"საქართველოს ბანკის" საქმეზე 20 და 21 წლის ახალგაზრდები დააკავეს - მათ ყა­ჩა­ღო­ბა, პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმა და ადამიანის გატაცება ბრალდებათ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გლდანში „საქართველოს ბანკზე“ 8 მარტს მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნა. დაკავებულები არიან წარსულში ნასამართლევი 20 და 21 წლის ახალგაზრდები, რომელთაც ბრალი რამდენიმე მუხლით წარედგინათ.

შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მამუკა ჭელიძის ინფორმაციით, აღნიშნული პირები ყაჩაღობის, პოლიციელზე თავდასხმის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. ერთ-ერთი დაკავებული 1998 წელს დაბადებული ნ.ქ. წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფია, ასევე, წარსულში ნასამართლევია 1999 წელს დაბადებული კ.გ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული და ნიღბიანი ბრალდებულები გლდანში „საქართველოს ბანკში“ შეიჭრნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფული მოითხოვეს. ბანკის თანამშრომლებმა განგაშის სიგნალით დაცვის პოლიცია გამოიძახეს. ბანკის ფილიალთან მისულ დაცვის პოლიციას თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს. სროლისას არავინ დაშავებულა.

ამასთან, ბრალდებულებმა, ბანკის ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმამდე, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს 2 მოქალაქეს - ახალგაზრდა ქალსა და მამაკაცს და მათი კუთვნილი ავტომანქანა ჩამოართვეს. როგორც გატაცებულების ახლობლებმა პოლიციაში დაკითხვაზე განაცხადეს, გამტაცებლებს ქალი და მამაკაცი მთელი ღამე დაბმული ჰყავდათ:

"მთელი ღამე ტყეში ყოფილან. ბიჭსაც და გოგოსაც ხელ-ფეხი შეკრული ჰქონიათ. ბიჭი მთელი ღამე მანქანაში, საბარგულში ჰყოლიათ გამოკეტილი, გოგო - სალონში. გოგოს უკითხავს, რისთვის გჭირდებითო და გამტაცებლებს უთქვამთ "ხვალ ნახავთო" - განაცხადეს გატაცებულების ახლობლებმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციის ოპერატიული რეაგირების შედეგად, თავდამსხმელები იძულებული გახდნენ მძევლად აყვანილი ორივე მოქალაქე გაეთავისუფლებინათ და შემთხვევის ადგილიდან გატაცებული ავტომანქანით მიიმალნენ.

პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო გატაცებული ავტომანქანა, რომელიც ბრალდებულებმა კვალის დაფარვის მიზნით დაწვეს.

დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. დადგენილია დანაშაულში მონაწილე მესამე პირიც და მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ პუნქტებით, 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.

12-03-2019 11:10
წყარო: ambebi.ge