"გადაეღოთ, თუ რაღაცას ვყრიდით აივნიდან" - რა განაცხადა მინდია გოგოჭურმა სასამართლო პროცესზე

"გადაეღოთ, თუ რაღაცას ვყრიდით აივნიდან. ამ ბრალში თავს სრულიად უდანაშაულოდ ვთვლი", - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე ყოფილი პრეზიდენტის სიძემ, მინდია გოგოჭურმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ის იმის გამო დააკავეს, რომ გენერალურ პროკურატურაში პოლიციელების მამხილებელი ჩვენება მისცა.

"წელიწადნახევრის წინ სპეცოპერაცია მომიწყვეს, შემდეგ სახლის ჩხრეკა მოხდა, ვერაფერი მართლსაწინააღმდეგო ვერ იპოვეს. შემდეგ ექსპრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ მისი ოჯახის მიმართ მიმდინარეობდა პოლიციელების მხრიდან ზეწოლა, რის შემდეგაც გენერალურ პროკურატურაში დაგვიბარეს მე და ჩემი მეგობრები. სავარაუდოდ, მანდ დავუშვით შეცდომა, რომ ამ პოლიციელების წინააღმდეგ მივეცით ის ჩვენებები, რაც იმ დღეს მართლა მოხდა.

ეს ამბავი დასრულდა თუ არა, უმოკლეს ვადაში ჩემი მეგობრისთვის ნარკოტიკული საშუალების ჩადება მოხდა. სახელებით და გვარებით ვიცი ეს პოლიციელები, ეს პოლიციელები "ბირჟა მაფიას" საქმეშიც იყვნენ. მირზოევი, მოდებაძე, მაისურაძე, მამრაძე, რამდენიმე ადამიანია. ჩემთვის მოხდა იარაღის ჩადება. არცერთ იარაღზე ჩემი დნმ არ აღმოჩენილა. ალბათ, ადამიანს იარაღის დაშლისთვის რაღაც დრო მაინც დასჭირდება.

გადაეღოთ თუ რაღაცას ვყრიდით აივნიდან. ამ ბრალში თავს სრულიად უდანაშაულოდ ვთვლი. მე იმას ვთვლი შეცდომად, რომ ამ პოლიციელებზე გენერალურ პროკურატურაში ჩვენება მივეცი", - განაცხადა გოგოჭურმა.

მინდია გოგოჭურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილებით აქვს წაყენებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვას, გულისხმობს. მას ბრალი ასევე წაყენებული აქვს 376-ე მუხლით, რაც დანაშაულის დაფარვას გულისხმობს.

რაც შეეხება გიორგი რაზმაძეს, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილებით აქვს წაყენებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას, გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ მინდია გოგოჭურს სამართალდამცავებთან პრობლემები აქამდეც ჰქონია. ის სხვადასხვა მიზეზით რამდენჯერმე იყო დაკავებული.

11-03-2019 18:03
წყარო: ambebi.ge