"თანხის მიტანა მთხოვეს, უარის შემდეგ ფიზიკურად გამისწორდნენ" - რას პასუხობს თავდაცვის სამინისტრო წვევამდელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას

წვევამდელი ქაზიმ გახრამანოვი, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურს კრწანისის სასწავლო ცენტრში გადის, სხვა წვევამდელებს თანხის გამოძალვასა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გახრამანოვი ირწმუნება, მას სხვა წვევამდელებმა, თანხის მიტანა სთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ და დაზიანებები მიაყენეს. მისი თქმით, შემთხვევა პარასკევს მოხდა და მას ადგილზე სამედიცინო დახმარებაც კი არ აღმოუჩინეს.

წვევამდელი მშობლებს დღეს დაუკავშირდა და ის სახლში, მარნეულში წაიყვანეს. გახრამანოვის ოჯახის წევრები გამოძიების დაწყებასა და დამნაშავის დასჯას მოითხოვენ.

ქაზიმ გახრამანოვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, წვევამდელზე ქ. კ. განხორციელებული შესაძლო ძალადობისა და თანხის შესაძლო გამოძალვის ფაქტზე სამხედრო პოლიციაში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეებს შორის დამოკიდებულების წესის დარღვევას გულისხმობს.

მოგახსენებთ, რომ სამხედრო პოლიციის მიერ უკვე გამოიკითხა წვევამდელის მიერ დასახელებული სერჟანტი კ.ე. დაცვის უზრუნველყოფის ასეულის მორიგე, რომელიც წვევამდელზე რაიმე სახის ძალადობას კატეგორიულად უარყოფს.

წინასწარი გამოკითხვის შედეგად, აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება. თუმცა, წვევამდელის მიერ გაცხადებული ძალადობის შესაძლო ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ყველა დამნაშავე პირი კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს.

აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. რაც შეეხება წვევამდელს, ის გარკვეული დროის განმავლობაში იმყოფებოდა მარნეულის სამედიცინო დაწესებულებაში, ამ დროისთვის კი მიმდინარეობს მისი გამოკითხვა. ოჯახის წინააღმდეგობის გამო წვევამდელის გამოკითხვის პროცესი ჭიანურდება" - ნათვამია განცხადებაში.

11-03-2019 18:41
წყარო: ambebi.ge