"აკლდამაში ჩვილზე გადამხობილი დედის ჩონჩხი იპოვეს..." - სოფელი ხევსურეთში, რომელიც შავმა ჭირმა ამოწყვიტა

ანატორი ხევსურეთის ულამაზესი ნასოფლარია, სადაც მზე ორჯერ ამოდის. ასე იმიტომ ამბობენ, რომ დილით ამოსული მზე გორას მოეფარება და შემდეგ ისევ ამოდის... სოფლის შესახებ ლიტერატურაში და კვლევებში სულიშემძვრელი, სევდიანი ისტორიებია შემონახული. გადმოცემის თანახმად, სოფელს ჭირი მოედო, სხვა სოფლებშიც რომ არ გავრცელებულიყო, ხალხი აკლდამებში თავისი ნებით შედიოდა და სიკვდილს იქ ელოდა...

მიხა ჭინჭარაული გზამკვლევში "შატილი" (2008 წელი) წერს: "სოფელი ანატორი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ ხევსურეთში (პირიქითა), მდინარე არღუნისა და მუცოსწყლის შესართავთან, შატილიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2-3 კილომეტრში.

XVIII საუკუნეში ამოწყდა ზემოთ ნახსენები სოფელი. ისე, რომ ერთი ადამიანიც არ გავიდა მეზობელ სოფლებში. რაღაც ინფექცია, აქაურად "ჟამი" მოედო სოფელს და რაკი დამმარხავი და აკლდამამდე მიმყვანი აღარავინ რჩებოდა, ავადმყოფი ანატორლები თავისი ფეხით მიდიოდნენ აკლდამაში. გარდაცვლილებს საწოლი თაროებიდან ძირს გადმოაგდებდნენ და მშიერ მწყურვალნი, ვინ იცის, რამდენ ხანს ელოდნენ სიკვდილს... ასეთი თვითდამარხვა კაცობრიობისთვის ალბათ უცნობია და ისტორიკოსებისა და ეთნოგრაფების სათანადო შესწავლასა და შეფასებას ელოდება".

პროფესორი ამირან არაბული ამბობს რომ, როდესაც სოფელს შავი ჭირი მოედო, ამბობენ, ერთ დღეს 60 ადამიანი გავიდა სოფლიდან, თავის ნებით შევიდნენ აკლდამებში და დაიხოცნენ: "სოფლიდან ჭირი რომ სხვა სოფლებში არ გასულიყო, კაცები, ქალები თუ ბავშვები ასე იღუპებოდნენ... დღეს შატილში ჩამსვლელები ანატორსაც სტუმრობენ, რადგან იქვეა. საოცარი წარსულის სოფელია და ვისურვებდი მათ შესახებ მსოფლიოს გაეგო!"

წარმოშობით ანატორელი, ხატია ლიქოკელი სოფელზე გაგონილ ლეგენდებს გვიყვება:

"პირველად სოფელი ანატორი 23 წლის ასაკში, 2013 წელს ვნახე და ის ემოციები არასოდეს დამავიწყდება! სოფლის განაპირას არის აკლდამები, სადაც მთელი სოფელი ამოწყდა... ბებიაჩემი ბავშვობაში მიამბობდა, რომ იყო ერთი სოფელი, სადაც ჭირი გაჩნდა, აკლდამებში გაიხიზნა მთელი სოფელი, სხვა სოფლებსაც ჭირი რომ არ გადადებოდათ.

აკლდამაში იპოვეს აკვანზე გადამხობილი ქალის ჩონჩხი, რომელიც სავარაუდოდ შვილს ძუძუს აწოვებდა, რადგან ჩვილის ჩონჩხიც იქვე ნახეს... ეს იყო ამ სოფლის მაცხოვრებლების გაუგონარი თავდადება, რადგან ბავშვებიც კი არ გააგზავნეს სხვა სოფლებში და დიდიან-პატარიანად დაიხოცნენ... ამ აკლდამებში აუარებელი ძვირფასეულობა ინახებოდა, რადგან ხევსურეთში ბევრი ვერცხლის სამკაულები ჰქონდათ, საკმაოდ შეძლებული ხალხი იყო. სამწუხაროდ, აკლადემები გაიძარცვა, ბევრ შემთხვევაში უცხოელებისგანაც კი და არათუ ძვირფასეულობა, ადამიანების თავის ქალები და ძვლებიც კი წაიღეს...

ბავშვობაში რასაც ბებია მიყვებოდა, მითი მეგონა... ბებია გვარად არაბული, ხევსური გახლავთ და ხევსურეთზე ბევრი იცის! აკლდამები თავად რომ ვნახე, ჩემთვის შოკიმომგვრელი იყო და თბილისში დაბრუნებული ინტერნეტში, არქივში ვეძებდი ინფორმაციას ანატორის შესახებ... იმ პერიოდში სულ ცუდ სიზმრებს ვხედავდი, თითქოს აკლდამაში ვიდექი, შავნაბდიანი ხალხი ირგვლივ მეხვეოდა, დამწუხრებული სახეებით მიყურებდნენ და ხშირად ტირილით მეღვიძებოდა...

- ანატორზე რა ინფორმაცია მოიძიეთ?

- აკლდამებთან მთას ჰყოფს მდინარე და ამ მთის გადაღმა იყო სოფელი ანატორი. სოფელში მეჩვიდმეტე საუკუნეში მოხდა ჭირის აფეთქება, რაც საოცრება იყო, რადგან მთაში ჭირიანობა უიშვიათესი იყო... ერთ ვაჟკაც, ხევსურ მეომარს რაღაც უთანხმოება მოსვლია თავის ხალხთან და ხატი შუბით გაუპია. მერე ამბობდნენ, რომ ხატის რისხვა დაატყდა თავს მთელ სოფელს და ჭირმა იფეთქა... იმდენად ვაკჟაცური ხალხი იყვნენ ძველი ხევსურები, მთელი ხევსურეთი რომ არ ამოწყვეტილიყო, მდინარის გადმოღმა ააშენეს აკლდამები - ვინც ჭირით დასნეულდებოდა, თავის ფეხით მიდიოდნენ და სიკვდილს იქ ელოდებოდნენ. იმდენად ბევრი ხალხი იყო აკლდამებში, უკვე მომაკვდავს კლდეზე გადააწვენდნენ და მის ადგილს იკავებდნენ. ხალხი, ვინც იქ ამოიხოცა, მათი გვარი იყო - სისვაური (სისაური სხვაა). სისვი ხევსურულად მწვანე ფერს ნიშნავს, მწვანე თვალები ჰქონდათ და მწვანე ტალავერი ედგათ. ჩემი ნამდვილი გვარიც სისვაური ყოფილა...

- როგორ გადარჩა თქვენი შტო?

- ჭირმა პირიქითა ხევსურეთში - ანატორში იფეთქა. სანამ ჭირი გაჩნდებოდა, პირაქეთა ხევსურეთში ერთ ქალს ვაჟი ჰყოლია დედულეთში გამოგზავნილი. იგი ბებიამ და პაპამ გაზარდეს, რომელიც ლიქოკის ჭალაში დასახლდა და გამრავლდა... ლიქოკი ამბობენ, რომ ქისტური სახელია და მთის ძირში მაცხოვრებელს ნიშნავს. ქისტები შემოსევას ვერ ბედავდნენ მისი შიშით, ყველას ხოცავდაო... აქედან წამოვიდა ჩვენი გვარიც...

- ანატორში დღეს ნასახლარები არის შემორჩენილი?

- ნასახლარები იშვიათად არის შემორჩენილი... არქეოლოგებისთვის ალბათ იქ ძალიან ბევრი რამ იქნებოდა მნიშვნელოვანი. არ ვიცი რატომ, მაგრამ აკლდამებთან ყოველთვის იმდენად საშინელი ქარი ქრის, სანთლებსაც კი ვერ ვანთებთ. ძალიან მისტიური ადგილია! წინ უზარმაზარი შავი კლდეა...

სოფელში დასახლება ვეღარავინ გაბედა, რადგან დაწყევლილ ადგილზე ხევსური არ დასახლდება... მე ძალიან მინდოდა ჩემი წინაპრების ნასახლარის ნახვა, მაგრამ იქ მესაზღვრეები დგანან და გარკვეული ნებართვაა საჭირო... იქაურ მიწაზე რომ ვდგავარ, ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდის. ამ დროს უცხოელებს ვხედავდი, რომლებიც იქ დახტუნაობდნენ, რადგან წარწერებიც კი არ აღირსეს აკლდამებს არცერთ ენაზე, თუ რამდენად დიდი ტრაგედიები დატრიალდა იქ...

მქონდა სურვილი ძვლები დაგვემარხა, მაგრამ ასე შემოინახეს, თვალნათლივ რომ დარჩეს ხევსურების უდიდესი ტკივილი. აკლდამებიდან აკვანიც კი მოიპარეს, რადგან ბებია ამბობდა, რომ მის ბავშვობაში იყო აკვანი აკლდამაში... აუცილებელია ამ აკლდამებს სათანადო ყურადღება მიექცეს და მსოფლიოს შემოვუნახოთ ისტორია ხევსურთა, ქართველთა თავდადების შესახებ!"

მთავარი ფოტო: გიორგი ნიკოლავა

09-03-2019 16:09
წყარო: ambebi.ge