"ბუნჩულა ბავშვი გადაიქცა მონსტრად..." - კომპიუტერული თამაშებით შეწუხებული მშობლები და ფსიქოლოგის რჩევები

"როგორ მოვაშორო ბავშვი გაჯეტებს? როგორ მოვაშორო ლეპტოპს, რობლოქსს? მეცადინეობაც უხაროდა ადრე, თამაშიც, გარეთ გასვლაც... აღარაფერი აღარ უნდა. მეცადინეობს - თამაშზე ფიქრობს, იძინებს - მაგაზე ფიქრობს, ყველაფერს აკეთებს იმიტომ, რომ იცის, მერე ლეპტოპთან გაიქცევა... ბუნჩულა ბავშვი გადაიქცა მონსტრად... საერთოდ აღარაფერი არ უნდა, მხოლოდ ლეპტოპი! რა გავაკეთო?" - ეს ერთ-ერთი მშობლის წუხილია სოციალურ ქსელში და მასში ალბათ ბევრი თქვენგანი ამოიცნობს საკუთარ თავს...

ციფრული ტექნოლოგიების ეპოქა მშობლებისთვის ახალი და თითქმის დაუძლეველი გამოწვევა გახდა - კომპიუტერული თამაშების სამყაროსთან დაპირისპირებაში მშობლები სულ უფრო ხშირად მარცხდებიან, ბავშვები კი სულ უფრო აქტიურად ხდებიან ამ სამყაროს ნაწილნი, რაც გარკვეულწილად რეალობისთან მათ გათიშვას, ნაკლებ ყურადღებასა და მეტ გაღიზიანებადობას იწვევს.

თამაშები, რომლებმაც შესაძლოა ბავშვის ყურადღება მიიპყროს, უსასრულოდ ბევრია, თუმცა ქართულ ინტერნეტსივრცეში მშობლები ძირითადად ორ ვიდეოთამაშს - "რობლოქსსა" და "მაინკრაფტს" ასახელებენ.

AMBEBI.GE დაინტერესდა, როგორი გამოხმაურება აქვს ამ ვიდეოთამაშებს ინტერნეტში.

„რობლოქსი უფრო მეტია ვიდრე გასართობი პლატფორმა. ეს ყოვლისმომცველი საგანმანათლებლო ხელსაწყოა, სადაც კრეატიულობისა და წარმოსახვის განვითარების შესაძლებლობა შეუზღუდავია“ - ასეთი გამოხმაურება აქვს "რობლოქსს" ინტერნეტში.

დაახლოებით ასევე ახასიათებენ მომხმარებლები, მეორე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თამაშს "მაინკრაფტს".

"მშობლები ხშირად კითხულობენ: არის თუ არა მაინკრაფტი ცუდი ბავშვებისთვის? პასუხია - არა! ეს იმ მცირე რაოდენობის თამაშებს განეკუთვნება რომელიც ვიდეოთამაშის გასართობ მხარეს ისეთი მნიშვნელოვანი უნარების ზრდასა და განვითარებასთან აკავშირებს, როგორიც კრიტიკული აზროვნებაა“ - ნათქვამია "მაინკრაფტის" შესახებ.

რა გავლენას ახდენს კომპიუტერული თამაშები ბავშვის ჯანმრთელობაზე და ფსიქიკაზე - ამ საკითხზე სასაუბროდ AMBEBI.GE-მ ფსიქოლოგ თიკო ესებუას მიმართა.

- ძირითადად, ბავშვი გარემო ფაქტორების მიმართ ხდება უყურადღებო და დაბნეული იმიტომ რომ, თამაშზე არის ორიენტირებული. კიდევ ერთი უარყოფითი, რაც თამაშებს შეიძლება მოჰყვეს, არის ფრუსტრაცია. ანუ ბავშვი წარმატებას ვერ აღწევს თამაშში, არადა ამ მომენტში მისი სამყარო ის არის, და შეიძლება ჩამოუყალიბდეს განცდა, რომ ცხოვრებაშიც ასეთი წარუმატებელი იქნება.

ეს სწავლაზეც ახდენს გავლენას - ერთი ის, რომ მთელი ყურადღება თამაშზე აქვს გადატანილი, როდის მივა სახლში, როდის ჩართავს კომპიუტერს. მეორე ის, რომ თუ აქ ვერ აღწევს წარმატებას, შეიძლება ჩათვალოს რომ სოციუმშიც, კლასშიც, აკადემიურ მოსწრებაშიც, სწავლაშიც შეიძლება ვერ მიაღწიოს წარმატებას.

შეიძლება იყოს ბავშვი ნიჭიერი, მაგრამ ეს მის ქვეცნობიერზე იმდენად მოქმედებს, ითრგუნება და ეს ათვისების უნარს ბლოკავს. თუ აღწევს წარმატებას კომპიუტერულ თამაშში, ესეც შეიძლება ორგვარად მოქმედებდეს, თუ აღწევს წარმატებას ინტელექტუალურ, დადებითი ტიპის თამაშებში წარმატებას, მაშინ უფრო მეტად მოტივირებული ხდება, ხოლო თუ წარმატებას აღწევს აგრესიული ტიპის თამაშებში, მაშინ ეს მის აგრესიას კიდევ უფრო მეტად ამყარებს" - განმარტავს ფსიქოლოგი.

ბავშვი ფაქტობრივად პარალელურ სამყაროში ცხოვრობს. 13 წლისაა. აქვს ჭარბი წონა, გარკვეული კომპლექსებიც. არ ჰყავს რეალური მეგობრები, მხოლოდ კომპიუტერული, ვისაც არც კი იცნობს. დილით 5 საათზე დგება და თამაშს იწყებს - წერს კიდევ ერთი მშობელი სოციალურ ქსელში...

ფსიქოლოგის თქმით, ყველანაირი თამაში იწვევს მიჯაჭვულობას და არა მხოლოდ ბავშვებში, არამედ ზრდასრულებშიც.

"პირველ რიგში, მიჯაჭვულობას იწვევს იმიტომ, რომ საკუთარი თავის რეალიზებას ახდენენ იქ, რაღაცას განაგებენ. შემდეგ უკვე აუცილებლად გადადის ეს ყველაფერი აგრესიაში იმის მიხედვით, თუ რა ტიპის თამაშს თამაშობენ. თუ არის ეს ისეთი ტიპის თამაშები, სადაც ვიღაც უნდა მოკლა და გაიმარჯვო, თავისთავად ეს ქვეცნობიერად იწვევს აგრესიას.

ვთქვათ, თამაში არის ასე აგებული - ვინმე უნდა მოკლა და სანაცვლოდ მიიღო ჯილდო, ამ შემთხვევაში ქულა ან შემდეგ ტურში გადასვლა, რაც წარმატების მიღწევასთან ასოცირდება და ქვეცნობიერში ეს უარყოფითად ილექება - რადიკალურად ცუდი საქციელი, როგორიც არის ვიღაცის მკვლელობა, განაპირობებს ჯილდოს მიღებას. აქედან გამომდინარე, მზაობა უარყოფითისკენ ბავშვში თავისთავად ჩნდება" - ამბობს ფსიქოლოგი და განმარტავს, რომ ნებისმიერი სახის თამაში, დაძაბულობას იწვევს, რადგან მან არ იცის შეძლებს თუ არა წარმატების მიღწევას.

კომპიუტერული თამაშების შვილებზე გავლენით შეწუხებული მშობლები იმაზეც წუხან, რომ ბავშვებს სხვა აგრესიულ გამოვლინებებთან ერთად, შფოთიანი ძილი ახასიათებთ. ფსიქოლოგის თქმით, ასეთ დროს ტვინი დასვენებას ვერ ახერხებს, რაც ბავშვში კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას იწვევს, ამიტომ მშობლებს უჩევს, ბავშვებს ძილის წინ თამაშის საშუალება არ მისცენ.

თუმცა, აქ ისმის ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე რთული კითხვა - როგორ მოვწყვიტოთ ბავშვები კომპიუტერულ თამაშებს ?

"ჩემი ბავშვი ჩაციკლულია რობლოქსზე (გლობალური სათამაშო პლატფორმა, ონლაინ-თამაში, რომელიც საშუალებას აძლევს მოთამაშეს შექმნას საკუთარი თამაში, ან ითამაშოს სხვა მომხმარებლების მიერ შექმნილი კომპიუტერული თამაშებით. პლატფორმა საშუალებას აძლევს მოთამაშეს ლეგოს მსგავსი ვირტუალური ბლოკებით ითამაშოს, ავტ.) ძალიან გვიჭირს ლეპტოპის ბოლომდე აკრძალვა, მაგრამ მგონი, ბოლოს ეგ მოგვიწევს" - კიდევ ერთი მშობლის პოზიციას ფსიქოლოგი თიკო ესებუა ბოლომდე არ იზიარებს და ამბობს, რომ აკრძალვა უფრო მეტად აღვივებს და ამყარებს უკვე არსებულ ინტერესს.

"ალბათ, ჯობს, რომ ჩვენც ვიმოქმედოთ ქვეცნობიერზე ანუ მშობელმა შეისწავლოს თამაში ბავშვისგან შეუმჩნევლად და გაიგოს, რა ტიპის თამაშებს თამაშობს ის. შემდეგ კი თამაშში განვითარებული სიუჟეტი რეალურ ცხოვრებას მოარგოს და ბავშვს მოუყვეს ცხოვრებისეულ ამბად და ამასთანავე გაუსვას ხაზი, რომ ეს ისტორია კარგად არ დასრულდა. ეს ძალიან ტექნიკურად უნდა მოახერხოს მშობელმა, რადგან, როგორც თამაში მოქმედებს ქვეცნობიერად ბავშვზე, ჩვენც ისე უნდა ვიმოქმედოთ.

თუ პირდაპირ დავუწყებთ აკრძალვას, პირიქით, უფრო მეტად გამყარდება ინტერესი და შეიძლება გაღვივდეს კიდეც, რადგან აკრძალვა ყოველთვის იწვევს ინტერესს. ამიტომ, უმჯობესია ქვეცნობიერ ზეგავლენას ისევ ქვეცნობიერი ზეგავლენით ვებრძოლოთ. ამის პარალელურად შეგვიძლია რეკომენდაცია გავუწიოთ ინტელექტუალური ტიპის თამაშებს" - ურჩევს მშობლებს ფსიქოლოგი.

12-03-2019 11:41
წყარო: ambebi.ge