჩილებდნენ... 8 მარტს დემონსტრანტებს მხარდაჭერა თბილისის სხვადასხვა ქარხნისა და ფაბრიკის მუშებმაც გამოუცხადეს. ორად გაიყო მაშინდელი საბჭოთა კავშირის მოსახლეობაც - ერთი ნაწილისთვის ეს კრიტიკა მისაღები იყო, მეორე - ვერ ეგუებოდა... საბჭოთა ხელისუფლება კი, სტალინისა და ბერიას შემდეგ, ქართველი ხალხის შეურაცხყოფაზე გადავიდა. ჩვეულებრივ, უბრალო ქართველებსაც ერჩოდნენ, ხრუშჩოვის ხალხი თითქმის უმიზეზოდ აპატიმრებდა და ხვრეტდა ქართველებს...

- რას ითხოვდით?

- ხრუშჩოვის პოლიტიკის შეცვლას. მის სიტყვებს უკვე ეთნიკური ხასიათი ჰქონდა, ეროვნულ შეურაცხყოფად ვიღებდით. მოთხოვნები თანდათან უფრო პოლიტიზებული ხდებოდა. გაჩნდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნაც... მე კლასელებთან, ლევან ბარბაქაძესა და ოთარ ურუშაძესთან ერთად დავდიოდი მიტინგებზე, რომელსაც სტუდენტები ხელმძღვანელობდნენ.

ხალხთან სასაუბროდ მაშინდელი ცეკას პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძეც გამოვიდა, რომელმაც მომიტინგეებთან დალაპარაკება სცადა, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა... (ცნობისთვის, მჟავანაძეს “ბავშვების” წყლის ჭავლით დაშლა შესთავაზეს თურმე, რაზეც უპასუხნია - რას ამბობთ, გაცივდებიანო...)

8 მარტის ღამეს, სტუდენტებმა გადაწყვიტეს, ვიაჩესლავ მოლოტოვისთვის, რომელიც სტალინის მეგობრად ითვლებოდა, დეპეშა გაეგზავნათ და აეხსნათ, თუ რა ცუდ დღეში იყვნენ. თუმცა, ეს ამბავი გახმაურდა და წერილის ინიციატორები დააკავეს. კავშირგაბმულობის სამინისტროში ჰყავდათ ჩაკეტილი. როგორც გაირკვა, იმავე შენობაში რუსი სამხედროებიც ჰყავდათ შეყვანილი, რომლებიც მზადყოფნაში იყვნენ... ხალხის ტალღა შენობისკენ წავიდა, რომ ამ ახალგაზრდების გათავისუფლება მოეთხოვათ.

გვიანი ღამე იყო, რომ კინოთეატრ “თბილისის” ბოლო სეანსიდან გამოსულები შემოგხვდნენ. პარასკევი ღამე იყო... ეზოს ჭიშკარი ჩაკეტილი დაგვხვდა. უფროსები წინ წავიდნენ, ჩვენ მაინც გვიფრთხილდებოდნენ... ამ დროს, მოულოდნელად, შენობის თაღებიდან, ფანჯრებიდან სახურავიდან სამხედროებმა სროლა დაიწყეს. ეს არ იყო “პუსტოი” ტყვიები და არც ჰაერში უსვრიათ, დავინახე როგორ მოიცელა ჩემს წინ რამდენიმე ბიჭი... ხალხი ჯერ დაიბნა. შემდეგ კი ერთმანეთს მიაწყდნენ, სროლა არ წყდებოდა... მე და ჩემი მეგობრები შენობის კედელთან, კუთხეში ვიდექით და ამან გადაგვარჩინა.

შემდეგ ვიღაცეებმა დაგვავლეს ხელი და ქვემოთ ჩაგვათრიეს. ჩიტაძის ქუჩიდან, ხოხვით გავედით სამშვიდობოს. მეორე და შემდეგ დღეებში იყო ჩეკისტების ფუთფუთი, ცდილობდნენ ეს ყველაფერი გაესაიდუმლოებინათ. ითქვა, რომ უამრავი დაჭრილი მანქანაში შეყარეს და კაცმა არ იცის, სად წაიყვანეს...

შემდეგ ისიც ითქვა, რომ დაჭრილები პირდაპირ მტკვარში გადაყარესო... წლების შემდეგ, აზერბაიჯანელებმა გვითხრეს, მაშინ საქართველოში დახოცილი ადამიანები, მტკვარს ჩამოჰქონდაო..." - იხსენებს როლანდ სინატაშვილი AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში.

ფოტოები: ეროვნული ფოტომატიანე; შსს-ს არქივი; მფლობელები - ოთარ ურუშაძე, გივი დათიშვილი

09-03-2019 12:10
წყარო: ambebi.ge