რას ამბობს მამუკა ხაზარაძე მისი შესაძლო დაკავების შესახებ

სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა: ფოთის პორტი ვერ შეასრულებს იმ ფუნქციას, რაც ანაკლიას აკისრია, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„კვირის პალიტრა“ მამუკა ხაზარაძისგან დაინტერესდა, რამდენად გამოუჩნდება ანაკლიის პორტს ფოთის პორტის სახით კონკურენტი, რა პროექტშიც ასევე ოპიკია (კერძო ინვესტირების საერთაშორისო კორპორაცია) ჩართული.

„ძალიან საინტერესო ისტორიას მოგიყვებით: ყველაზე მთავარი პორტის საქმიანობაში ოპერატორი კომპანიის მოძიებაა. ჰოლანდიელებმა, რომლებიც ჩვენი კონსულტანტები არიან ამ პროექტში, საერთაშორისო ტენდერი ჩაგვატარებინეს და გამოვავლინეთ გამარჯვებული - სინგაპურის პორტის ადმინისტრაცია, რომელიც ყველაზე დიდია მსოფლიოში. მათთან მოვილაპარაკეთ, პროექტი მოეწონათ, ინვესტიციაზე აიღეს ვალდებულება, ჩაატარეს დიუ-დილიჯენსი (საინვესტიციო ობიექტის დეტალურად შესწავლა რისკების თავიდან ასაცილებლად. - ავტ.) და ბოლოს თქვეს, რომ სჭირდებათ 5-წლიანი ექსკლუზივი. ამ პერიოდში სხვა ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა არ იქნებოდა გაცემული (აქ არ იყო ლაპარაკი არსებული პორტის გაღრმაწყლოვანებაზე).

მთავრობას მაშინ ჩვენ ბევრი მაგალითი წარვუდგინეთ, როცა ახალი პორტის მშენებლობისას ძველი პორტის მფლობელი კომპანია იწყებს პიარსვლებს, რაში გჭირდებათ ახალი პორტი, როცა შემიძლია უკვე არსებულის გადაიარაღება მოვახდინოო. ხშირად ასეთ დროს აღარც ახალი პორტი შენდება, რადგან ინვესტორს ამ პირობებით ვეღარ იზიდავ და აღარც ძველის გადაიარაღება გამოსდის, საბოლოოდ კი ასეთი ქვეყნები პერსპექტივის გარეშე რჩებიან. თუმცა მაშინ მთავრობამ ამაზე გვიპასუხა, რომ ეს იქნებოდა კონკურენციის შეზღუდვა და საერთაშორისო კომპანიებს, რომლებიც ჩვენს პორტებში ოპერირებენ, ამის გამო შეეძლოთ ხელისუფლებისთვის ეჩივლათ. მოკლედ, ბევრი საუბრის შემდეგ ჩვენ მიერ შერჩეულმა პორტის ოპერატორმა მოითხოვა, რომ სახელმწიფოს 600 მილიონიდან 200-ის თანაინვესტირება მოეხდინა. ამ საკითხზე შევხვდი ბიძინა ივანიშვილსა და დიმიტრი ქუმსიშვილს. შევთანხმდით, რომ სახელმწიფო გამოყოფდა 100-მილიონიან საკრედიტო ხაზს, რომელსაც საპარტნიორო ფონდი მოიზიდავდა გარედან, ეს არ იქნებოდა ბიუჯეტის თანხა, და გვასესხებდა ჩვენ. თუმცა შერჩეული ოპერატორი კომპანიისთვის ეს პირობა მისაღები არ გამოდგა. აი, აქ კი აღმოვჩნდით ვაკუუმში და ამ დროს გამოჩნდა SSA MARINE - ცნობილი და სერიოზული კომპანია, რომელიც ჩვენი ოპერატორი გახდა.

ფოთში ერთ-ერთი ტერმინალის 12 მეტრით დაღრმავება არ ნიშნავს ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას“, - წერს გაზეთი „კვირის პალიტრა“.

ამასთან, მამუკა ხაზარაძის თქმით, ფოთის პორტის ღრმაწყლოვნობაზე საუბარი ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე პირდაპირი დარტყმა და დაკნინებაა.

„ბევრი რამ ემთხვევა ერთმანეთს. თვითონ იმ ბანკირებსაც, რომლებიც ფოთის პორტსაც აფინანსებენ და ჩვენთან მუშაობენ, ცოტა არ იყოს, გაუკვირდათ, როცა ფოთის პორტის გაღრმაწყლოვანებაზე პრესრელიზები ნახეს. 50 მილიონად პორტი ვერ აშენდება. მე მივესალმები ნებისმიერი ბიზნესის გადაიარაღებას, მაგრამ როცა ბუზისგან სპილო იქმნება იმიტომ, რომ რაღაც გადაიფაროს, ეს უკვე სხვა თემაა. ამის მიზანი იმ აზრის დამკვიდრებაა, თუ ანაკლია არ აშენდება, აგერ ფოთიც შეასრულებს ამ ფუნქციასო. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა: ფოთის პორტი ვერ შეასრულებს იმ ფუნქციას, რაც ანაკლიას აკისრია. ბანკებმა რამდენიმე თვის წინ გამართულ შეხვედრაზე პირდაპირ დასვეს საკითხი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პირდაპირ და მკაფიოდ გვითხარით ყველაფერი ფოთის პორტზეო. სხვათა შორის, ეს ერთ-ერთი პუნქტია ზემოთ ხსენებული რვიდან. არ შეიძლება თან ანაკლიას აშენებდე, თან ასე აპიარებდე ფოთის პორტს, ახალ პორტს ვაშენებთო. ეს ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე პირდაპირი დარტყმა და დაკნინებაა,“ - აცხადებს მამუკა ხაზარაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ჟურნალისტის კითხვაზე, ამ ეტაპზე სახელმწიფოს დახარჯული აქვს თუ არა თანხა ანაკლიის პორტზე და თუ აქვს, რამდენი, მამუკა ხაზარაძე პასუხობს, რომ სახელმწიფოს ფინანსური თანამონაწილეობა არ გააჩნია, რაც შეეხება 100 მილიონს, ეს ძვირად ღირებული სუბორდინირებული სესხია.

„პროექტში ჩადებული სახელმწიფოს თანხა ამ ეტაპზე არის ნული. რაც შეეხება 100 მილიონს, ეს ძვირად ღირებული სუბორდინირებული სესხია, რომელსაც კონსორციუმი მიიღებს პროექტის ფინანსური დახურვის შემდეგ“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

„თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი პროექტში სახელმწიფოს სხვა ვალდებულებებზეც საუბრობს.

„ახლა ისეა წარმოდგენილი, თითქოს ბანკები (ოპიკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და აზიის ინფრასტრუქტურის განვითარების ბანკი) ითხოვენ სახელმწიფო გარანტიას. საკითხი ასე არ დგას. ლაპარაკია ე.წ. ტრაფიკრისკზე, რაც ნიშნავს, რომ პორტის აშენების დროს სახელმწიფოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გაყვანილი რკინიგზა და გზა (პორტი სხვა ინფრასტრუქტურისგან განცალკევებულად არ მუშაობს). სამწუხაროდ, შარშან სამჯერ ან ოთხჯერ ჩავარდა ინფრასტრუქტურის პროექტირების ტენდერი.

ბანკებს ეჭვი ეპარებათ, რომ პორტის მშენებლობის პარალელურად მოესწრება 18 კილომეტრი გზის გაყვანა. ამიტომ ამბობენ, თუ ჩვენ ამ რისკს ვიღებთ, თქვენ აიღეთ ვალდებულება დანარჩენ ინფრასტრუქტურულ რისკებზეო. ლაპარაკია მხოლოდ პროცენტის დაფინანსებაზე და არა მთლიანად 400 მილიონზე. მეორე მხრივ, ყველა კვლევის მიხედვით, ტვირთი იმაზე მეტია, ვიდრე პირველ ფაზას სჭირდება. უბრალოდ, ლაპარაკია პირველ ორ-სამ წელიწადზე, სანამ ბაზარზე ყველაფერი დალაგდება. სწორედ ამას ითხოვენ ბანკები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოლაპარაკების საკითხია“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად გამორიცხავს, რომ დააკავონ, რის შესახებ გარკვეული ინფორმაციები ჯერ კიდევ ზაფხულიდან ვრცელდება, მამუკა ხაზარაძე პასუხობს, რომ "ამ სიტუაციაში არაფერს გამორიცხავს".

ხაზარაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნულზე აპელირება როგორც მასზე, ისე პარტნიორებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობას წარმოადგენს.

„არ არის ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა?! ჩემი პარტნიორები ამას რომ მეკითხებიან, არ არის ეს მათზე ზემოქმედების ბერკეტი?!“, - აღნიშნავს ხაზარაძე.

მისივე შეფასებით, უზარმაზარი სახელმწიფო მანქანის შემოტევის მსხვერპლია.

„დაახლოებით ისეთი მდგომარეობაა, თან გირტყას ადამიანმა და თან გითხრას, ფეხზე რატომ არ დგახარო“, - აღნიშნავს ის.

რაც შეეხება შეკითხვას, "თიბისის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან წასვლის შემდეგ, რამდენად შესაძლოა ანაკლიის კონსორციუმიდანაც გავიდეს, ხაზარაძე პასუხობს: „რას ნიშნავს წავალ? ამხელა პასუხისმგებლობა ავიღე. ხვალ შეიძლება მითხრან, საქართველოდანაც წადიო“.

11-03-2019 10:50
წყარო: ambebi.ge