მოესწრო ორივე ცოლისა და უფროსი შვილის გარდაცვალებას, გენიალური მონე ხატავდა მაშინაც, როცა კატარაქტის გამო თითქმის დაბრმავდა

ნადარის ფსევდონიმით ცნობილ მხატვარ-ფოტოგრაფ ტურნაშონ ფელიქსის ატელიეს 1874 წლის 15 აპრილის დილას მთელი პარიზი მიაწყდა. გაიხსნა "ფერმწერთა, გრაფიკოსთა, მოქანდაკეთა, გრავიორთა და სხვათა ანონიმური კოოპერაციული საზოგადოების" პირველი გამოფენა.

დამთვალიერებლებს დიდი დრო არ დასჭირვებიათ დებოშის ასატეხად - თანდათან მატულობდა მაყურებლის აღშფოთება, ნერვიული ხარხარი, ავტორთა ლანძღვა, მუქარა და დაცინვა. განსაკუთრებით კლოდ მონესა და პოლ სეზანის სურათებს განაქიქებდნენ. მონეს მომცრო ტილომ, "შთაბეჭდილება. მზის ამოსვლა" (იმპრესსიონ, სოლეილ ლევანტ) ისეთი ცუდი "შთაბეჭდილება" შეუქმნა გესლიან კრიტიკოსებს, რომ დემონსტრაციულად შეუდგნენ სათვალეების წმენდას - ალბათ, სათვალის ბრალია, თორემ მხატვარი ასეთ დათხუპნილ სურათს როგორ გვაჩვენებდაო.

ამით ისარგებლა სენსაციებზე მონადირე ჟურნალისტმა ლუი ლერუამ და მაშინვე ჟურნალ "შარივარში" მონე და მისი მეგობრები "შთაბეჭდილების მხატვრებად" ანუ იმპრესიონისტებად მონათლა.

კლოდ მონეს 'შთაბეჭდილება. მზის ამოსვლა', რომლის მაღალი ხარისხის რეპროდუქცია შეგეძლებთა გაზეთ 'კვირის პალიტრასთან' ერთად 18 მარტიდან შეიძინოთ

ჟურნალისტის ამ ცინიკურმა ტერმინმა საპირისპირო შედეგი გამოიღო: ცინიკური შეფასების მიმართ თავად იმპრესიონისტებს პროტესტი არასდროს გამოუთქვამთ, მხოლოდ დეგა იყო წინააღმდეგი, თუმცა საბოლოოდ ისიც შეურიგდა საყოველთაო აღიარებას. კლოდ მონე კი, ღრმა სიბერეშიც დაბეჯითებით იმეორებდა: "მე ვიყავი და მსურს დავრჩე იმპრესიონისტად... ვიმეორებ, მე იმპრესიონისტი ვარ!"

კლოდ ოსკარ მონე 1840 წლის 14 ნოემბერს პარიზში დაიბადა. 5 წლის იყო, როცა ოჯახი ნორმანდიის ქალაქ ჰავრში დასახლდა. მამამისს საბაყლო მაღაზია ჰქონდა და ძალიან უნდოდა, შვილიც მის გზას გაჰყოლოდა.

კლოდ მონეს ხატვის არაჩვეულებრივი ნიჭი კი ყმაწვილობიდანვე საყოველთაო ყურადღებას იპყრობდა - მწვავე კარიკატურებისა და შარჟების ხატვაში ისე გაიწაფა, რომ მის ნამუშევრებს საკანცელარიო ჯიხურებში ფენდნენ. იხილეთ ვრცლად

11-03-2019 16:18
წყარო: ambebi.ge