ჭიაბერაშვილი: "ივანიშვილს ურჩევნია შევარდნაძის პერიოდში ფულნაშოვნი ხალხის წამოწევა პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ სცენაზე"

მამუკა ხაზარაძისა და ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არის როგორც შიდა კორუფციული, ისე გარე ინტერესი, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ სტუმრობისას „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

იხილეთ ვიდეო

ზურაბ ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ შიდა კორუფციული ინტერესები გარკვეულწილად უკავშირდება ვანო ჩხარტიშვილს. დეპუტატმა ამავე კონტექსტში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას ურჩევნია შევარდნაძის პერიოდში კორუფციული გარიგებებით ფულნაშოვნი ხალხის წინ წამოწევა როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სცენაზე.

„არის როგორც შიდა კორუფციული, ისე გარე ინტერესი. შიდა კორუფციულ ინტერესზე თავად მამუკა ხაზარაძე საუბრობს. მე ვგულისხმობ ფოთის პორტს. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, როდესაც დიდი საერთაშორისო კონფერენცია ტარდებოდა თბილისში, ფოთის პორტის ხელმძღვანელობა შეეცადა დაეზიანებინა „ანაკლია“ ისეთი განცხადებებით, რაზედაც მამუკა ხაზარაძემ დაუყოვნებლივ განაცხადა, რომ ფოთი ვერ იქნებოდა ანაკლიის კონკურენტი. ფოთის პორტის უკან დგას ვანო ჩხარტიშვილი, რომელთან გარჩევაც მოაწყო ივანიშვილმა ხაზარაძესთან ერთად.

ჩვენ ზოგადად თუ შევხედავთ, ივანიშვილს ურჩევნია შევარდნაძის პერიოდში კორუფციული გარიგებებით ფულნაშოვნი ხალხის წინ წამოწევა და მათი დომინაცია დღევანდელ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ სცენაზე. გადავხედოთ „ქართულ ოცნებას“ და ჩხარტიშვილის ბიოგრაფიას. დღეს რომ არის ლისის ყოფილ მეპატრონეზე საუბარი, ბაბუამ აჩუქა ეს ლისის ტბა? ხაზარაძის ფულის წარმომავლობა 1992 წლიდან 500 დოლარით რომ ბანკი დაიწყო ყველამ იცის. მაგრამ ვინ არის ეს ხალხი? ბიძინა ივანიშვილი ეყრდნობა პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც იმ ხალხს, ვინც კორუფციული გარიგებებით 90-იან წლებში იშოვა ფული, იმიტომ რომ თვითონაც რუსეთში ასე აქვს ფული ნაშოვნი,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა გარე ფაქტორებზე საუბრისას რუსეთი ახსენა. „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის თქმით, „ანაკლია“ არის დღეს ისეთივე მნიშვნელობის პროექტი საქართველოსთვის, როგორც 90-იანი წლების ბოლოს იყო ნავთობსადენი და გაზსადენი.

„რაც შეეხება საგარეო ფაქტორს, რუსეთისთვის შეიძლება ტვირთის ის მოცულობა, რაც ანაკლიაში უნდა გადმოვიდეს, ძალიან პატარა ფრაქციაა. ეს რუსეთს ეკონომიკურად არაფერს „უშავებს“, მაგრამ ის, რაც საქართველოს აძლიერებს, არის რუსეთის ფედერაციის ინტერესების საწინააღმდეგო, ამიტომ ანაკლია არის დღეს ისეთივე მნიშვნელობის, როგორც 90-იანი წლების ბოლოს იყო ნავთობსადენი და გაზსადენი. ვინც ამ ყველაფერს ხელს უშლის, ეწინააღმდეგება საქართველოს სტრატეგიულ სასიცოცხლო ინტერესებს.

შეიძლება ჩვენი საზოგადოების ნაწილს არ უყვარდეს ბანკი, ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ ბანკზე დგას ეკონომიკა და ეკონომიკაზე ყველას შემოსავალი. თუ ვურტყამთ ბანკებს, ვაჩერებთ ეკონომიკურ ზრდას, ვზრდით უმუშევრობას, ვზრდით ფასებს.

ყველაზე მთავარია, გვესმოდეს, რომ ბანკის ვალს რომ ადამიანი ვერ იხდის და გაბრაზებულია, ეს იმ ორგანიზაციების კი არა, დაბალი ეკონომიკური ზრდისა და კორუფციის ბრალია, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ბრალია,“ - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

11-03-2019 13:47
წყარო: ambebi.ge