"ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სინამდვილეში სიხარულიძეა" - რაზე საუბრობენ სამეფო ოჯახის წარმომადგნლების ადვოკატები

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხაიძე აცხადებს, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ დაწყებულ სასამართლო დავას ვერ მოიგებს.

ადვოკატის თქმით, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახი ბაგრატიონების შტოს წარმომადგენლები არ არიან, ახლა კი ამ სასამართლო დავით, სახელმწიფოსგან აღიარებას ითხოვენ.

„დავის დაწყების მიზანი ის არის, რომ არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახს, რომ ისინი არიან ბაგრატიონები. სასამართლოს გზით ცდილობენ მიიღონ სახელმწიფოსგან აღიარება. მათი პოზიცია ძალიან სუსტია. ჩვენ, რა თქმა უნდა, განწყობილი ვართ ოპტიმისტურად და ამ პროცესს მოვიგებთ", - განაცხადა ადვოკატმა ლევან ჩხაიძემ სასამართლო სხდომის დაწყებამდე.

ლევან ჩხეიძის თქმით, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სინამდვილეში სიხარულიძეა. "ქრონიკის" კითხვაზე, რა შედეგით დასრულდა საპატრიარქოს ინიციატივით ჩატარებული დეენემ კვლევა, რომელიც ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის ჩაუტარდა, დავით ბაგრატიონ-მუხრანრლის დვოკატმა განაცხადა, რომ ამ კვლევის შედეგების მიხედვით, გრუზინსკი არის სიხარულიძე და არა ბაგრატიონი.

"ახლა წავიდნენ და სადაც უნდათ იქ მიჩივლონ", - განაცხადა ლევან ჩხეიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ბაგრატიონ-მუხრანელისა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ყოფილი მეუღლე სამეფო ოჯახის სახელს ბოროტად იყენებს და ჯილდოებს ბაგრატიონების სახელით უკანონოდ არიგებს.

როგორც სხდომის დაწყებამდე ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა ლევან გორელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი არაკეთილსინდისიერი ქმედება დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა გამოავლინა 2017 წელს, როდესაც „დეილი მეილის" ჟურნალისტმა სამეფო ჯილდოს გადაცემის სანაცვლოდ მას 3000 ფუნტი შესთავაზა, რასაც დავით ბაგრატიონი დათანხმდა. ადვოკატის თქმით, გამოცემის ეს სტატია საქმეში მტკიცებულებად დევს.

ადვოკატის თქმით, სასამართლო დავის დაწყებით, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახის მოთხოვნის საგანი არის ის, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს აეკრძალოს საქართველოს სამეფო სახლის სახელის გამოყენება მესამე პირებთან ურთიერთობაში.

„დღეის მდგომარეობით, მტკიცებულებების სახით გვაქვს პრესაში გავრცელებული ის ინფორმაცია, რომლითაც „დეილი მეილის" ჟურნალისტის მხრიდან ჩატარდა ჟურნალისტური ექსპერიმენტი, როდესაც სატელეფონი შეთავაზებისას დავით ბაგრატიონ-მუხრანელი კონკრეტული თანხის სანაცვლოდ დათანხმდა ამ ორდენის გადაცემას. ეს არის ერთული შემთხვევა, რომელიც გამოვლინდა, თუმცა ჩვენთვის ცნობილია სხვა შემთხვევების შესახებაც, როდესაც აღნიშნულს ადგილი ჰქონდა დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხრიდან. ამ საქმეში ეს არის ძალიან ვიწრო ნაწილი. იგი თავის თავს უწოდებს საქართველოს სამეფო სახლის მეთაურს. მას აღნიშნული ინფორმაცია თავის საიტზე აქვს მითითებული და ეს არის ის ძირითადი საკითხი, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით. ჩვენი მიზანია ის, რომ მომავალში არ მოხდეს მსგავი რამ. ამისთვის ვიბრძვით“, - განაცხადა ადვოკატმა.

12-03-2019 15:54
წყარო: ambebi.ge