დაპირისპირება საქართველოს "სამეფო კარზე" - რაში სდებს ბრალს ყოფილ მეუღლეს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი

ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ მუხრანელის წინააღმდეგ - სასამართლოში ქართული სამეფო სახლის მემკვიდრეობისთვის დავა იწყება. მოსარჩელე მხარე, ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს სამეფო სახელის უნებართვოდ სარგებლობაში სდებს ბრალს. მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის კი სიმბოლურ თანხას - 1 ლარის გადახდას ითხოვს.

სამოქალაქო დავა სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს შორის ერთი წლის წინ დაიწყო, თუმცა მაშინ საქალაქო სასამართლომ სარჩელის განხილვაზე უარი განაცხადა. მოსარჩელე მხარემ ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, მეორე ინსტანციის სასამართლომ საქალაქო სასამართლოს ამ დავის განხილვა დაავალა. საქმეს მოსამართლეთა კოლეგიური შემადგენლობა, სამი მოსამართლე განიხილავს. სხდომაზე სპეციალისტების სტატუსით მიწვეულნი იქნებიან ისტორიულ მეცნიერებათა აკადემიკოსები - როინ მეტრეველი და გიორგი ოთხმეზური.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი და დავით ბაგრატიონ მუხრანელი 2009 წლიდან 2016 წლამდე კანონიერ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. მათ ერთი შვილი - ექვსი წლის უფლისწული გიორგი ჰყავთ. სამართლებრივი დავა ყოფილ ცოლ-ქმარს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა საერთაშორისო საზოგადოებაში თავი საქართველოს სამეფო სახლის მემკვიდრედ წარმოაჩინა.

2017 წელს დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა დიდი ბრიტანეთის დედოფალს, ელიზაბეტ მეორეს ღირსების ორდენი გაუგზავნა, რასაც ბრიტანულ მედიაში სკანდალიც კი მოჰყვა. მსოფლიოში ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ Daily Mail-მა დავით ბაგრატიონ-გრუზინსკის "კლოუნი პრინცი" უწოდა და აღნიშნა, რომ იგი საქართველოს სამეფო სახლის მემკვიდრის სახელით არაკეთილსინდისიერად სარგებლობდა, რადგან ღირსების ორდენის გადაცემისთვის კონკრეტულ თანხას ითხოვდა.

მოსარჩელეების ინტერესებს სასამართლოში იურიდიული კომპანია „სამართლის გზის“ ადვოკატი ლევან გორელაშვილი იცავს. როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში გორელაშვილი განმარტავს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საერთაშორისო საზოგადოებაში სამეფო სახლის წარმომადგენლად თავს მხოლოდ იმ მიზნით ასაღებს, რომ ამით ფული იშოვნოს.

„ის სინამდვილეში არ წარმოადგენს ბაგრატიონ-მუხრანელთა იმ შტოს, რომელიც მართავდა ქვეყანას. ამას ყველა ისტორიკოსი დაგიდასტურებთ. რაც შეეხება ჩვენს სარჩელს, ვითხოვთ აღიკვეთოს სამეფო სახელის უნებართვოდ გამოყენება, ამ დავის თავისთავადობიდან გამომდინარე, კანონით ზუსტად ეს საკითხი არ არის დარეგულირებული, თუმცა სამოქალაქო კოდექსში არსებობს მე-17, მე-18, მე-19 მუხლები, რომლებიც კრძალავს სახელის უფლების გამოყენებას. სახელის უფლების დარღვევაა მეორე ადამიანთან თავის გაიგივება, მართალია, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი არ ამბობს, რომ ის არის ანა ბაგრატიონი, მაგრამ მის სტატუსს იყენებს არაკეთილსინდისიერად.

ამაზე გაჩუმება იქნება უდიდესი დანაშაული, როგორც საქართველოს მეფეების სულების წინაშე, რომელთა გარკვეული ნაწილი წმინდანებადაც არის შერაცხული, ისე პატარა უფლისწული გიორგის წინაშე. ჩვენ ვითხოვთ, რომ სახელმწიფომ აღიაროს, რომ ის თვითმარქვიაა, ის სამეფო ოჯახის წევრიც არ არის, ყოფილი სიძეა და როგორ შეიძლება მან საქართველოს სამეფო სახლის სახელით ასე ისარგებლოს? ჯილდოები გასცეს?“ - აღნიშნა ლევან გორელაშვილმა AMBEBI.GE-სთან საუბარში.

მოპასუხე მხარის უფლებადამცველი ლევან ჩხეიძე დარწმუნებულია, რომ სასამართლო დავა მათ სასარგებლოდ გადაწყდება. ადვოკატი მოსარჩელე მხარის სარჩელს უსაფუძვლოდ მიიჩნევს:

"მთავარი ნონსენსი ამ სარჩელის არის ის, რომ მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არსად მათი სახელი არ გამოუყენებია. როგორც ვიცით, სახელი შედგება სახელისა და გვარისგან, ასე წერია კანონში. მათი სახელებია ანა და ნუგზარი და არა საქართველოს სამეფო სახლი. რაც შეეხება იმას, რომ ისინი ითხოვენ აეკრძალოს ჩემს მარწმუნებელს სამეფო სახლის წარმომადგენლის სახელით სარგებლობა, ასეთი სტატუსი საქართველოში ამჟამად არსებული სახელმწიფოებრივი მოწყობის მიხედვით ოფიციალურად არც არსებობს.

ასევე დაგაინტერესებთ: "უარი ვთქვი ჩემს ცხოვრებაზე..." - პრინცესა ანა ბატონიშვილი დანგრეულ ოჯახზე პირველად ალაპარაკდა

1921 წლის კონსტიტუციამ გააუქმა ყოველგვარი არისტოკრატიული ტიტულები და თუ ვინმეს ჩვენ ვუწოდებთ მაგალითად ბატონიშვილს, ეს აღიარება არის კერძო და არა სახელმწიფოებრივი და სამართლებრივი. ეს სარჩელი ატარებს ფარულ მიზანს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ სახელწიფომ აღიაროს, რომ ისინი არიან სამეფო ოჯახის წევრები, თუნდაც სასამართლომ არ დააკმაყოფილოს მათი სარჩელი, მაგრამ სამოტივაციო ნაწილში სადღაც მიუთითოს, რომ ისინი მართლაც სამეფო ოჯახის მემკვიდრეები არიან, უკვე მოგებულები დარჩებიან. მოვუწოდეთ გაიხმონ სარჩელი და შეწყვიტონ ეს სამარცხვინო დავა!" - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში დავით ბაგრატიონ მუხრანელის ადვოკატი.

ლევან ჩხეიძის თქმით, გრუზინსკი არ არის სინამდვილეში პეტრე ალექსანდრეს ძე გრუზინსკის შვილი, რადგან არ მოიპოვება ამის დამადასტურებელი დოკუმენტები. ადვოკატმა AMBEBI.GE-ს განუცხადა, რომ აღნიშნული ეჭვის გასაქარწყლებლად, მათ მოსარჩელე მხარეს შესთავაზეს ჩაეტარებინათ დნმ-ის კვლევა, რომლის ღირებულებასაც თავად დააფინანსებდნენ, თუმცა, მისივე თქმით, ბაგრატიონ-გრუზინსკებმა ამაზე უარი განაცხადეს.

"გრუზინსკის არ აქვს იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ის მართლაც იყო პეტრე ალექსანდრეს ძე გრუზინსკის შვილი. ანუ ეს უკანასკნელი ისე გარდაიცვალა, რომ არ არსებობს სააქტო ჩანაწერი, რომ პეტრე პეტრეს ძე გრუზინსკი მისი შვილი იყო. დნმ-ის ანალიზის ჩატარებაზე უარს აცხადებენ, იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან, რომ ტესტი ნეგატიურ შედეგს აჩვენებს", - აღნიშნა ჩხეიძემ.

რაც შეეხებაა Daily Mail-ის სტატიას დავით ბაგრატიონ-მუხრანელის შესახებ, როგორც მისმა უფლებადამცველმა აღნიშნა, ამ ბრიტანული გამოცემის რეპუტაცია საეჭვოა დიდ ბრიტანეთშიც კი და რომ, გამოცემა თანამშრომლობს გრუზინსკებთან.

ისტორიულ მეცნიერებათა აკადემიკოსი გიორგი ოთხმეზური, რომელიც სასამართლო პროცესზე სპეციალისტის სტატუსითაა მიწვეული AMBEBI.GE-სთან საუბარში ადასტურებს, რომ ქართული სამეფო გვარის ლეგიტიმური წარმომადგენლები ნუგზარ და ანა ბაგრატიონ გრუზინსკები არიან, ხოლო დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ამ სტატუსზე პრეტენზიას არ უნდა აცხადებდეს.

"დავით ბაგრატიონი მუხრანბატონთა შტოს წარმომადგენელია და იჩემებს, რომ არის წარმომადგენელი საქართველოს სამეფო სახლის და თავს აძლევ უფლებას, რომ რაღაც წოდებები გასცეს, რაც არასწორია. ბაგრატიონთა ნამდვილი შთამომავლები არიან სწორედ გრუზინსკები და ნუგზარ გაბრატიონი. ისინი არიან გაერთიანებული საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი მერვეს პირდაპირი შთამომავლები. მუხრანბატონებს რაც შეეხება, ისინი მართლაც იყვნენ ქვეყნის სათავეში საკმაოდ დიდხანს - 70 წლის განმავლობაში მართავდნენ ქართლის სამეფოს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ცოტა ღრმად თუ მიმოვიხილავთ, მუხრანბატონი იშვილა როსტომ ხანმა, თვითონ როსტომ ხანი იყო სიმონ მეფის ძმის, დაუთ ხანის უკანონო შვილი და შესაბამისად იურიდიულად და ისტორიულად, მათ წესით ტახტი არ ეკუთვნოდათ", - აღნიშნავს გიორგი ოთხმეზური.

ისტორიულად საქართველოში ბაგრატიონთა სამი შტო არსებობს - კახელი ბაგრატიონები, იმერელი, ღვანკითელი ბაგრატიონები და რუსეთში გადასახლებული ბაგრატიონ გრუზინსკები. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი რეჟისორ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის უფროსი ქალიშვილი და ცნობილი პოეტის - პეტრე გრუზინსკის შვილიშვილია. ის უკანასკნელი ქართველი მეფის - გიორგი XII-ის შთამომავალია. დავითი და ანა, ბაგრატიონთა ორი სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები არიან. დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ესპანეთში დაიბადა და გაიზარდა. იგი საქართველოში 2003 წელს ჩამოვიდა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქე გახდა.

11-03-2019 09:45
წყარო: ambebi.ge