„დიდი ლიტერატურული ტურნე“ გორში გრძელდება

მასშტაბური პროექტი, „დიდი ლიტერატურული ტურნე“ გორში ვიზიტით გრძელდება.

12 მარტს 18:00 საათზე, L’avenue-ში (გორი, სტალინის გამზ. #24) მკითხველი „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის“ გამარჯვებულებს - ნიკოლოზ ტოტოღაშვილს, ვახტანგ ვახტანგაძესა და გვანცა გუბელაძეს შეხვდება. ავტორები თანამედროვე ლიტერატურაზე ისაუბრებენ და წარადგენენ თავიანთ წიგნებს „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“, „ალაჰი ჩემი მეგობარია“ და „შულამელი გოგონები“.

13 მარტს 18:00 საათზე კი გორში მკითხველს ნათია ჯაგოდნიშვილი, იაგო თვალაბეიშვილი და „გახდი ბესტსელერის ავტორი 2017-ის“ გამარჯვებული, ია კარგარეთელი შეხვდება. ისინი თავიანთ წიგნებს - „ცდუნებას“, „ტრანსმუტაციასა“ და „სხვა უდაბნოს საიდუმლოს“ წარადგენენ.

ტურნე რამდენიმე ქალაქს მოიცავს: თელავი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ოზურგეთი, ქუთაისი, ბათუმი. ტურნეს ფარგლებში, მკითხველი მათთვის საყვარელ ქართველ ავტორებს პირადად გაიცნობს; საშუალება ექნებათ, დაუსვან შეკითხვები, წიგნები ფასდაკლებით შეიძინონ და ავტოგრაფები აიღონ.

კონკურსს „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამომცემლობა ”პალიტრა L” მეორე წელია ატარებს. მისი მიზანია, აღმოაჩინოს ახალი სახეები და დაეხმაროს ქართველ მწერლებს წარმატების მიღწევაში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით.

ნიკოლოზ ტოტოღაშვილის "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა", გვანცა გუბელაძის "შულამელი გოგონები" და ნათია ჯაგოდნიშვილის "ცდუნება“, კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018“ ფარგლებში, ხალხის რჩეული რომანები გახდა. ვახტანგ ვახტანგაძის "ალაჰი ჩემი მეგობარია" და იაგო თვალაბეიშვილის "ტრანსმუტაცია" კი ჟიურის რჩეულები არიან.

2017 წლის გამარჯვებული რომანები უკვე რეალური ბესტსელერებია, მათმა გაყიდვებმა ქართულ ლიტერატურაში გაყიდვების რეკორდებიც მოხსნა.

ტურნე 10 აპრილს დასრულდება. შემდეგი ვიზიტები ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისსა და ბათუმში იგეგმება.

11-03-2019 10:56
წყარო: ambebi.ge