4 წლის ბავშვმა იშვიათი ფორმის კიბო დაამარცხა - " სიმსივნე აღარ აქვს, ვლოცულობთ, რომ აღარასოდეს დაემართოს"

4 წლის ბიჭმა, რომელსაც კიბოს ახალი მკურნალობის კურსი ჩაუტარდა აშშ-ში, ფილადელფიაში ლეიკემიის იშვიათი ფორმა დაამარცხა, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ფეისბუქზე“ გაზიარებულ ვიდეოში ზაკ ოლივერმა ათასობით მიმდევარს სიხარულით აცნობა, რომ მას კიბო აღარ აქვს.

ბრიტანელმა ზაკმა და მისმა ოჯახმა ინტერნეტის საშუალებით შეძლეს, მკურნალობისთვის და მგზავრობისთვის საჭირო 500 ათასი ფუნტი შეეგროვებინათ. ზაკს ლიმფობლასტური ლეიკემიის იშვიათი ფორმა 2018 წლის მაისში დაუდგინეს. ლეიკემიის აღნიშნული ტიპით მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ 200 ბავშვია დაავადებული.

ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოში ზაკი ნოემბერში მოათავსეს. ექიმები ვარაუდობდნენ, რომ 17 კვირიანი თერაპია ბავშვის გადარჩენის შანსს 60-დან 80%-მდე გაზრდიდა. თერაპიის დროს კიბოს პაციენტის იმუნური უჯრედების საშუალებით ებრძვიან.

BBC-სთან ზაკის მამა განმარტავს, რომ მედიკოსებმა ბავშვის იმუნური სისტემის გენმოდიფიცირება შეძლეს და მოამზადეს, რომ ებრძოლა კიბოს წინააღმდეგ.

რამდენიმე დღის წინ ექიმებმა ოჯახს აცნობეს, რომ მკურნალობამ შედეგი გამოიღო. ზაკი და მისი მშობლები ბრიტანეთში, სახლში დაბრუნდნენ.

ბიჭი ფილადელფიაში გაზაფხულზე კიდევ ერთხელ გაემგზავრება, სადაც ბიოფსიას ჩაუტარებენ და ორგანიზმს კიდევ ერთხელ შეუმოწმებენ.

„ის კვლავ ისეთი ზაკია, როგორსაც ვიცნობდით, ენერგიით სავსე. მას სიმსივნე აღარ აქვს, ვლოცულობთ, რომ აღარასოდეს დაემართოს,“ - ამბობს ზაკის მამა.

11-03-2019 10:22
წყარო: ambebi.ge