აბიტურიენტი გამოცდების ეროვნულ ცენტრს ქულების დაკლებაში ადანაშაულებს - რა საქმეს განიხილავს სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლო აბიტურიენტსა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს შორის სასამართლო დავას განიხილავს. საქმე ეხება 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს. 21 წლის მარიამი, რომელიც მაშინ აბიტურიენტი იყო, მიიჩნევს, რომ მისი ნაშრომები არასწორად, უსამართლოდ შეაფასეს. იგი ქულების მომატებასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. გოგონა უკვე სტუდენტია, თუმცა თვლის, რომ მისი ნაშრომების არასწორად გასწორების გამო, სასურველ ფაკულტეტზე ვერ მოხვდა.

კერძოდ, სტუდენტი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს ბრალს სდებს იმაში, რომ მისი ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ინგლისური ენის ნაშრომები არაობიექტურად იყო გასწორებული და მას ქულები მიზანმიმართულად დააკლეს. მოსარჩელეს დედა, რომელიც თავადაც განათლების სიტემაში მუშაობს და პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა, AMBEBI.GE-სთან იმ გარემოებებზე საუბრობს, რომელთა გამოც ოჯახმა სასამართლოს მიმართა.

როგორც თამარ ბაკურაძე AMBEBI.GE-ს უამბობს, მან სასამართლოს გადასცა აღნიშნული ნაშრომების ალტერნატიული, ექსპერტული შეფასება (ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის არ.ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ გაცემული დასკვნა და ინგლისელი ენათმეცნიერებათა დოქტორის, თომას ვიერის წერილი) რომლითაც დასტურდება, რომ მისი შვილის ნაშრომები არასწორად იყო გასწორებული.

ეს დოკუმენტები მან AMBEBI.GE-საც წარუდგინა.

"პირადი გამოცდილება რომ არა, ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ეროვნული გამოცდები არ იყო სამართლიანი, გამჭვირვალე. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ მინიმუმ ინგლისურისა და ქართულის კომისიების წევრები მაღალი რანგის პროფესიონალები არ არიან, რაზეც მეტყველებს ჩემ მიერ გამოვლენილი შეცდომები ტესტების დავალებებსა და თავად პირობებში.

ჩემთვის გამაოგნებელია ის რომ, კონკრეტულ გაპროტესტებულ საკითხზე, პასუხს ინგლისური ენის კომისია სტატისტიკური მონაცემებით ასაბუთებს. მაგალითად, თურმე იმას, რომ ნიმუშად დადებულ, კონკრეტული სტუდენტის მიერ შესრულებულ და უმაღლესი ქულით შეფასებულ წერილის დავალებაში შეცდომა არ არის, ადასტურებს ის, რომ ის სტუდენტთა 34 %-მა შეასრულა. გამსწორებლების არაკომპეტენტურობაზე თავისთავად მეტყველებს აპელაციების დაკმაყოფილების ძალზე მაღალი მონაცემიც - ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შემთხვევაში ყოველ მეოთხე აპელანტს შედეგი ეცვლება. ჩემი შვილის შემთხვევაში კი ერთ-ერთი კრიტერიუმის ნულოვანი შეფასება 2-ქულიანით შეიცვალა - მაშინ, როცა ნაშრომებს მინიმუმ 2, ხშირად კი 3, გამსწორებელი ასწორებს.

თუმცა, რა პროფესიონალიზმი უნდა მოსთხოვო გამსწორებელს, რომელსაც 1 ლარსაც არ უხდიან თითო ნაშრომის გასწორებაში? რაც მთავარია, არც ცენტრი და არც სამინისტრო არ დაინტერესებულა, რეალურად განეხილა ჩემ მიერ მითითებული საკითხები, ამგვარი ნიჰილისტური დამოკიდებულების შედეგია ალბათ ის გაუმჭვირვალობაც, რაც ცენტრს დაკანონებულიც კი აქვს: შეფასებებისა და შედეგების პროცედურები სრულიად დახურულია - მათ ვერავინ ვერანაირად გააკონტროლებს, რა პირად ინფორმაციაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, როცა გამოცდები კონკურსია?" - აღნიშნა თამარ ბაკურაძემ AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

მოსარჩელე მხარის უფლებებს ადვოკატი ეკა ლომიძე იცავს. იგი მიიჩნევს, რომ გამოცდებისა და შეფასების ეროვნულმა ცენტრმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის კონსტიტუციით გარანტირებული განათლების უფლება დაარღვია:

"ეს საქმე ადასტურებს, რომ სტუდენტის შეფასებისას განსხვავებული მიდგომა არსებობს ერთი და იმავე დავალების სისწორესთან დაკავშირებით. აქ კი სახეზე გვაქვს სხვადასხვა კომპეტენტურ პირთა მიერ სხვადასხვანაირად გასწორებული ნაშრომი. ასეთ შემთხვევაში თავად ცენტრიც უნდა იყოს დაინტერესებული, რომ სტუდენტს არ დარჩეს უსამართლობის განცდა და შეფასდეს მინიმუმ სხვა, მოწვეული ექსპერტების მიერ ნაშრომი, რაც არ მომხდარა" - ამბობს ეკა ლომიძე.

ადვოკატის თქმით, განათლების სამინისტრომ თავი აარიდა საკუთარი მოვალეობის შესრულებას და საქმესთან მიმართებაში ზერელე დამოკიდებულება გამოავლინა.

"სტუდენტმა საჩივრით მიმართა ცენტრის ზემდგომ ორგანოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელმაც საჩივარი არ გამოიკვლია და ისევ გამოცდების ცენტრს გადაუგზავნა... სწორედ სამინისტროა ის ორგანო, რომელიც ამტკიცებს აღნიშნული ცენტრის საპრეტენზიო კომისიების შემადგენლობას და პასუხისმგებელია მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, რაც უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს კონკრეტული პრეტენზიების არსებობისას. მან უნდა გააკონტროლოს, თუ რამდენად კანონშესაბამისია კომისიის გადაწყვეტილება და ხომ არ აქვს ადგილი ცენტრის მიერ სტუდენტის ნაშრომის გასწორებისას არაკომპეტენტურ ან უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას" - აღნიშნა ეკა ლომიძემ.

AMBEBI.GE დაუკავშირდა გამოცდების ეროვნულ ცენტრს და ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით შეფასების გაკეთება სთხოვა. უწყებაში განგვიცხადეს, რომ აღნიშნულ საკითხზე კომენტარს სასამართლო პროცესების დასრულების შემდეგ გააკეთებენ:

„ეს არის აბიტურიენტის უფლება, რომ გაასაჩივროს მიღებული შედეგი. სწორედ ამიტომ არსებობს სააპელაციო პროცესი ანუ პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, აბიტურიენტს კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში აქვს შესაძლებლობა გაასაჩივროს არა მხოლოდ კონკრეტული დავალების, არამედ მთლიანი ტესტის შეფასება. სააპელაციო კომისია იხილავს თითოეულ ასეთ განაცხადს. აბიტურიენტს კანონით აქვს მინიჭებული უფლება მიმართოს სასამართლოს და ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საკუთარ პოზიციას გამოხატავს სასამართლო პროცესზე" - განუმარტეს AMBEBI.GE-ს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის წერილში.

13-03-2019 12:37
წყარო: ambebi.ge